შინაარსზე გადასვლა

ჩვეულებრივი გაზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი გაზელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gazella bennettii (Pallas, 1766)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 8989

ჩვეულებრივი გაზელი (ლათ. Gazella gazella) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 98–115 სმ, მასა 16–29,5 კგ. მამლები 10 სმ-ით მაღლები და მცირედ მძიმენი არიან დედლებზე. კუდის სიგრძეა 8–13 სმ. მამლების რქები 22–29 სმ-მდე, დედლებისა კი 6–12 სმ-მდეა.[1]

ჩვეულებრივი გაზელის ტანი წვრილია, აქვს გრძელი კისერი და ფეხები. სხეულის ზედა ნაწილი და გვერდები შეფერილია მუქ ყავისფრად. მუცელი, კიდურების შიდა ნაწილი და სხეულის უკანა ნაწილი თეთრია. ხშირად ამ ორ მხარეს ერთმანეთისაგან ზოლი გამოჰყოფს. დამახასიათებელია ვერტიკალური თეთრი ზოლები, რომლებიც რქებიდან ეწყება და თვალების გარშემო და ცხვირზე გასდევს.[1]

წარსულ დროში სახეობა ფართოდ იყო გავრცელებული არაბეთისა და სინის ნახევარკუნძულებზე. დღეისათვის უპირატესად გვხვდება ისრაელში, საუდის არაბეთში, ომანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იემენში.[2]

ბინადრობს უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში, იშვიათად გვხვდება მეჩხერ ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს დაბალ მთებს. გაზელი აგრეთვე ბინადრობს სანაპირო ქვიშის დიუნებსა და ზეგნებზე. სახეობის განსახლების რაიონებში ტემპერატურა მინუს რამდენიმე გრადუსიდან პლიუს 45°C-მდეა.

გაზელი აქტიურია დილით ადრე და გვიან საღამოს. ადამიანებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, აგრეთვე აქტიურები არინ ღამით. დღის ცხელ პერიოდში ცხოველები ისვენებენ, მიაშრებენ დაცულ ადგილისაკენ. იკვებებიან ბალახით და ბალახოვანი მცენარეებით, აგრეთვე ხეების და ბუჩქების ფოთლებით. გვალვიან ადგილებში მიწას თხრიან ბოლქვების მოსაძებნად.[1]

გავრცელების არეალიდან გამომდინარე ჩვეულებრივი გაზელი მრავლდება მთელი წლის განმავლობაში ან მხოლოდ გაზაფხლის დასაწყისში. მაკეობა 180 დღე-ღამე გრძელდება. დედალი შობს უმეტესად 1 ხბოს. სქესობრივ სიმწიფეს დედლები 12 თვის ასაკში აღწევენ, მამლები — 20 თვის ასაკში. ტყვეობაში 13 წლამდე ცოცხლობენ, ველურ ბუნებაში — 8 წლამდე.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Dr. David Blank Mountain gazelle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-14. ციტირების თარიღი: 2019-01-09.
  2. IUCN SSC Antelope Specialist Group. 2008. Gazella gazella დაარქივებული 2012-11-12 საიტზე Wayback Machine. . The IUCN Red List of Threatened Species 2008.