შიმშილი (რომანი)
„შიმშილი“ | |
---|---|
| |
ავტორი | კნუტ ჰამსუნი |
ენა | ნორვეგიული ენა |
გამომცემელი | Canongate Books |
გამოცემის თარიღი | 1890[1] |
„შიმშილი“ (ნორვ. Sult) — ნორვეგიელი ავტორის, კნუტ ჰამსუნის, რომანი, რომელიც გამოიცა 1890 წელს.[2] ნაწარმოები შეფასდა, როგორც XX საუკუნის ლიტერატურული დასაწყისი[3] და თანამედროვე, ფსიქოლოგიაზე ორიენტირებული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუში.[4] შიმშილი ასახავს ადამიანის გონების ირაციონალურობას დამაინტრიგებელი და ზოგჯერ იუმორისტული სახით.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი ჰამსუნის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგაა დაწერილი. იგი ეფუძნება ავტორის გაღატაკებულ ცხოვრებას მის კარიერულ გარღვევამდე 1890 წელს. მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის მიწურულს, კრისტიანიაში (დღევანდელი ოსლო). რომანი მოგვითხრობს თავგადასავალს მოშიმშილე ახალგაზრდისა, რომლის ყოფაშიც რეალობის განცდას ბოდვითი ილუზიები ანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს ღირსების შენარჩუნებას, მკითხველი მკაფიოდ ხედავს მის გონებრივ და ფიზიკურ დაღმასვლას. პერსონაჟის განსაცდელს კიდევ უფრო ამძაფრებს მისი უუნარობა თუ სურვილის არქონა, მისდიოს პროფესიონალურ კარიერას, რომელსაც იგი თავისი შესაძლებლობებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.
რომანში ნათლად იკვეთება ჰამსუნზე ფიოდორ დოსტოევსკის ლიტერატურული გავლენა. მისი პროტაგონისტი არაერთმხრივ ავლენს რასკოლნიკოვისთვის („დანაშაული და სასჯელის“ პროტაგონისტი) დამახასიათებელ პიროვნულ თავისებურებებს.[5] რომანში ასევე იგრძნობა რეალისტური ტრადიციების უარყოფა და ნატურალისტი ავტორების, მათ შორის ემილ ზოლას, გავლენა.
რომანში იკვეთება ჰამსუნის ორი ლიტერატურული და იდეოლოგიური ლეიტმოტივი:
- მისი სურვილი, რომ მოდერნისტული ლიტერატურის მთავარი საკვლევი ობიექტი ადამიანური გონების კომპლექსურობა ყოფილიყო. ჰამსუნს სურდა, რომ თავის ნაწარმოებებში „სისხლის ჩურჩული და ძვლების ვედრება“ აღეწერა.[6]
- მის მიერ თანამედროვე ურბანული ცივილიზაციის დაკნინება: რომანის საწყის სტრიქონებში იგი ამივალენტურად აღწერს კრისტიანას, როგორც „საოცარ ქალაქს,რომელსაც არავინ ტოვებს, სანამ თავად არ დასტოვებს კვალს მასზე.“
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მასში გადმოცემულია ქრისტიანიის (დღევანდელი ოსლო) 1886 წლის მოვლენები. მაშინ ჰამსუნს შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა.
მთხრობელი სხვენის ერთ პატარ ქოხშია შეყუჟული. მას მუდმივად შიმშილის გრძნობა აწუხებს. დამწყები ლიტერატორი ცდილობს, რითიმე ირცინოს თავი, გაზეთებში სტატიებსა და ფელეტონებს აქვეყნებს, მაგრამ არსებობისთვის ეს საკმარისი არ არის და უკიდურეს სიღატაკეში ვარდება. ერთადერთი გამოსავალი მუდმივი სამუშაოს პოვნაა, ამიტომ გაზეთებში გამოქვეყნებულ განცხადებებს ეცნობა. მაგრამ იმისთვის, რომ მოლარის ადგილი დაიკავო, წინასწარ გარკვეული თანხა უნდა შეიტანო, მას კი ფული არ აქვს. მეხანძრედაც არ აიყვანეს, რადგან სათვალეს ატარებს.
გმირი სუსტადაა, თავბრუ ესხმის და გულისრევის შეგრძნება აქვს. ქრონიკული შიმშილის გამო გაღზიანებული და აღგზნებულია. დღისით მთელ დროს პარკში ატარებს, აქ მომავალი სამუშაოს გეგმებს ადგენს, მონახაზებს აკეთებს. თავში უცნაური აზრები უტრიალებს.
მან გირაოში ჩადო რაც კი გააჩნდა 一 საყოფაცხოვრებო ნივთები და წიგნები. აუქციონებზე იმით ერთობა, რომ აკვირდება, ვის ხელში გადადის მისი ყოფილი საკუთრება და თუ მათ ღირსეული პატრონი გამოუჩნდება ხოლმე, უზომოდ კმაყოფილია.
გაუთავებელი შიმშილი გმირს არაადეკვატური ქმედებებისკენ უბიძგებს, მაგალითად, ჟილეტს აგირავებს და აღებულ ფულს ღატაკ ხეიბარს აძლევს. თვითონ კი მშიერი და ყველასგან გარიყული დააბიჯებს მაძღარ თანამემამულეთა შორის.
მას უამრავი საინტერესო ჩანაფიქრი აქვს, რომლებსაც განხორციელება არ უწერია. შიმშილი მუდმივად აწუხებს და მის ჩასახშობად ნაფოტს ან ქურთუკის ნაგლეჯს ღეჭავს, ზოგჯერ კენჭს ან უკვე გამხმარი ფორთოხლის კანს წუწნის, ვიღაცამ მიწაზე რომ მოისროლა.
საკუთარ ცხოვრებაზე რომ ფიქრობს, მუდმივად ებადება კითხვა 一 რისთვის ისჯება ასე, პასუხი ყოველთვის ერთია: ალბათ უფალმა მიატოვა.
ბინის ქირას ვერ იხდის და მალე შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეს. სტატიას დაწერს, რომელსაც აუცილებლად დაუბეჭდავენ 一 იმედს არ კარგავს ის. თითქოს ჯინაზე, არაფერი გამოსდის, საჭირო სიტყვებს ვერ პოულობს. როგორც იქნა, სასურველ ფრაზას მიაგნო 一 ახლა კი წერე და წერე, რამდენიც გინდა! დილისთვის თხუთმეტი გვერდია მზად. ერთგვარ ეიფორიაშია და თითქოს ძალების მოზღვავებასაც გრძნობს. გმირი გამოხმაურებას ელის, თანაც შიშობს 一 ხომ შეიძლება დაიწუნონ?!
ნანატრი ჰონორარი დიდხანს არ ჰყოფნის. ბინის მეპატრონე ურჩევს სხვაგან გადავიდეს, ამიტომ იძულებულია, ღამე ტყეში გაათიოს. გადაწყვეტს, მეძველმანეს მეგობრისგან ნათხოვარი საბანი მიჰყიდოს, მაგრამ უარს ეუბნებიან. იძულებულია, საბანი მუდმივად თან ატაროს, რის გამოც თავს დამცირებულად გრძნობს. ერთხელაც მაღაზიაში შედის და გამყიდველს საბნის შეფუთვას სთხოვს იმ საბაბით, თითქოს მასში ორი ძვირადღირებული ვაზაა შეხვეული. გზად ნაცნობს ხვდება, შეკვრაზე მიუთითებს და ეუბნება, რომ კარგი სამსახური იშოვა და ახალი კოსტიუმისთვის ნაჭერი შეიძინა. ასეთ სიტუაციებს წყობიდან გამოჰყავს და თავს ძალიან დათრგუნულად გრძნობს.
შიმშილი მის მუდმივ თანმდევად იქცა, ის გაბოროტებული და აღგზნებულია. ლუკმაპურის შოვნის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. ყასაბს ძვალს გამოსტყუებს, ვითომდა თავისი ძაღლისთვის, თან ცრემლები ახრჩობს. ერტხელაც პოლიციის განყოფილებას მიაკითხავს იმ საბაბით, რომ სახლის გასაღები დაკარგა და სთხოვს, ღამე გაათევინონ. გმირს ცალკე საკანს სთავაზობენ, დილით კი დაკავებულებს საჭმლის ტალონებს ურიგებენ. ამჯერადაც არ უმართლებს, რადგან მაწანწალად რომ არ ჩაეთვალათ, პოლიციელებს ჟურნალისტად წარუდგინა თავი.
მთავარი გმირი მორალის საკითხებზეც მსჯელობს: ახლა უკვე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიითვისებდა სხვის მიერ დაკარგულ საფულეს ან თუნდაც ხურდა ფულს, უბედურ ქვრივს რომ დაუცვივდა.
შემთხვევით ნაცნობ რედაქტორს გადაეყრება, რომელსაც შეეცოდება და ფულს ასესხებს. ეს გმირს საშუალებას აძლევს, პატარა ოთახი იქირაოს. ჯიხურიდან სანთლის ნისიად წამოღებას გადაწყვეტს. გამყიდველი შემთხვევით სანთელთან ერთად ხურდასაც აძლევს, რის გამოც გახარებულიცაა და შეწუხებულიც. სინდისი არ ასვენებს და გარეთ გამოსული ხურდას ღვეზელების გამყიდველს უტოვებს, რითაც მის გაოცებას იწვევს. მოგვიანებით, ფარდულის მეპატრონეს ყველაფერში გამოუტყდება და ბოდიშსაც მოუხდის, მაგრამ მას, როგორც გიჟს, ისე უყურებენ. შიმშილისგან ღონემიხდილი, ღვეზელების გამყიდველ ქალს მიუახლოვდება იმ იმედით, რომ სიკეთეზე სიკეთით უპასუხებს, მაგრამ მოხუცი ლანძღვა-გინებით აიკლებს.
ერთხელ, პარკში ორ ქალბატონს აედევნება, თანაც ძალზე თავხედურად და სულელურად იქცევა. ფანტაზიებს, შესაძლო რომანის შესახებ, ჩვენი გმირი ძალზე შორს მიჰყავს. ერთ-ერთ ქალბატონს ასე მიმართავს 一 ილაიალი, თითქოს ამით მის მომხიბვლელობასა და იდუმალებას აღნიშნავს. მათ ურთიერთობას გაგრძელება არ უწერია 一 ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ისევ სიღატაკე და შიმშილი, დეპრესია და საკუთარ თავთან ჭიდილი. ბოლოს და ბოლოს, გმირი გადაწყვეტს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად უნდა შეიცვალოს და მეზღვაური ხდება.
გამოცემის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანის ნაწყვეტები პირველად დანიურ ჟურნალში Ny Jord 1888 წლის ნოემბერში ანონიმურად გამოქვეყნდა. 1890 წელს მისი სრული გამოქვეყნების შემდეგ, ჰამსუნმა რომანის ტექსტი 3-ჯერ — 1899,1907 და 1916 წლის გამოცემებში — შეცვალა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 2.0 2.1 Undheim, Inga Henriette (2020-12-29), "Sult", Store norske leksikon, http://snl.no/Sult. წაკითხვის თარიღი: 2021-10-21
- ↑ "„თავისი შემოქმედების ყველა ასპექტით, მისი სუბიექტურობით, ფრაგმენტულობით, ლირიკულობით, იგი თანამედროვე ლიტერატურის მამაა. მთელი თანამედროვე ლიტერატურა სათავეს მისი ნაშრომებიდან იღებს. თომას მანი და არტურ შნიცელი, ასევე ისეთი ამერიკელი მწერლები როგორებიც არიან, ფიცჯერალდი და ჰემინგუეი, ჰამსუნის მოწაფეები იყვნენ.“ ისააკ ბაშევის ზინგერი in 'Knut Hamsun, Artist of Skepticism', preface to the Robert Bly translation.
- ↑ Brynildsen, Aasmund (1973). Svermeren og hans demon (no-NB). Oslo, Norway: Dreyers Forlag. ISBN 82-09-01137-5.
- ↑ Nag, Martin (1998). Geniet Knut Hamsun – en norsk Dostojevskij (no-NB). Oslo, Norway: Solum. ISBN 978-82-560-1166-7.
- ↑ "Fra det ubevidste Sjæleliv", ნორვეგიული პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი Samtiden, სექტემბერი, 1890