ყარაბაღული ცხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყარაბაღის ცხენი)
ყარაბაღული ცხენი
აზერ. Qarabağ atı

ყარაბაღული ცხენი სახელად აილეთმეზი, რომელზეც სწავლობს ხურშიდ ბანუ ნათავან-ჰაჯიევა, აკრედიტებული მეორე სრულიად რუსეთის გამოფენაზე. 1867 წლის სურათი.
ინფორმაცია ცხენზე
სამშობლო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
განმასხვავებელი თვისებები დგას 14-დან 15-მდე ხელის სიმაღლეზე
გავრცელების არეალი ყარაბაღის სახანო, ყარაბაღი

ყარაბაღული ცხენი (აზერ. Qarabağ atı) — მთიური ჯირითისთვის და საცხენოსნო ცხენი. მისი სახელი გამომდინარეობს გეოგრაფიული რეგიონიდან, სადაც თავდაპირველად გამოვიდა ცხენი, ანუ ყარაბაღიდან, რომელიც მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში. იგი დე-იურედ აზერბაიჯანის ნაწილია, მაგრამ მისი მაღალმთიანი ნაწილი ამჟამად მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშაა. ჯიში გამოირჩევა თავისი კარგი ხასიათით და სიჩქარით. მაგალითად, 2004 წელს ყარაბაღის ცხენმა სახელად „ქიშმიში“, აზერბაიჯანის ქალაქ აღდამში, 1000 მეტრი გაიარა 1 წუთსა და 9 წამში, ასევე 1600 მეტრი 1 წუთსა და 52 წამში.[1]

არსებობს აზრი, რომ ჯიში შეიძლება იყოს ნაჯვარი ახალ-თეკეს, სპარსულის, ყაბარდოს თურქომანის და არაბული ცხენის. მან ასევე გავლენა მოახდინა რუსეთის დონური ცხენის განვითარებაზე XIX საუკუნეში.[2] დღეისათვის, ყარაბაღის ცხენი გავრცელებულია, ძირითადად, აზერბაიჯანის შაქის რეგიონში. ამჟამად ჯიშის რიცხვი 1000 ითვლის და ემუქრება გადაშენება.[3]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღული ცხენები არ გამოირჩევიან სიმაღლით, ისინი 138-140 სმ არიან, კისერი საშუალო სიგრძის აქვთ, შუბლი მაღალი, თვალები ოდნავ ამობურცული, მოძრაობები სწრაფი. ყარაბაღის ცხენებს შორის განასხვავებენ ორ ტიპს: მკვრივი და მასიური, მოკლე და გრძელ ფეხებიანები. ისინი გამძლენი არიან გრძელ გზაზე, მთებში აჩქარებული ტემპით საათში 10 კმ-მდე გადიან. შრომისუნარიანობით ყარაბაღული ცხენები შედარებულია არაბულ, ახალთექისა და რუსულ ჯიშის ცხენებთან. ძველ დროს ყარაბაღული ცხენები გამოირჩეოდნენ სილამაზითა და გრაციოზულობით[4].

ყარაბაღული ცხენების შეფერილობა ძირითადად არის წითური, წაბლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი[5].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ყარაბაღული ცხენები არაბული ცხენის განვითარებაზე გავლენას ახდენდნენ. ეს ფაქტები XIX საუკუნეში მრავალი კვლევის შედეგად იქნა აღმოჩენილი[6].

ყარაბაღის სახანო ცნობილი იყო ცხენების მოყვანით. სახანოში იყო გაშენებული ცხენების  ფერმა, სადაც მათ არ ყიდიდნენ, მაგრამ საჩუქრებად გზავნიდნენ[7].

არსებობს რამდენიმე მტკიცებლება იმისა, რომ ყარაბაღის სახანოს მმართველს იბრაჰიმ-ხალილს ჰყავდა ცხენების ნახირი, რომელშიც 3000-4000 ცხენი იყო, პირველ რიგში ყარაბაღული ცხენები. XIX საუკუნის განმავლობაში ყარაბაღული ცხენები პოპულარულები გახდნენ ევროპაში[8]. ინგლისურმა კომპანიამ 60 ცხენი შეისყიდა მეჰდიყულუ-ხანისგან, რომელიც ყარაბაღის სახანოს უკანასკნელი მმართველი იყო.

ყარაბაღული ცხენი მეტსახელად "ხანი"

ყარაბაღულმა ცხენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთის დონის ჯიშების ფორმირების პროცესში.

1805 წელს ყარაბაღი გახდა რუსეთის ნაწილი. მეჰდიყულუ ხანი, რომელიც იბრაჰიმ ხანის შემდეგ მართავდა, არ იყო დაინტერესებული ნახირის განვითარებაში, რის შედეგადაც შემცირდა ხანის ცხენების რაოდენობა. 1822 წელს მეჰდიგულუ ხანი სპარსეთისკენ გაიქცა და მისი საუკეთესო ცხენები საჩუქრად გადაეცა მის ახლობლებს. მეჰდიყულუ ხანისგან განსხვავებით, მისი ქალიშვილი ხურშიდბანუ ნათავანი აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღული ცხენების მეურნეობების განვითარებაში[6].

ნათავანის ყარაბაღულმა ცხენებმა მონაწილეობა მიიღეს უნივერსალის გამოფენაში (1867), სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში მოსკავში (1869), თბილისში (1882) და დაჯილდოვდნენ ოქროს მედლებითა და საპატიო სიგელებით. ყარაბაღული ცხენები ასევე დაჯილდოვდნენ 1869 წელს რუსეთის გამოფენაზე[6].

ყარაბაღულ ცხენებს იყენებდნენ რუსი ოფიცერები, რომლებიც კავკასიაში მსახურობდნენ. რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი, რომელიც 1829 წელს ერზურუმში მიემგზავრებოდა, საკუთარ შენიშვნებში წერდა, რომ ახალგაზრდა რუსი ოფიცერები აზერბაიჯანულ ცხენებზე ამხედრებულნი იყვნენ[9].

XX საუკუნის დასაწყისში ყარაბაღული ცხენების რაოდენობამ იკლო. ეს დაკავშირებული იყო სამოქალქო და ეთნიკური ომის გამო კავკასიაში და მთლიანად ყარაბაღში. საწარმოები, რომლებიც ყარაბაღის ხანების მიერ იყო შექმნილი და შემდგომში შემუშავებული მათი მემკვიდრეების მიერ დანგრეულ იქნა 1905 წელს. ამ ცხენების შერწყმა დაიწყეს სხვა ჯიშებთან, რამაც ცვლილებები გამოიწვია მათ ფიზიკურობაში, მათ შორის სიმაღლის შემცირებაში[10].

1949 წელს ჯიში აღდგენილ იქნა აღდამში, აზერბაიჯანში[11]. 1956 წელს კი ყარაბაღული ცხენები მეტსახელად ზამანი საბჭოთა ხელისუფლებამ გადასცა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს[12].

დღესდღეობით ყარაბაღული ცხენები მრავლდებიან ორ ცხენთსაშენში: სოფელ ლამბარანში და აღსთაფაში. ყარაბაღის ომის გამო ცხენთა რაოდენობამ საკმაოდ იკლო[13].

ბოლო წლებში აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცხენოსნობის განვითარებას. ყარაბაღის ცხენის ექსპორტი აკრძალულია.

2013 წელს, ტრადიციული ყარაბაღული ცხენების საცხენოსნო თამაში ჩოვგანი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა[14].

2017 წლის 13 თებერვალს ისლამური სოლიდარობის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა წარადგინა მასკოტები: ყარაბაღული ცხენები ინჯა, რომელიც წარმოადგენდა სილამაზესა და სათუთობას; ჯესური, რომელიც თავდაჯერებულობასა და თავისუფლების სიყვარულით გამოირჩეოდა[15].

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღული ცხენი შეიძლება იხილოთ XIX საუკუნის რუს მხატვართა ტილოებზე.

ყარაბაღული ცხენები გამოსახულია საფეხბურთო კლუბ ყარაბაღის ემბლემაზე[16]. ცხენები აღდამისა და შაქის მუნიციპალიტეტების ოფიციალური სიმბოლოა.

ყარაბაღული ცხენები ნახსენებია ყურბან საიდის წიგნში „ალი და ნინო“[17]. ასევე ამ ჯიშის ცხენები აღწერილია მიხაილ ლერმონტოვის პოემაში „დემონი“[18], აკაკი ბელიაშვილის რომანში „ბესიკი“[19] და სხვა.

2012 წელს ყარაბარული ჯიშის ცხენები გამოჩნდნენ უინძორის სასახლის საცხენოსნო გამოფენაში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ელისაბედ მეორის ბრილიანტის იუბილეში[20].

2017 წლის მარტში ბელგიაში გაიხსნა ყარაბაღული ცხენების ძეგლი[21].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Qarabağ atları da əldən gedir... (აზერბაიჯანული)
  2. Zoo encyclopedia:Карабахская лошадь დაარქივებული 2018-12-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  3. Карабахская порода лошадей დაარქივებული 2009-04-10 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  4. Карабахская лошадь
  5. Карабахские лошади
  6. 6.0 6.1 6.2 Карабахские лошади
  7. ИСТОРИЧЕСКИЯ ВЫПИСКИ
  8. AZERBAİJAN KARABAKH HORSE
  9. Путешествие в Арзрум
  10. Karabakh Horse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-21. ციტირების თარიღი: 2018-10-20.
  11. Qarabağsız qalan Qarabağ atları - (აზერბაიჯანული)
  12. Как были доставлены Заман и Меле-Куш в Англию. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-23. ციტირების თარიღი: 2018-10-20.
  13. Azerbaijan fights to protect national animal from extinction
  14. Chovqan, a traditional Karabakh horse-riding game in the Republic of Azerbaijan
  15. Объявлены Маскоты Игр Исламской Солидарности Баку 2017
  16. Country Profile: Azerbaijan
  17. THE KARABAKH HORSE RESURGENT
  18. IN KARABAKH A FIERY CHESTNUT BRED
  19. Акакий Белиашвили. Бесики; Золотой шатёр. — Заря Востока, 1967. — С. 41. — 777 с.
  20. Karabakh horses take stage in London
  21. Karabakh horse monument unveiled in Belgium