ღირსების ლეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსების ლეგიონი (ფრანგ. Légion d’Honneur Russe) — პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიის არმიის სამხედრო მოსამსახურეთა მიერ შექმნილი იმპერიის სიმბოლოების მატარებელი ერთადერთი სამხედრო შენაერთი, რომელიც სამოკავშირო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობდა იმპერიის რღვევის მიუხედავად.[1]

რუსეთის საექსპედიციო კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიის მთავრობებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლითაც საფრანგეთიდან მიწოდებული იარაღის სანაცვლოდ რუსეთი საფრანგეთის სარდლობის ხელმძღვანელობის ქვეშ საომრად გააგზავნიდა სამხედრო შენაერთებს რუსეთის საექსპედიციო კორპუსის სახელწოდებით. შეთანხმების ფარგლებში მოხდა 4 სამხედრო ბრიგადის ფორმირება - 1916 წელს 2 ბრიგადა ჩაერთო ბრძოლებში საფრანგეთის ტერიტორიაზე, 2 კი - მაკედონიაში.[2]

ბრიგადებმა განიცადეს დიდი დანაკარგები, რის გამოც 1917 წლის გაზაფხულზე შევსებისა და რეორგანიზაციისთვის მოიხსნენ ფრონტიდან და განთავსდნენ ბანაკებში, მაგრამ რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯარისკაცებში გაძლიერდა სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც მისი შესრულების შეუძლებლობის პირობებში გადაიზარდა არეულობაში.      

არეულობა ჩახშობილ იქნა რუსეთის მართვაში დარჩენილი და საფრანგეთის სამხედრო ძალების მიერ, მოთავენი და კრიმინალში მხილებული ჯარისკაცები დასჯილ იქნენ საფრანგეთის სამართალდამცველების მიერ, მაგრამ მიუხედავად საექპედიციო კორპუსის სამხედროთა ნაწილის სურვილისა გაეგრძელებინათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მისი შემდგომი ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა და სექტემბერში ის დაშლილად გამოცხადდა.[2]

ღირსების ლეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხოვნების, სურვილების, რუსეთის ხელისუფლების არეულობის და თავიანთი შესაძლებლობის გათვალისწინებით საფრანგეთის ხალიუფლებამ ქვეყანაში ლეგალური სტატუსის გარეშე დარჩენილ რუს სამხედროებს ასარჩევად შესთავაზა შემდეგი ვარიანტები - 1. შესულიყვნენ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში, რომელიც ფუნქციონირებდა მხოლოდ ფრანგი ოფიცრების მეთაურობით; 2. შეემნათ რუსული ლეგიონი, რომელიც რუსეთის ოფიცრების ხელმძღვანელობით და გარკვეული ატრიბუტიკის შენარჩუნებით შევიდოდა ფრანგული არმიის შემადგენლობაში. 3. ჩამოყალიბდნენ მუშათა ბრიგადებად, რომლებიც იმუშავაბდნენ საფრანგეთში ან ალჟირში.[3]

რუსეთის ოფიცერთა ძალისხმევით ჩამოყალიბდა 4 ბატალიონი. ერთ-ერთის ხელმძღვანელი იყო პოლკოვნიკი გიორგი გოთუა. მისი მეთაურობით მებრძოლები ფრონტისაკენ გაემართნენ 1917 წლის დეკემბერში, საფრანგეთის არმიის წამყვანი 1-ლი მაროკოული დივიზიის შემადგენლობაში საბრძოლველად. მოგვიანებით მათ შემოუერთდათ სახვა ბატალიონებში რიცხულ მებრძოლთა ნაწილი და მოხდა რუსული ლეგიონის ფორმირება.[4]

ლეგიონმა სახელი გაითქვა გერმანელების პარიზზე შეტევის მოგერიებისას, ჯერ 1918 წლის მარტში ამიენთან, შემდეგ კი განსაკუთრებით მაისში სუასონთან - შეტევის შეჩერებისას მან განიცადა უდიდესი დანაკარგი, მაგრამ მისი გმირობა სათანადოდ იქნა შეფასებული საფრანგეთის სარდლობის მიერ გაცემული ჯილდოებით და პრესაში გამოქვეყნებული ეპიტეტებით, რომელმაც მას „ღირსების ლეგიონი“ შეარქვა.[3][4]

ღირსების ლეგიონის მეთაურად 1918 წლის 10 აგვისტომდე სახელდება პოლკოვნიკი გოთუა, მაგრამ ბრესტის ზავის შემდეგ მოხდა ლეგიონის საფრანგეთის არმიის სტრუქტურაში ინტეგრაცია და შემდგომში ლეგიონის მეთაურებად სახელდებიან ფრანგი ოფიცრები, თუმცა პოლკოვნიკი გოთუა ბოლომდე კურირებს მას.[1][3]

1918 წლის სექტემბერში ლეგიონმა კვლავ გაითქვა სახელი და შევიდა ისტორიაში - მან პირველმა გაარღვია გერმანელების „გინდერბურგის ზღუდე“, რასაც შემდგომში მოყვა ამ დამცავი ზღუდის სრული რღვევა და ზავის გამოცხადება. ამის შემდეგ ლეგიონი გერმანიის ქალაქებში ასრულებდა გარნიზონის ფუნქციებს, წლის ბოლოს დაბრუნდა საფრანგეთში, დეკემბერში კი დაიწყო დემობილიზაცია.[1][2][3][4]

საბრძლო ოპერაციების დასრულების შემდეგ მას ბევრი არასანდო რუსი სამხედრო მიეკედლა. საფრანგეთის მთავრობა ცდილობდა, რომ სწრაფად მოეცილებინა რუსი სამხედროები და ერთდროულად დახმარებოდა გენერალ დენიკინს. ამიტომ მაქსიმალურად ხელი შეუწყო ლეგიონის დიდი ნაწილის დენიკინის არმიაში შესვლას და მის რუსეთში გამგზავრებას. პოლკოვნიკი გოთუა კეტეგორიულად წინაღმდეგი იყო ნაჩქრები გადაწყვეტილების — მან 1918 წლის დეკემბერში წერილი გაუგზავნა შესაბამის ბანაკის ხელმძღვანელს, რომლითაც ითხოვდა შემსვლელთა სანდოობის შემოწმებას, სათანადო მომზადებას, დაკოპლექტებას და აღჭურვას, მაგრამ უკვე 1919 წლის თებერვალში მებრძოლები გემიდან გადმოსხეს ნოვოროსიისკში, სადაც მათმა დიდმა ნაწილმა დახოცა ოფიცრები და გაემართა წითლებთან შესაერთებლად, თუმცა მასაც მიეწიენ კაზაკები და უმრავლესობა დახოცეს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Керсновский А.А. История русской армии, т.4, Москва,” Голос”, 1994, გვ.215
  2. 2.0 2.1 2.2 Cockfield, Jamie H. With Snow on Their Boots: The Tragic Odyssey of the Russian Expeditionary Force in France During World War I. ISBN 0-312-17356-3
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 https://www.brigadesrusses.fr/Legions_Russe_Etrangere.h.htm
  4. 4.0 4.1 4.2 "The Volunteers of the Russian Expeditionary Corps in the Moroccan Division during the Second Battle of Marne"by Henri Maurel.