შინაარსზე გადასვლა

შოლარის წყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოლარის წყალი (აზერ. Şollar suyu) — წყაროს წყალი, რომელსაც მოიპოვებენ აზერბაიჯანის სოფელ შოლარში, ხაჩმაზის რაიონში.

ბაქო-შოლარის წყალსადენის მშენებლობა. XX საუკუნის დასაწყისი.

XIX საუკუნის შუა ხანებში ბაქოში კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა სუფთა დასალევი წყლის მხრივ, კერძოდ, ჭაობის წყალი მომლაშო იყო და არ იყო ყოველთვის სუფთა. ქალაქში გახშირდა ქოლერის, დიფტერიის, ცხელების და მუცლის ტიფის შემთხვევები. ამიტომ 1860-იანი წლების ბოლოს, ბაქოს ციხესიმაგრის შემოგარენში დაიწყეს დასალევი წყლის ძიება.

1879 წლის სექტემბერში, ბაქოს საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა წამოაყენა წინადადება, რომ გამოიყოს ბიუჯეტიდან 1 000 რუბლი ახალი წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფისთვის. გეოლოგ ბეცევიჩის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თვით ქალაქში და მის შემოგარენში არსებული ნიადაგის წყალი საკმარისია ადგილობრივად გამოსაყენებლად, თუმცა, წყლის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. 1880 წლის მაისში, ბაქოს საკრებულომ შექმნა კომისია, რომელსაც დაევალა ბაქოს შემოგარენში ნიადაგის წყლების ძიება.

1884 წელს, ინჟინერ ოტო ლენცის მიერ ნაპოვნი იქნა წყალი ბაქოს სოფლებში — მაშტაღასა და ბუზოვნაში, თუმცა, წყალი დასალევად არ შეიძლებოდა, რადგან მარილის კონცენტრაცია წყალში მაღალი აღმოჩნდა, ხოლო მისი ფილტრაცია წამგებიანად აღიარეს.[1]

ბაქო-შოლარის წყალსადენი ხუდათის მახლობლად.

1899 წელს ინგლისელმა ინჟინრმა უილიამ ლინდლიმ დაიწყო საძიებო სამუშაოები წყაროებით მდიდარ ყუბის მაზრაში. წყალი, რომელიც პასუხობდა მოთხოვნებს, აღმოაჩინეს ბაქოდან 180 კმ-ში მოშორებით, სოფელ შოლარსა და ფერსალიში, რომლებიც მდებარეობს ამაღლებულ დაბლობზე. 1901 წლის მაისში, თავისი ვიზიტის დროს ბაქოში, ლინდლიმ ქალაქის საკრებულოს წარადგინა მოხსენება. 1901 წლის 23 ივნისს, ლინდლის პროექტი წყალსადენის შესახებ დაამტკიცეს და მის შესრულებას 35 000 რუბლი გამოყვეს (25 000 რუბლი პირადად ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვმა გამოყო).

1902 წელს საკრებულომ წყალსადენის მშენებლობისთვის 182 ათასი რუბლი გამოყო. 1903 წლის შემოდგომაზე, ლინდლის წარმომადგენლებმა ბაქოს პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინეს.

ჭაბურღილების გახსნა ხორციელდებოდა ფრანგული კომპანიის მიერ, ლინდლის პირადი კონტროლის ქვეშ. სამშენებლო სამუშაოები 1904 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა, სამუშაოები დიდი შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც რევოლუციასა და ქოლერის რამდენიმე ეპიდემიას უკავშირდება.

საბოლოოდ 1909 წლის 5 მაისს, ქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცდა წყალსადენის მშენებლობა, რომელიც სიგრძით ერთადერთი იყო რუსეთში (სიგრძე — 1977 კმ). მშენებლობისთვის შეიქმნა „წყალსადენის სამშენებლო დეპარტამენტი“, პროექტის ინჟინრად კი დაინიშნა უშუალოდ მისი ავტორი. 1912 წლის იანვარში, ბაქოს საკრებულოს მოთხოვნით, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქალაქის საკუთრებაში გადავიდა გარკვეული რაოდენობის მიწა.

1916 წლის ბოლოსთვის, ბაქო-შოლარის წყალსადენის მშენებლობა ძირითადად დასრულებული იყო. 1917 წლის 21 იანვარს, ბაქოს კრასნოვოდსკის ქუჩაზე (დღეს სამედ ვურღუნის ქუჩა) გაჩნდა პირველი შოლარის წყალი. წყალსადენი, ქვის წყალსატარის სიმძლავრით 6 მილიონი ვედრო, გათვლილი იყო დღეში 3 მილიონი ვედროს წყლის მისაწოდებლად. წყალსადენის მთელ გზაზე, დაწყებული სოფელ შოლარში არტეზიანის ტუმბოებიდან და დამთავრებული სუმგაითში (დაახლოებით 190 კმ), წყალი მიედინება თვითდინებით.[2]

1991 წელს, აზერბაიჯანში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ცოცხალი წყალი“, რომელიც მიეძღვნა წყალსადენსა და წყლის ხარისხს.

შოლარის წყალი ნორმალურია გემოზე და არ საჭიროებს სპეციალურ გასუფთავებას, მას მხოლოდ ქლორირებას უტარებენ.[2] მიკრობიოლოგიური და ქიმიური ტესტების შედეგად, რომელიც კომპანიამ „Dr. Kaiser & Dr. Woldmann“ (გერმანია) ჩაატარა, შოლარის წყალი აღიარეს აზერბაიჯანში დასალევად საუკეთესო წყლად, ხარისხით.[3]

არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც წყალს უშუალოდ შოლარის წყაროდან იღებს.[4] შოლარის წყალს ასხავენ 0,5 და 20 ლიტრიან ბოთლებში ისეთი კომპანიები, როგორიცაა „Shollar Bottling Company“, „AquaVita“, „Coca-Cola Azerbaijan“, „Pepsi-Cola Azerbaijan“ და სხვა.[5]