ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი, არეულობები (ირლ. Na Trioblóidí) — 1968 წლიდან 1998 წლამდე მიმდინარე ეთნო-ნაციონალური[1][2][3][4] დაპირისპირება ჩრდილო ირლანდიელ პროტესტანტ უნიონისტებს (ლოიალისტები - დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეები) და კათოლიკე ნაციონალისტებს (რესპუბლიკელები - ჩრდ. ირლანდიის ირლანდიასთან შეერთების მომხრეები) შორის. კონფლიქტის სხვა მნიშვნელოვანი მოაწილეები იყვნენ ბრიტანული არმია, ოლსტერის სამეფო პოლიცია (RUC) და ოლსტერის თავდაცვის პოლკი (UDR – 1992 წლიდან ირლანდიის სამეფო პოლკი), რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, უმეტესწილად დამოუკიდებლობისთვის პარტიზანულად მებრძოლ ნაციონალისტურ ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასა (IRA) და უნიონისტთა პარამილიტარულ ძალებს შორის, რომლებიც რესპუბლიკური არმიის ქმედებებს ტერორისტულად მიიჩნევდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება ხასიათდებოდა ქუჩის შეტაკებების, აფეთქებების, სნაიპერის მეშვეობით თავდასხმების, გზების ჩახერგვის და უკანონო დაკავებების მეთოდებით. დაპირისპირება რეალურად, სამოქალაქო ომი იყო, თუმცა მას ოფიციალურად დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს უწოდებენ. კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებამდე 3600 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 000-ზე მეტი დაშავდა. შეთანხმება 1998 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის მოხდა, რის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლობით ასამბლეაში, ე. წ. სტორმონტში, ძალაუფლების განაწილება გადაწყდა.

კონფლიქტის საფუძვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეულობების ისტორია პრაქტიკულად, იმეორებს ირლანდიის ისტორიას და სათავეს იღებს კუნძულზე ჯერ კიდევ XII საუკუნის პირველი ბრიტანული-ანგლო-ნორმანული ინტერვენციიდან, რომლის შედეგადაც კუნძულზე მოსულთა ნაწილი დარჩა და შემდგომში მათ „ძველი ინგლისელები“ ეწოდათ. მომდევნო რვა საუკუნის განმავლობაში ირლანდიაზე ინგლისი, ხოლო შემდგომ დიდი ბრიტანეთი დომინირებდა. კოლონიზატორმა ბრიტანელმა მიწათმფლობელებმა ადგილობრივი მიწათმფლობელები ჩაანაცვლეს. ეს ჩანაცვლება ყველაზე თვალსაჩინო ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, ოლსტერში განხორციელდა, სადაც ბრიტანელ მოიჯარეებთან ერთად, შოტლანდიელი მოიჯარეებიც დასახლდნენ. შედეგად, ირლანდიის ისტორია გადაიქცა ადგილობრივი კათოლიკე უმრავლესობის ემანსიპატორულ ბრძოლად მოსული პროტესტანტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი, ოლსტერში, სადაც პროტესტანტები ადგილობრივ ირლანდიელებს რაოდენობრივად ჭარბობდნენ. ბრიტანელ და შოტლანდიელ მოსახლეებს ადგლიბროვებთან ასიმილაცია არ განუცდიათ. პირიქით, ისინი ინარჩუნებდნენ ბრიტანულ იდენტობას და სამეფო სახლის მიმართ ერთგულებას.

ჩრდილოეთ ირლანდიის შექმნა და კათოლიკური პროტესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში, ოლსტერის ცხრა რაიონიდან ოთხში — ენთრიმი, დაუნი, ერმა და ლონდონდერი — პროტესტანტი ლოიალისტები ჭარბობდნენ, ორში -— ფერმანა და ტიროუნი — კათოლიკე ნაციონალისტები მცირე ოდენობით მეტი იყვნენ, ხოლო სამში — დონეგალი, კავანი და მონაჰანი — კათოლიკეებს მნიშვნელოვანი უმრავლესობა ჰქონდათ. 1920 წელს, როდესაც ირლანდიის დამოუკიდებლობის ბრძოლა მიმდინარეობდა, ბრიტანულმა პარლამენტმა ოლსტერის ლოიალისტების თხოვნა გაითვალისწინა და გამოცა ირლანდიის მმართველობის აქტი, რის მიხედვითაც, კუნძული ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ ირლანდია ლოიალისტთა ოთხი რაიონის და ფერმანასა და თაირონისგან შეიქმნა. დანარჩენი სამი რაიონი ირლანდიის დანარჩენ 23 რაიონს შეუერთდა. ანგლო-ირლანდიური შეთანხმებით, რომელმაც დაასრულა ირლანდიის დამოუკიდებლობის ბრძოლა, შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო, ხოლო მის ჩრდილოეთ ნაწილს არჩევანის უფლება დაუტოვეს გადაეწყვიტა საკუთარი სუვერენის ბედი. მათ ბრიტანული მმართველობა ამჯობინეს.

1922 წლიდან, ჩრდილოეთ ირლანდიის თვითმმართველი რეგიონის 2/3 (მილიონი მოსახლე) პროტესტანტი, ხოლო 1/3 (ნახევარი მილიონი მოსახლე) კათოლიკე იყო. კუნძულის გაყოფამდე ბელფასტის გემთმშენებლობა კუნძლიდან მუშახელს იზიდავდა, გაყოფის შემდეგ სამუშაო უმეტესწილად პროტესტანტებს ერგო, თუმცა კათოლიკეები ჯერ კიდევ რჩებონდნენ მუშებად. ლოიალისტთა პოლიტიკურ წარმომადგენელს, ოლსტერის უნიონისტთა პარტიას (UUP) მმართველობის პრობლემა რომ არ შექმნოდა, ჩრდილოეთ ირლანდიის საარჩევნო ოლქები ისე დაიყო, რომ კათოლიკეთა წარმომადგენლობა მაქსიმალურად მინიმიზირდა. კათოლიკეები აპროტესტებდნენ, რომ ისინი განიცდიდნენ დისკრიმინაციას საბინაო პოლიტიკების, საჯარო სამსახურში დასაქმების და სამთავრობო ხარჯების კუთხით. ასევე, ისინი ხშირად განიცდიდნენ პოლიციისგან შეურაცხყოფას, რომელთა კორპუსი სრულად პროტესტანტებისგან შედგებოდა.

ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტს უმნიშვნელო რელიგიური საფუძვლები აქვს, ის უმეტესწილად კულტურული და პოლიტიკური განსხვავებებითაა განპირობებული. ჩრდილოეთ ირლანდიაში ირლანდიის ისტორია და ირლანდიური ენა სკოლებში არ ისწავლებოდა, ასევე აკრძალული იყო ირლანდიის რესპუბლიკის დროშა, 1956-1974 წლებში კი, ირლანდიელ რესპუბლიკელთა პარტია შინ ფეინი. კათოლიკეები თავს ირლანდიელებად თვლიდნენ და ირლანდიის სახელმწიფოსთან შეერთება სურდათ. პროტესტანტები თავს ბრიტანელებად მიიჩნევდნენ და ეშინოდათ კულტურული და პოლიტიკური დომინაციის დაკარგვის. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, კუნძულის გაყოფიდან 40 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიაში უნიონისტთა დომინანტური სტატუსი სტაბილური იყო.

სამოქალაქო აქტივიზმი, ბოგსაიდის შეტაკება და ბრიტანული არმიის შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნიონისტთა პარტიის პოლიტიკების საპირისპიროდ, რომლებიც კათოლიკეებს გარკვეულ შესაძლებლობებს უზღუდავდა, 1947 წელს მიღებული განათლების აქტი ქვეყნის ყველა მოსახლისთვის განვითარების საშუალებას იძლეოდა. 1960-იანი წლებისთვის განათლება მიღებულ ირალანდიელ კათოლიკეებს კიდევ უფრო თანასწორი უფლებების მიღების სურვილი გაუჩნდათ. როდესაც ევროპაში პოლიტიკური აქტივიზმი აქტიურდებოდა - 1968 წლის პარიზის გამოსვლები და პრაღის გაზაფხული - ასევე, აშშ-ში აფრო-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა თავის პიკში იყო, ჩრდილოეთ ირლანდიაში აქტივისტებმა, ჯონ იუმმა და ბერნადეტ დევლინმა ჩამოაყალიბეს ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო უფლებათა ასოციცია (NICRA).

ჩრდილო ირლანდიური კონფლიქტის დასაწყისად მიიჩნევა 1968 წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ დერიში, ასოციაციის მიერ გამართული მარში საარჩევნო ოლქების უსამართლოდ დაყოფის გასაპროტესტებლად. მარში აიკრძალა, ხოლო უნიონისტებმა კონტრდემონსტრაცია დააანონსეს. თუმცა ასოციაციამ მარშის გამართვა მაინც გადაწყვიტა. ქუჩებში დაწყებული არეულობა ოლსტერის სამეფო პოლიციამ ხელკეტებითა და წყლის ჭავლით დაშალა.

მსგავსი ფაქტი მოხდა 1969 წლის 12 აგვისტოს, ლონდონდერიში. ორდღიანი არეულობა ბოგსაიდის შეტაკებებით გახდა ცნობილი, რომელმაც ნაციონალისტებსა და ოლსტერის სამეფო პოლიციას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდა. არეულობები გაგრძელდა ბელფასტში, რამაც უკვე ბრიტანული არმიის ჩარევა გამოიწვია. ამის შემდეგ, ძალადობრივი კონფრონტაცია მხოლოდ იზრდებოდა და ე. წ. არეულობები კიდევ უფრო გაახშირდა.

ირლანდიის რესპუბლიკური არმიისა და ლოიალისტთა პარამილიტარისტების დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ბრიტანულ არმიას ნაციონალისტები ოლსტერის სამეფო პოლიციისგან საკუთარ დამცველად მოიაზრებდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც არმიამ რესპუბლიკელ ნაციონალისტთა განიარაღება დაიწყო, გაირკვა რომ იგი მათი მორიგი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. ამ პროცესში, ირლანდიის რესპუბლიკური არმია (IRA) ნაციონალისტთა ინტერესების დამცველად ფორმირდა. 1956-1962 წლებში, ორგანიზაცია ირლანდიიდან არაეფექტურ პარტიზანულ დახმარებას უწევდა ნაციონალისტებს. 1960-იანების დასაწყისიდან, მან ჩრდილოეთის მიმართულებით ყურადღება შეასუსტა და მარქსისტულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გადაერთო. შედეგად, ორგანიზაციას გამოეყო წევრების ნაწილი (Provos), რომლებიც მზად იყვნენ ძალის გამოყენებით მოეხდინათ გაყოფილი ირლანდიის უნიფიკაცია. Provo-ებს მიაჩნდათ, რომ მათი ბრძოლა ირლანდიის დამოუკიდებლობის ბრძოლის გაგრძელება იყო. მათ ფინანსურად ამერიკაში არსებული ირლანდიური დიასპორა უზრუნველყოფდა, ხოლო პარტიზანული თავდასხმებისთვის იარაღს ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი აწვდიდა.

დაკავება, „მშვიდობის კედლები“ და „სისხლიანი კვირა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალისტთა პროტესტის გასანელებლად, ხელისუფლებამ შეცვალა საარჩევნო ოლქების უსამართლოდ დაყოფა, ასევე, საბინაო და საჯარო სამსახურში დასაქმების კუთხით დისკრიმინაცია. ამასთანავე, ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობამ შემოიღო მკაცრი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის უაპელაციო დაკავებები. დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაციონალისტი იყო.

მიღებული ზომების მიუხედავად, 1970-იანი წლების დასაწყისიდან ბელფასტსა და დერიში დაპირისპირებული ორივე მხრისგან გახშირდა ძალადობრივი თავდასხმები და შესაბამისად, მსხვერპლი. მავთულხლართები, რომლებიც ბრიტანელმა ჯარისკაცებმა რელიგიური ჯგუფების დასაშორიშორებლად გაავლო, თანდათანობით აგურის და რკინის „მშვიდობის კედლებმა“ ჩაანაცვლეს, რომელთა სიმაღლე ზოგჯერ 14 მეტრს აღწევდა.

კონფლიქტის ესკალაციის ახალი ტალღა 1972 წლის 30 იანვარს დაიწყო, როდესაც ბრიტანელმა სამხედროებმა ლონდონდერიში კათოლიკეთა დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, 13 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა. ინციდენტს „სისხლიანი პარასკევი“ ეწოდა და Provo-ებს საშუალება მისცა გაეაქტიურებინათ მებრძოლთა რეკრუტირება. აღნიშნული მოვლენა შემდგომში დავის საგანი გახდა, თუ რომელმა მხარემ გახსნა პირველად ცეცხლი. 2010 წლის გამოძიების დასკვნის მიხედვით, დაღუპულთაგან ბრიტანელ სამხედროებს საფრთხეს არცერთი არ უქმნიდა და მათ მიერ გახსნილი ცეცხლი გაუმართლებელი იყო. შემდგომ უკვე, ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კამერონმა ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.

ჯამში, 1972 წელს ჩრდილო ირლანდიურმა კონფლიქტმა 480 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალ მსხვერპლიანი წელი გამოდგა. დაღუპულთანგან 100 ბრიტანელი ჯარისკაცი იყო, რაც IRA-ს გააქტიურებამ გამოიწვია. წლის ბოლოს, არეულობების დასამშვიდებლად, ბრიტანეთის მთავრობამ დროებით შეაჩერა ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტის უფლებამოსილება და ვესტმინსტერმა ტერიტორიაზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა.

1970-იანების შუა პერიოდიდან IRA-მ ბრძოლის მეთოდები შეცვალა და ბრიტანულ არმიასთან პირდაპირ შეტაკებებს ფარული ოპერაციები არჩია, მათ შორის, თავად ბრიტანეთის ტერიტორიაზე აფეთქებების მოწყობა. ბრიტანეთმა ამგვარი ცვლილება „აჯანყებიდან“ „ტერორიზმზე“ გადასვლად შეაფასა. საპასუხოდ, ლოიალისტებმა მსგავსი აფეთქებები მოაწყვეს ირლანდიის ტერიტორიაზე. 1974-1976 წლებში, დაპირისპირებას 370 კათოლიკე, ხოლო 88 პროტესტანტი ემსხვერპლა.

სანინგდეილის შეთანხმება, შიმშილობა და ბობი დენსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წლის სანინგდეილის შეთანხმებამ კონფლიქტის გადაჭრაში იმედი გააჩინა. შეთანხმებამ შექმნა ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში პროპორციული წარმომადგენლობა და ასევე, ირლანდიის საბჭო, სადაც ირლანდიას ეძლეოდა გარკვეული ზედამხედველის როლი ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველობაში.

პოლიტიკური ძალაუფლების შესუსტებითა და ირლანდიის ჩარევის უფლებით იმედგაცრუებულმა ლოიალისტებმა შიმშილობა დაიწყეს, რამაც ჩრდილოეთ ირლანდიის პარალიზება გამოიწვია. ლონდომა კვლავ აღადგინა ცენტრალური მმართველობა და შემდგომი 25 წელის ასეთი სტატუს-კვო შენარჩუნდა.

ათწლეულის ბოლომდე ძალადობა აღმოცენდებოდა, შემდეგ შენელდებოდა, იდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები და შემდეგ ირღვეოდა. გაგრძელდა მკვლელობებიც, მათ შორის ცნობილი პირებისაც. 1979 წლის აგვისტოში, დედოფალი ელიზაბედ II-ს ნათესავი ლორდი მაუნთბათენი მოკლეს.

1976 წელს IRA-ს დაკავებულ პატიმრებს სტატუსი შეუცვალეს და ჩვეულებრივ კრიმინალებს გაუთანაბრეს. საპასუხოდ, პატიმრებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. პირველი ე. წ. „პლედების პროტესტი“, როდესაც მათ უარი თქვეს პატიმრის ფორმის ჩაცმაზე და მხოლოდ პლედები ჰქონდათ შემოხვეული, და მეორე, „ბინძური პროტესტი“, როდესაც მათ საკნის კედლები საკუთარი განავლით მოსვარეს. ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა უკან არ დაიხია. შედეგად, 1980-1981 პატიმართა შიმშილობის აქციებს 10 პატიმარი ემსხვერპლა, მათ შორის ბობი სენდსი. სენდსმა პატიმრობაში შიმშილობის დროს ბრიტანულ პარლამენტში მანდატი მოიპოვა.

სენდსის არჩევამ შინ ფეინი, როგორც IRA-ს პოლიტიკური ფრთა, დაარწმუნა, რომ უნიფიკაციის პროცესში ბრძოლა, როგორც საარჩევნო ყუთთან, ასევე იარაღითაც უნდა გაგრძელებულიყო. 1983 წლის ივნისში, შინ ფეინის ლიდერმა ჯერი ადამსმა დასავლეთ ბელფასტიდან პარლამენტში აირჩიეს, თუმცა მან მანდატზე უარი თქვა ბრიტანეთის დედოფლის ერთგულების დამოწმება თავიდან რომ აერიდებინა.

ანგლო-ირლანდიური შეთანხმება და დაუნინგ სტრიტის დეკლარაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წლის ოქტომბერში, IRA-მ კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ბრაიტონში (ინგლისი) აფეთქება მოაწყო, რამაც ხუთი ადამიანი შეიწირა და საფრთხე შეუქმნა თავად ტეტჩერს. ამ მოვლენის შედეგად, 1985 წლის ნოემბერში, ტეტჩერი თავად ჩავიდა ირლანდიაში და ქვეყნის პრემიერ გარეთ ფიცჯერალდთან ხელი მოაწერა ანგლო-ირლანდიურ შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, ჩრდილოეთ ირლანდიის სტატუსი მხოლოდ მაშინ შეიცვლებოდა, როცა ამას მასში მცხოვრები უმრავლესობა გადაწყვეტდა. შეთანხმებამ ასევე შექმნა ინტერსამთავრობო კონფერენცია, რითაც ირლანდიას ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში საკონსულტაციო როლი მიენიჭა. შეთანხმებით, ბრიტანული მმართველობა ჩრდილოეთ ირლანდიიდან მხოლოდ მაშინ გავიდოდა, თუკი უნიონისტები და ნაციონალისტები ძალაუფლების დანაწილების პრინციპით მმართველობას დათანხმდებოდნენ.

ლოიალისტების პროტესტი ამ შეთახმების მიმართ გამოიხატა იმაში, რომ ლონდონის თემთა პალატიდან 15-ვე უნიონისტმა დეპუტატმა საკუთარი მანდატი დატოვა. ამ პერიოდში, IRA-მ ლონდონში მორიგი თავდასხმა მოაწყო, ხოლო საპასუხოდ, ბრიტანულმა უსაფრთხოების სამსახურებმა გიბრალტარში სამი Provo-ს წარმომადგენელი მოკლა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები არაფორმალურ რეჟიმში მაინც გრძელდებოდა. 1993 წელს ბრიტანეთის პრემიერი, ჯონ მეიჯორი და მისი ირლანდიელი კოლეგა, ალბერტ რეინოლდსი დაუნინგ სტრიტის დეკლარაციაზე მორიგდნენ, რითაც მრავალმხრივ სამშვიდობო პროცესს ჩაეყარა საფუძველი. თუმცა 1994 წელს Provo-ების მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა 1996 წელს დაირღვა, გამომდინარე იქიდან, რომ შინ ფეინი მოლაპარაკებებში უფრო ზომიერმა სოციალ-დემოკრატიულმა შრომის პარტიამ ჩაანაცვლა. 1997 წელს IRA-მ კვალვ შეწყვიტა ძალადობა და შინ ფეინი მოლაპარაკებებს დაუბრუნდა. ამჯერად, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ბრიტანეთის და ირლანდიის მთავრობა, სოციალ-დემოკრატიული შრომის პარტია, ჩრდილოეთ ირლანდიის ალიანსის პარტია, ოლსტერის უნიონისტთა პარტია და ოლსტერის დემოკრატიული პარტია. მაგრამ პროცესში არ იყო ჩართული დემოკრატიული უნიონისტთა პარტია (DUP), რომელიც მოლაპარაკებებში შინ ფეინის მონაწილეობას აპროტესტებდა.

წითელი პარასკევის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული მოლაპარაკებები, რომელსაც ამერიკელი სენატორი ჯორჯ მიჩელი მოდერატორობა, 1998 წლის 10 აპრილს, წითელი პარასკევის შეთანხმებით დასრულდა. დოკუმენტმა შექმნა ადეკვატური ძალაუფლების დანაწილების მქონე ასამბლეა, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაზღვრო თანამშრომლობა და ბრიტანულ-ირლანდიული საკონსულტაციო ფორმატი. 22 მაისს, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში შეთანხმება რეფერენდუმზე გაიტანეს, რომელსაც ირლანდიაში ამომრჩეველთა 94% მიემხრო, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში 71% (კათოლიკეები - 96%, პროტესტანტები - 52%). თუმცა, აგვისტოში IRA-სგან გამოყოფილმა ჯგუფმა ქალაქ ომაში კვალვ მოაწყო აფეთქება, რამაც 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1999 წელს, IRA-მ განიარაღები პირობა დადო, ირლანდიამ საკუთარი კონსტიტუცია ჩაასწორა და კუნძულის დანარჩენ ნაწილზე პრეტენზია უკან გაიწვია, ბრიტანეთმა კი, ჩრდილოეთ ირლანდიის მმართველობა კვლავ ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა. შედეგად, ირლანდიამ დაიწყო მისი არსებობის თანამედორვე ეტაპზე ყველაზე მშვიდობიანი ათწლეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mitchell, Claire (2013). Religion, Identity and Politics in Northern Ireland. Ashgate Publishing, გვ. 5. „The most popular school of thought on religion is encapsulated in McGarry and O'Leary's Explaining Northern Ireland (1995), and it is echoed by Coulter (1999) and Clayton (1998). The central argument is that religion is an ethnic marker, but that it is not generally politically relevant in and of itself. Instead, ethnonationalism lies at the root of the conflict. Hayes and McAllister (1999a) point out that this represents something of an academic consensus.“ 
  2. John McGarry & Brendan O'Leary (15 June 1995). Explaining Northern Ireland. Wiley-Blackwell, გვ. 18. ISBN 978-0-631-18349-5. 
  3. (28 January 1994) რედ. Dermot Keogh: Northern Ireland and the Politics of Reconciliation. Cambridge University Press, გვ. 55–59. ISBN 978-0-521-45933-4. 
  4. John Coakley. Ethnic Conflict and the Two-State Solution: The Irish Experience of Partition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 February 2012. ციტატა: „...these attitudes are not rooted particularly in religious belief, but rather in underlying ethnonational identity patterns.“ ციტირების თარიღი: 15 February 2009.