ქვაითის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვაითის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვაითში.

ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზეა განთავსებული, დღეის მდგომარეობით სრულად არც ერთი ფასადი არაა შემორჩენილი. გეგმაზე იკითხება შვერილი აფსიდის ორი წახნაგი. ტაძარს შესასვლელი კარის ღიობი დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე ჰქონია გაჭრილი. მცირე დარბაზული ეკლესია ნაგებია ირეგულარული ძვლისფერი ქვებით, ხოლო კუთხეებსა და კონსტრუქციული მნიშვნელობის ადგილებში გამოყვანილია კარგად თლილი სწორკუთხა, დაკეჭნილი კირქვის კვადრები. ტაძარს ჰქონია ორ-ორი სარკმლის ღიობი ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე, ხოლო აღმოსავლეთის შვერილი აფსიდი მხოლოდ გეგმის დონეზეა შემორჩენილი, თუმცა მისი პირდაპირი ანალოგის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტაძრის შვერილ აფსიდში სამი სარკმელი აქვს გაჭრილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მსგავსად იქნებოდა ქვაითის ტაძარზეც. ქვაითის ტაძრის ინტერიერში, დასავლეთით განთავსებულია სვეტის ბაზისები ზემოთ ხსენებული დარბაზული ეკლესიის მსგავსად, რაც გვაფიქრებინებს, რომ სოფელი მეორე ტოლას ტაძრის მსგავსად მოწყობილი უნდა ყოფილიყო პატრონიკე (სამგალობლო).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26739