ვერის ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთავარი შესასვლელი
ვერის ბაღი

ვერის ბაღი — დასასვენებელი ბაღი თბილისში, ვერის უბანში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მდებარეობს მ. კოსტავასა და ნ. ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერისუბნის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. ვერეს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე ლავრენტი არდაზიანისა და სხვათა საფლავები.

საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წ. დაიწყო მისი კეთილმოწყობა აგრონომ-დეკორატორ ა. მაჭავარიანის პროექტით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბაღს ტრადიციული დასახელება დაუბრუნდა.

ბაღის ფართობი დაახლოებით 4,0 ჰექტარია. პარტერისა და ტყე-პარკის კომპოზიციებში იზრდება 61 სახეობის მერქნიანი მცენარე, მათგან წიწვოვანია 10 სახეობა (ელდარისა და გრიფიტის ფიჭვები, პიმალაის კედარი, აღმოსავლური ნაძვი, ცეფალოტაქსუსი), ფოთოლმცვივანი 51 (კავკასიური ცაცხვი, აღმოსავლური და ნეკერჩხლისებური ჭადრები, დიადი ბოყვი, ბრომელია, გლედიჩია, წვრილფოთოლა და მთის მუხები, რცხილისებრი ძელქვა და სხვ.). რეკონსტრუქციის შემდეგ ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისათვის, 4 საჩოგბურთო მოედანი, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგითურთ, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და ქალაქის პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი. ვერის ბაღში განისვენებენ ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლები ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები; დგას ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი; მერაბ კოსტავას ბიუსტი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 38-39. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985