ჩიომადული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიომადული
რუმ. Ciomadul
ჩიომადულის ცენტრალური ნაწილის 3D ხედი სამხრეთის მხრიდან
ჩიომადულის ცენტრალური ნაწილის 3D ხედი სამხრეთის მხრიდან
კოორდინატები: 46°08′ ჩ. გ. 25°53′ ა. გ. / 46.133° ჩ. გ. 25.883° ა. გ. / 46.133; 25.883
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტერიტორიული ერთეული ჰარგიტის ჟუდეცი
სიმაღლე 1 289 [1] 
ქედი კარპატები
ტიპი დაციტური ვულკანი
ვულკანური რკალი კელიმანი - გურგიუ - ჰარგიტა
ასაკი პლეისტოცენი
ჩიომადული — რუმინეთი
ჩიომადული

ჩიომადული (რუმ. Ciomadul, უნგრ. Csomád[2]) — ვულკანი რუმინეთში, ჰარგიტის ჟუდეცში. ის კარპატების შემადგენლობაში შედის და ქალაქებ ბეილე პუშნადსა და ბიქსადთან ახლოს მდებარეობს. ეს არის ვულკანური ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც კელიმანი (Călimani) - გურგიუ (Gurghiu) - ჰარგიტა (Harghita). ჩიომადული შეიცავს რამდენიმე ვულკანურ გუმბათს და ორ ვულკანურ კრატერს მოჰოსსა და წმინდა ანას. სწორედ ამ უკანასკნელში მდებარეობს ვულკანის კრატერული ტბა სახელწოდებით სფინტა ანა (Sfânta Ana). ჩიომადულის ვულკანურ კლდეებში დომინანტი კალიუმის შემცველი დაციტია.

ჩიომადულში პირველი ეფუზია, სავარაუდოდ, ერთი მილიონი წლის წინ მოხდა. ვულკანის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 650 000 – 500 000 წლის წინ შეიქმნა.

56000 – დან 32000 წლის წინ ჩიომადულში ვულკანი მასიურად იფრქვეოდა. როგორც ამოფრქვევის ზუსტი თარიღები, ასევე წმინდა ანას და მოჰოსის კრატერების წარმოქმნის ზუსტი პერიოდი გაურკვეველია, რადგან კვლევების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი ამოფრქვევა შესაძლოა სუბპილარული სიძლიერის ყოფილიყო და ვულკანური ფერფლი შავი ზღვის ნაპირამდე გაეფანტა.

ვულკანი ბოლოს 32 600 – 27 500 წლის წინ ამოიფრქვა. მიმდინარე სეისმური და გეოთერმული აქტივობა და ვულკანური გაზის არსებობა ვულკანის სიღმეში მაგმის არსებობას უსვამს ხაზს და ჩიომადულს პოტენციურად მოქმედ ვულკანად აქცევს.

კლიმატი და მცენარეული საფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიომადული ზომიერ სარტყელში მდებარეობს. ნალექი 800–1000 მილიმეტრს შეადგენს, რაც ძლიერი ეროზიის გამომწვევი მიზეზია.[3] წლიური საშუალო ტემპერატურა არის 7.6 °C სფინტუ გეორგეში, უახლოეს მეტეოროსადგურში.[4] წმინდა ანას კრატერის გარშემო ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15 °C, ხოლო იანვრის საშუალო ტემპერატურა −5-დან –6 °C-მდეა.[5]

მიუხედავად იმისა, რომ მყინვარულ ეპოქაში კარპატებში მყინვარები წარმოიქმნა, ჩიომადულში არანაირი მყინვარული აქტივობა არ ფიქსირდება. იმ პერიოდში ვულკანის მიმდებარე ტერიტორია ტყით არ იყო დაფარული[5] და ფლორის უდიდეს ნაწილს სტეპისა და ტუნდრის მცენარეული საფარი შეადგენდა.[6] მოჰოსის ტორფის ჭაობიში ბურღები გამოიყენეს წარსულში არსებული კლიმატისა და ტერიტორიის ჰიდროლოგიის რეკონსტრუქციისთვის.[7]

ჩიომადული დაფარულია წიფლისა და ნაძვის ტყეებით.[8] წმინდა ანას ტბის გარშემო მცენარეულობას ძირითადად ქმნის: ჩვეულებრივი წიფელი (Fagus sylvatica) და ჩვეულებრივი ნაძვი (Picea abies). ტერიტორიაზე ასევე ხარობს მცენარეები: ლეკა (Acer platanoides), ვერცხლიფერი არყი (Betula pendula), კავკასიური რცხილა (Carpinus betulus), ჩვეულებრივი ფიჭვი (Pinus sylvestris), მდგნალი (Salix caprea), ნაცრისფერი მდგნალი (Salix cinerea).[5] ვულკანის რეგიონი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილია.[9] მოჰოსის ჭაობში აღმოჩენილია საფრთხეში მყოფი სახეობები.[10]

ვულკანის 3D მოდელი

გააქტიურება მომავალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ ვულკანი აქტიურად ითვლება, თუ ის გამყინვარების შემდგომ ეპოქაში ამოიფრქვა. 2008 წლის მაისში ჩილეში ჩაიტენის ვულკანის მოულოდნელად ამოფრქვევის შემდეგ, მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ დიდხანს არააქტიურ ვულკანებსაც კი შეუძლიათ კვლავ გააქტიურება. ასეთმა ვულკანებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონებს „ჩუმად ამოფრქვევით“.[11] ჩიომადულს ამოფრქვევებს შორის პაუზა 10 000 წელზე მეტხანს ჰქონდა.[12] ცირკონის კრისტალიზაციის მონაცემების მიხედვით ჩიომადულის მაგმის პალატები 300 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ აქტიურები.[13]

უნიკალურია, რომ ჩიომადული ჯერ კიდევ მოქმედი ვულკანია აღმოსავლეთ ევროპაში და მისი კრატერები კვლავ ახალგაზრდაა.[3] ყოველთვისაა შესაძლებელი, რომ ვულკანი ამოიფრქვას თუ მაგმის პალატა არ გამყარდა.[14] ჩიომადულში მიწისძვრის აქტივობა 70 კილომეტრის სიღრმემდე ხდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვულკანური სისტემა მაგმის პალატასა და ლითოსფერულ დნობებს შორის კვლავ აქტიურია.[15] ვულკანი კვლავ პოტენციურად აქტიურად ითვლება.[16]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]