შინაარსზე გადასვლა

შემოქმედის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შემოქმედის ღვთისმშობლის ხატი — ღვთისმშობლის ორი ხატი შემოქმედის მონასტრიდან. ღვთისმშობლის ხატები ვინმე მგალობლიშვილმა გადაასვენა სამცხიდან შემოქმედში.[1]

ღვთისმშობლის ხატი, დ. ერმაკოვი №122

1873 წელს ღვთისმშობლის ხატი (90x61 სმ.) პირველად ინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ, 1890 წელს გამოაქვეყნა თავის შრომაში ნიკოდიმ კონდაკოვმა. ხატი შეტანილი აქვს თავის კატალოგში დიმიტრი ერმაკოვსაც (№122 და 13460).

ხატს ზემოდან ჰქონდა მრავალი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მამია II გურიელი და მისი თანამეცხედრე თინათინია მოხსენიებული.

დიდ ხატში ჩასმულია შედარებით მომცრო ზომის ღვთისმშობლის ხატი ჩვილით, ოქროს ამობურცულ შეჭედილობაზე, ჩასმულია სამი ხოშორი თვალი: ფირუზი, ლალი და იაგუნდი. უკანა მხარის ვერცხლის გარსამოსზე ჰქონდა შემდეგი წარწერა:

ვიკიციტატა
„ქ჻ ეჰა: საშინელო჻ და შვიდთა ცათა჻ უმაღლესო ქერობინთა უწმიდესო჻ და სერობინთა჻ უზეშთაესო჻ ყოველთა წინასწარმეტყველთაგან჻ დედად ღთისად: მოსწავებულო჻ ქალწულო჻ დედოფალო჻ ღთის: მშობელო჻ მოგიჭედინეთ: ხატი჻ სახისა: თქვენისა: ოქროთა: მურასად: თვალითა: და მარგალიტითა ჩვენ჻ სასოებით მმონდობილმან჻ ცვა: ფარვათა჻ თქვენთამან჻ დედოფალმან჻ ათაბაგის: ქალმან: ბატონმან თამარ: თანა: მეცხედრემან: გურიელისა჻ ვახტანგისამან჻ და დავასვენეთ: შემოქმედს: საფლავსა: ზედან: გურიელისა: ვახტანგისასა჻ დახსნად: სულისა: მისისათვის: დღესა: მას: დიდსა჻ განკითხვისათვის და შესანდობლად: და ძისა: ჩემისა: გურიელისა჻ ბატონისა჻ ქაიხოსროსათვის: სადღეგრძელოდ჻ მხედრობისა჻ და ჴელმწიფობისა჻ მისისა: წარსამართებელად: და დასამკვიდრებლად჻ შეიწირე: შენ: ყდ: წმიდაო: დედოფალო: ღთის მშობელო: ვითარცა჻ ძემან჻ შენმან჻ სამნი჻ იგი჻ მწვლილნი჻ ქვრივისანი჻ და გვასმინე: ჴმა: იგი: სანატრელი: მოვედით჻ კურთხეულნო: მამისა: ჩემისანო჻ ამ წუთს: სოფელსა: დღე: გრძელობა: და სინანული: მაღრსე: და დაუსრულებელი: დღე: აბრაამის჻ წიაღთა: შინა: დამიმკვიდრე჻“

წარწერაში მოხსენიებულნი არიან: ვახტანგ I გურიელი, მისი მეუღლე ქაიხოსრო II ათაბაგის ასული თამარი და ძე ქაიხოსრო I გურიელი.

ღვთისმშობლის ხატი, დ. ერმაკოვი №120

დიმიტრი ბაქრაძე თავის 1873 წლის „მოგზაურობაში“ და ნიკოდიმ კონდაკოვი 1890 წელს აღწერენ დიდ ხატს. იგი შეტანილი აქვს თავის კატალოგში დიმიტრი ერმაკოვსაც (№120).

მოოქროვილი ვერცხლის ჭედური დიდი ხატის ზმოები იყო: სიგრძე 1 არშინი და 4 გოჯი, სიგანე 1 არშინი (90 × 72 სმ.). ამ ხატს შუაგულში მდებარეობდა მცირე ჩასადგმელი ხატი ღვთისმშობლისა ოქროს მოჭედილობით, 14 ძვირფასი თვლის, რომელთაგან 1 კაკლისოდენა იაგუნდი იყო, ხოლო 4 ცოტათი მომცრო ფირუზი. მის (შიდა ხატის) ქვედა არშიაზე შემდეგი წარწერა იკითხებოდა:

ვიკიციტატა
„...ႰႨႪႫႠႬ჻ ႡႲႬႫႬ ႫႫႨႠ჻ ႫႤႺႾႤႣႰႤႫႬ ႹႬႫႬ჻ ႣႤႣႴႪႫႬ : ႧႨႬႠႧႨႬ ႠႢႨ... ႲႻႰႨ჻ ႣႠ ႫႳႢႽႤႣႤႧ : ႾႲႨ ႩႳႣႰႨႱႠ ႶႧႨႱႫႸႡႪႨ : ႹႬႨႱႠ ႱႪႨႱႠ ႱႠႭႾႠႣ ႠႬ.“

დიდ ხატზე, ღვთისმშობლის შუახატის ქვემოთ მარჯვივ იკითხებოდა წარწერა:

ვიკიციტატა
„ႠႫ : ႳႵႫႱ : ႾႲႱႠ : ႷႪႱ ႠႾႪ ႼႤႪႨႼႣႱ : ႡႲႳႬႧႠႬ : ႫႨႠႱႥႤႬႡႣႤႬ : ႣႠ ႫႤႰႫႤ : ႴႰႾႥႱ ႳႩႠႬ ႠႵႠႥ : ႣႠႠႱႥႬႤႡႣႤႬ : ႣႠ ႬႳ ႫႭႸႪႨႠႬ : ႠႶႣႢႭႫႠႱႧ ႨႱႰႤ.“

დიდ ხატზე მარცხნივ უფრო მაღლა კიდეზე:

ვიკიციტატა
„ႵႠႬႱႠ : ႭႰႠႱ ႳႧႾႫႳႺႣႠ ႺႾႰႠႱႠ.“

წარწერებში მოხსენიებილი ისტყვა „ფერხვა“ (ႴႰႾႥႠ) საქართველოში, გურიის გარდა არსად გამოიყენებოდა. აქ იგი ნიშნავდა ხელში ხატით ახალი წლის მილოცვას. ამ ჩვეულებას განსაკუთრებით მტკიცედ იცავდნენ მთელ გურიაში და სრულდებოდა ახალი წლის მხოლოდ მეორე დღეს. ამ წესჩვეულების დეტალები მეტად საყურადღებოა. წარწერაში აღნიშნული მთავრის ჩვეულებას დიდი ზეიმით იცავდნენ დიმიტრი გურიელის ოჯახში. მისი სიტყვებით, ახალ წელს ხატი შემოქმედის ტაძრიდან საზეიმოდ გამოჰონდათ ხოლმე გურიელის სასახლემდე და კვლავ უკან აბრუნებდნენ.[2]

ხატზე მოხსენიებული პირების მამია II გურიელისა და მისი მეუღლის თინათინ დედოფლის მოღვაწეობის პერიოდი სავსებით ემთხვევა ხატზე არსებული თარიღს — 1601 წელს.

  1. ტრ. ი-ძე, მცირე მოგზაურობა გურიაში // სახალხო გაზეთი : გაზეთი, 1 ივლისი, 1910, № 45, გვ. 4.
  2. газ. «Кавказ», №20, 15 (27) თებერვალი, 1870