შინაარსზე გადასვლა

ჩინკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩინკი, ჩინგი (უზბეკ. chink) — საფეხურიანი, ძნელმისადგომი ფლატე, რომელსაც შემოზღუდავს პლატო ან მაგიდა შემაღლება. გავრცელებულია ძირითადად ყაზახეთსა და შუა აზიის დასავლეთ ნაწილში. აქვს სხვადასხვა წარმოშობა. არსებობს ეროზიული, დენუდაციური და ტექტონიკური გენეზისის ჩინკი. მისი სიმაღლე ზოგჯერ 300-350 მ-ია. ამ მხრივ, აღსანიშნავია უსტიურტის პლატოს ჩინკი. უსტიურტის ჩინკებზე ყველაზე ინტენსიურია გრავიტაციული მოძრაობები იქ, სადაც იგი წარეცხილია ზღვის მიერ, რომელსაც მიაქვს ჩამომცურები მასალა, რაც ხელს უწყობს ექსპოზიციის განახლებას.[1]

იმ მონაკვეთბზე, სადაც ზღვამ დაიხია, გრავიტაციული შლეიფები ამაგრებენ კალთას, რითაც კონტრფორსის როლს ასრულებენ და ჩინკიც შეკრულია. დამახასიათებელია ფენების სუსტი ვარდნა პლატოს სიღრმეში, რაც ანელებს მის ნგრევას. გავრცელებულია ყაზახეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებზე.[2] შუა აზიის მთიან რაიონებში ჩინკებს უწოდებენ მაღალ თოვლიან მთებს. ჩინკი შუა აზიის რეგიონული ტერმინია.[3] მის ნაპრალებში ბინადრობს მანული.

  1. Чинк // Геологическая энциклопедия
  2. Чинк // Большая советская энциклопедия
  3. Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.