ზაქარია ქურდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქურდიანი, ზაქარია)
Jump to navigation Jump to search
Qurdiani 5.jpg

ზაქარია ქურდიანი (დ. 1909 – გ. 1983) — ქართველი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქარია ქურდიანი დაიბადა 1909 წელს. იგი არის ქურდიანების დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც მომდინარეობს გიგო (გრიგოლ) ქურდიანიდან (1873-1957). გიგოსგან მემკვიდრეობა მისმა ვაჟმა არჩილ ქურდიანმა გადაიბარა, რომელიც საფეხბურთო სტადიონ დინამო არენას პროექტის ავტორია. ზაქარია მისი ბიძაშვილი იყო, ხოლო გიგოს, შესაბამისად – ძმიშვილი.

ზაქარია ქურდიანმა 1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით. პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. იგი 1934-1944 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. შემდეგ, 1954-1970 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტში კოლეგიის წევრი იყო და ხელმძღვანელობდა ქალაქმშენებლობის სამმართველოს. ზაქარია ქურდიანი 1965 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩა ამჟამად ატარებს მის სახელს.

ზაქარია ქურდიანი გარდაიცვალა 1983 წელს, 74 წლის ასაკში.

პიროვნება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან მრავალი ნაგებობა დაუტოვა თბილისს. ცალკე აღსანიშნავია თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგურის რეკონსტრუქცია, სადაც მისი გეგმითვე გაკეთდა რესტორანი და მთაწმინდის პარკიც, ფუნიკულიორის ზედა სადგურის ვერანდა ავტორმა 1935 წელს 26 წლის ასაკში, მეუღლესთან, ნადეჟდა ქურდიანთან (ქალიშვილობაში ხმელნიცკი) ერთად წარადგინა საქართველოს მთავრობის კომისიაზე, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მამადავითის პლატოს კეთილმოწყობა. პროექტს იმხელა მოწონება შეხვდა, რომ იგი ერთხმად იქნა მიღებული. გამწვანების გეგმა ეკუთვნოდა დენდროლოგ ნ. ციციშვილს. უკვე სამ წელიწადში, გამწვანებული პარკი თბილისელების წინაშე წარდგა.

ზაქარია, თავის ბიძაშვილ არჩილ ქუდრიანთან ერთად, 1952 წელს გორში იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის თანაარქიტექტორი იყო. ხოლო, საკუთრივ ძეგლის მოქანდაკეობა, მაშინ შოთა მიქატაძეს ერგო. ასევე, ზაქარია-ნადეჟდა ქურდიანების ტანდემის პირმშოა ვერის (ყოფილი კიროვის) ბაღი. ზაქარია ქურდიანმა ორჯერ, 1934-36 და 1945-48 წლებში, შექმნა თბილისის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა, მათთან ერთად – ქუთაისისა და რუსთავის განვითარების გეგმებიც.

როგორც ზაქარიას შვილი ლამარა ქურდიანი იხსენებს: „როდესაც დედა ჩემზე ფეხმძიმედ იყო, სარემონტო მშენებლობისას ლავრენტი ბერიას დაუნახავს, რაზეც საშინლად გამწყრალა ორსული ქალი, რომ ასეთ სამუშაოებს ასრულებდა. მაგრამ, როცა შეიტყო, რომ დედა თავად იყო რეკონსტრუქციის პროექტის არქიტექტორი მეუღლესთან ერთად, დამშვიდებულა და მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნანახი შედეგით კმაყოფილს და გახარებულს, მამასთვის თბილისში ნებისმიერი ბინის არჩევა შეუთავაზებია. მამას არჩევანი ყოფილ ვორონცოვის მოედანზე ე.წ. „მოდელების სახლზე“ შეუჩერებია, საიდანაც საკუთარ შემოქმედების მარგალიტს, ყოველ საღამოს, ანთებული ლამპიონებით გალამაზებულს და მორთულს, აივნიდან ტკბილად და სიამოვნებით აკვირდებოდა. ამასთანავე, მამა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფუნიკულიორის რეკონსტრუქციაში მისი მეუღლის წვლილი 99% იყო და თავისი სულ რაღაც 1%“.

მეტროპოლიტენის გაყვანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

​მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა თბილისში XX საუკუნის 30-იან წლებში, მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყებისთანავე გაჩნდა. აღნიშნული მშენებლობის განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო ზაქარია ქურდიანი, იმ პერიოდში – თბილისის მთავარი არქიტექტორი, რომელმაც საქალაქო საბჭოს ნებართვით პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1937-1940 წლებში წამოიწყო. ვიქტორ გოცირიძის მემუარებში ნახსენებია: „1940 წელს თბილისში, ლენინის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), იქ, სადაც ახლა ცეკავშირის შენობაა, ვაგზლის მოედანზე – გასტრონომთან, 26 კომისრის რაიონში (ამჟამად ავლაბარი), კინოთეატრის პირდაპირ, გაჩნდა პირველი მწვანედ შეღებილი ღობეები, რომლის იქითაც მიწას ბურღავდნენ, აფეთქებდნენ, სხვა საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. აქ მეტროს მშენებლობა დაიწყებაო, რაღაც ჩურჩულით ამცნობდნენ ერთმანეთს თბილისელები. …თუმცა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სამუშაოები არ შეწყვეტილა. არც ღობეები აუღიათ. ამიტომ, მეტროპოლიტენის ნაცვლად სწრაფი ტემპებით დაიწყო თავშესაფრების მშენებლობა. მაშინ ასეულობით ადამიანი სწორედ ამ თავშესაფარში ეძებდა ხსნას“.

სწორედ ზაქარია ქურდიანის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა ქალაქში მეტროს მშენებლობის გეგმის დამტკიცება. საქალაქო საბჭოსთვის ასეთი მასშტაბური გეგმის განხორციელების ნებართვა ადვილი საქმე არ იყო.

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1965 – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]