ჩიორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩიორა“
ჟანრი დრამა, მელოდრამა
რეჟისორი ნელი ნენოვა
გენო წულაია
სცენარის ავტორი ბესიკ ოდიშარია
როლებში ხათუნა ჩაგელიშვილი
თენგიზ გიორგაძე
გოჩა აფციაური
კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია
ხმის ოპერატორი ზურაბ ნადარაია
ოპერატორი გივი რაჭველიშვილი
მხატვარი გია ლაფერაძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1984
ხანგრძლივობა 1 სთ 21 წთ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ენა ქართული ენა, რუსული ენა

ჩიორა — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1984 წლის დრამატული ფილმი. მისი რეჟისორები არიან ნელი ნენოვა და გენო წულაია. სცენარის ავტორია ბესიკ ოდიშარია, რომლისთვისაც ეს სადიპლომო ნამუშევარი იყო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მარი და ნიკა აბიტურიენტები არიან და ფიზიკის გაკვეთილებს ერთად ესწრებიან. ნიკა, რომელსაც მარი უყვარს, გადაწყვეტს, იქორწინოს და ამის შესახებს მშობლებს უამბობს. მიუხედავად გაოგნებისა, მამა თანხმობას გამოხატავს და მიანიშნებს, რომ ამ საკითხს მიხედავენ ნიკას უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნიკა მარის ღამით აკითხავს და მასთან ერთად ზღვისპირა ქალაქში იპარება, თავის ბიძასთან დარჩენის იმედით. თუმცა, ბიძა სათევზაოდ არის წასული. იმის გამო, რომ ქორწინებაში არ იმყოფებიან, გასაქირავებელ ოთახებს მათ არავინ ანდობს. ქუჩაში ისინი გაიცნობენ ჩიორას, ზღვაზე ველოსიპედით ჩამოსულ ყმაწვილს. ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას ნიკას ჩხუბი მოსდის. მას გადაარჩენს ჩიორა. ახალგაზრდები შემდგომში ქალაქში მასთან ერთად გადაადგილდებიან. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ჩიორას მარის მიმართ სიმპათია უჩნდება.

ახალგაზრდები თბილისიდან ფულადი თანხის გადარიცხვას ელოდებიან. ამასობაში, რისკების მოყვარული ჩიორა, იმ იმედით, რომ ავტომობილის მძღოლს დაარწმუნებს, თითქოს ავარია უკანასკნელის ბრალია და ასე ფულად თანხასაც იშოვნის, ველოსიპედით დროდადრო ამა თუ იმ ავტომობილს ეჯახება. ერთ-ერთი მცდელობის შემდეგ იგი საავადმყოფოში გარდაიცვლება. მარის ამ დროისთვის ყველაფერი ბეზრდება და, ნიკასთან ერთად მატარებლით თბილისში დაბრუნებისას, გზად ერთ-ერთ ბაქანზე წყლის სასმელად ჩადის და ნიკა, მატარებლის გამცილებლის ძალისხმევის გამო, იძულებულია, ვაგონში დარჩეს. თბილისში იგი მარის სადგურთან შეხვდება, მაგრამ მარი უსვამს კითხვას, თუ რატომ არ ჩამოხტა იგი მატარებლიდან მის გამო. ნიკა პოულობს გადაწყვეტილების საბაბს და ხუმრობით ეკითხება, ხეიბარი ქმარი ხომ არ სურს. მარი, გაიაზრებს რა ყოველივეს, ტოვებს მას და აღარ სურს მასთან საუბარი, თუმცა ნიკა ჰპირდება, რომ შემდეგ დღეს დაურეკავს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ხათუნა ჩაგელიშვილი მარი მარი
თენგიზ გიორგაძე ნიკა ნიკა
გოჩა აფციაური ჩიორა ჩიორა
ლია ელიავა ნიკას დედა ნიკას დედა
ვაჟა ფირცხალაიშვილი გოგი, ნიკას მამა გოგი, ნიკას მამა
თეა (ნათელა) გაბუნია მარიკას დედა მარიკას დედა
კახა ღვინჯილია მარიკას ძმა მარიკას ძმა
თინათინ ბაბლიძე
მარიკა გოგიჩაიშვილი
გიორგი სულაძე
თამარ თუშიშვილი
ირაკლი კალანდაძე
ლია კაპანაძე
ზურაბ (კეკური) ლაფერიძე
ელენე (ჩიტო) ლანდია
ნოდარ მასხულია
ლიანა მიქაშავიძე
სოსო პაჭკორია
გიზო სირაძე
შოთა სხირტლაძე
გიორგი ხვადაგიანი
მარიკა ტყეშელაშვილი
ლია ხაჩატუროვა
ივანე ჩხეიძე

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გადაღებები ძირითადად აფხაზეთში მიმდინარეობდა, გვიანდელ შემოდგომამდე. მსახიობები იძულებულები იყვნენ, სიცივეში ეტარებინათ საზაფხულო ტანისამოსი.

გიორგი აფციაური, ჩიორას როლის შემსრულებელი, სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა. რეჟისორის ასისტენტმა ვაჟა ბასილაიამ იგი ქუჩაში შეამჩნია და მსახიობთა შერჩევაზე მიიწვია. ორი კვირის შემდეგ ყმაწვილი როლზე დაამტკიცეს და გააცნეს ნიკას როლის სავარაუდო შემსრულებელი - თენგიზ გიორგაძე, რუსთაველის თეატრის ახალბედა მსახიობი. პარალელურად დაიწყო მარის როლის შემსრულებლის ძიება. როდესაც გოგონები მოჰყავდათ, აზრს გიორგის და თენგიზს ეკითხებოდნენ. მათ უმალვე მოეწონათ ხათუნა ჩაგელიშვილი. გადაღებების დასრულების შემდეგ ჩიორა კახა თავართქილაძემ გაახმ­ოვანა, ნიკა - რევაზ ჩხიკვიშვილმა (რომელმაც მოგვიანებით ხათუნაზე იქორწინა)[1]. სინამდვილეში, თავდაპირველი ჩანაფიქრით, თენგიზ გიორგაძეს უნდა შეესრულებინა ჩიორას როლი, ლევან უჩანეიშვილი მოიაზრებოდა ნიკას როლზე, ხოლო ნინო ბურდული უნდა ყოფილიყო მარი.

გადაღებების დროს რამდენიმე სირთულე წარმოიშვა, მათ შორის - ავარიის სცენებთან დაკავშირებით. გიორგი აფციაურს ნამდვილად დაეჯახა მანქანა და ეს ეპიზოდი უცვლელად შეიტანეს ფილმში.[1]

გიორგი იხსენებდა: „ვფიქრობდი, ან დიდი მსახიობი უნდა გახდე, ან სულ არ უნდა მოინდომო მსახიობობა-მეთქი. ჩემგან მსახიობი არ დადგებოდა. „ჩიორა“ იმიტომ­ გახდა პოპულარული, რომ მოერგო­ ჩემს ხასიათს. „ჩიორა“ მე მგავს, სულაც არ მითამაშია.“[1]

თენგიზ გიორგაძე წლების შემდეგ იხსენებდა: „ხასიათით ჩიორას მეტად ვგავდი, თუმცა ჩემს გარეგნობაში პროვინციაში გაზრდილი ბიჭის იერს ვერ ხედავდნენ. ნიკა ჩემთვის დადებითი გმირია. ადამიანები არ უნდა იჭრებოდნენ ცოლ-ქმრის ცხოვ­რებაში. ნიკა ყველას ენდობა,­ ვერ დაუშვებდა, რატომ უნდა შეეხედა მეგობარს მისი მეუღლისთვის... ჩიორაა უარყოფითი გმირი და არა ნიკა - მე ასე ვკითხულობ ამ ფილმს“.

„ჩიორა“ იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი, გადაღებული აფხაზეთში, 1992-1993 წლების მოვლენებამდე.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]