ჩანთოსენები (ლათ.Marsupialia ან Metatheria) — ძუძუმწოვრების ინფრაკლასი, რომელიც მოიცავს 7 (ან 8) რიგს: ოპოსუმისნაირნი, ცენოლესტები, მიკრობიოთერიუმისნაირნი, ჩანთოსანი თხუნელასნაირნი, მტაცებელი ჩანთოსნები, ჩანთოსანი მაჩვისნაირნი, ორმჭრელიანი ჩანთოსნები და Deltatheroida. საერთო ჯამში აერთიანებს სამასამდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძე მერყეობს 4–10 სმ-დან (ჩანთოსანი თაგვი) 160 სმ-მდე (რუხი კენგურუ). ჩანთოსნების გარეგნობა ნაირგვარია. უმრავლესობას კუდი კარგად აქვს განვითარებული, ზოგი მას სატაცად იყენებს. კიდურები უმეტესად ხუთთითიანია. ზოგ სახეობას I და V თითი რედუცირებული აქვს. კენგურუებსა და ზოგ სხვას II და III თითი ერთმანეთთან აქვს შეზრდილი (სინდაქტილია). კოალას, კუსკუსსა და ზოგ სხვას პირველი ერთი ან ორი თითი სხვა თითებისადმი აქვს დაპირისპირებული. მიწათხარიებს — ჩანთოსან თხუნელებსა და ჩანთოსან მაჩვებს წინა კიდურებზე მძლავრი ბრჭყალები ეზრდებათ. ჩანთოსან მიწის კურდღლებსა და კენგურუებს უკანა კიდურები ძლიერ წაგრძელებული და სახტომად მომარჯვებული, ხოლო წინა კიდურები მოკლე აქვთ. ბალნიანი საფარველი მეტად ხშირი და რბილია, ზოგისა ჯაგრისებური. ზოგს დინგზე აქვს ვიბრისები. ჩანთოსნების უმრავლესობას მოეპოვებათ ჩანთა, რომელიც იხსნება წინ ან უკან, ზოგს იგი გვერდითი ნაოჭის სახით აქვს, ხოლო ზოგს (ჩანთოსან ჭიანჭველაჭამიას) სულაც არ გააჩნია. ჩანთაში იხსნება 2–6 ძუძუ; უჩანთოებს აქვთ 25-მდე ძუძუ, რომლებიც სხეულის გვერდებზეა განლაგებული. კბილების რაოდენობა მერყეობს 22-დან (ქუსლითმავალი) 52-მდე (ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია). თავის ტვინი პრიმიტიულია, კორძიანი სხეული არ აქვს. უმრავლესობის გრძნობის ორგანოები განვითარების მაღალ დონეზეა. ჩანთოსან თხუნელებს არ აქვთ თვალები. ზოგს სისხლის მიმოქცევის სისტემაში კიუვიეს სადინარები მოეპოვება. სხეულის ტემპერატურა 34–36° აღწევს. რძით იკვებებიან პასიურად, ძუძუდან პირის ღრუში რძე გადადის სპეციალური კუნთების შეკუმშვის შედეგად. ნაშიერის ხორხისა და რბილი სასის აგებულება ხელს უწყობს ერთდროულად სუნთქვასა და კვებას. ლაქტაციის პერიოდი 65 დღემდე გრძელდება. ჩანთაში ნაშიერი 250 დღემდე რჩება. ის სახეობები, რომლებსაც ჩანთა არა აქვთ, ნაშიერებს ზურგით ატარებენ ან მუცლის მხარეზე ძუძუთი ჰყავთ ჩამოკიდებული. უმრავლესობა წელიწადში ერთხელ (ზოგი რამდენჯერმე) მრავლდება. მაკეობა 8–40 დღე-ღამემდე გრძელდება. შობენ 1–24 ნაშიერს. თითოეულის სიგრძე 0,5–3 სმ, ხოლო მასა 0,6–5,5 გ აღწევს. ცოცხლობენ 5–25 წლამდე. იკვებებიან მცენარეულობით, ხმელეთის ცხოველებით, ზოგი ყოვლისმჭამელია. ზოგ ჩანთოსანს საკვებად იყენებენ, ბევრი მათგანი ბეწვის სარეწაო ობიექტია, ზოგს ადამიანის მეურნეობისთვის ზიანი მოაქვს. ჩანთოსნები გავრცელებული არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და მიმდებარე კუნძულებზე, ტასმანიაზე, სულავესზე, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ზოგიერთის რაოდენობა ძალზე შემცირებულია და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ისინი შეტანილი არიან „წითელ წიგნში“. ჩანთოსნების ყველაზე უძველესი ნამარხები ჩრდილოეთ ამერიკის ქვედა ცარცული პერიოდიდან. სამხრეთ ამერიკაში გამოჩნდნენ პალეოცენიდან. ევროპაში ჩანთოსნები ცხოვრობდნენ ეოცენიდანმიოცენამდე. აზიაში და ავსტრალიაში ცნობილი არიან ოლიგოცენიდან.