ქეთო და კოტე (ოპერა)
ქეთო და კოტე — ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. იოსებ გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით პრემიერა გაიმართა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს.
„ქეთო და კოტეს“, ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის საოპერო თეატრების სცენაზე. ოპერის წარმატებას ხელი შეუწყო ნათელმა კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გამოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია მოცემული, პარალელურად ვითარდება ლირიკული ხაზი. დოლიძე ოპერაში აქტიურად იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკალური ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ვიქტორ დოლიძე იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. მან პირველმა შეიტანა ქართულ ოპერაში იუმორი, კომიზმი და სატირა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერა „ქეთო და კოტე“ დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის (1857-1902) პიესის „ხანუმას“ (1882) მიხედვით.
ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას „ქართველი ოსტროვსკიც“ კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც „ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან“. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.
1882 წელს შექმნილმა პიესამ „ხანუმა“ იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი იყო სერგეი სტოლერმანი. ოპერის პრემიერა გაიმართა 1919 წლის 11 დეკემბერს. ოპერამ დადგმისთანავე მოუტანა პოპულარობა მანამდე უცნობ კომპოზიტორს - ვიქტორ დოლიძეს. „ქეთო და კოტეს“ წარმატებული პრემიერის შემდეგ თეატრის სალარომ შეკვეთა მომდევნო ათი სპექტაკლის ბილეთებზე მიიღო. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი „ხანუმა“. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“.
ავქსენტი ცაგარელის პიესის სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა ვიქტორ დოლიძეს კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაებადა. კომპოზიტორის ერთი წლის მუშაობის შემდეგ დასრულებული პირველი ოპერა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა, თუმცა, ის გარკვეულ კორექტირებას საჭიროებდა ლიტერატურული გამართულობის თვალსაზრისით, ლიბრეტოს რედაქტირება ითავა თბილისური ყოფის ბრწყინვალე მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა. მან დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.
აღსანიშნავია, რომ პიესასთან შედარებით კომპოზიტორმა საგრძნობლად ხაზგასმული გახადა კომიკური საწყისი: ერთის ნაცვლად გამოიყენა ორი კინტო, გააძლიერა ორი მაჭანკლის ქიშპობა. მეტი კომიკური ეფექტურობისთვის ყოველ მოქმედ პირს საპირისპირო პერსონაჟი ჰყავს – გაკოტრებულ თავადს უპირისპირდება მდიდარი ვაჭარი, მაჭანკლებისა და კინტოების ანტიპოდები არიან ახალგაზრდა ინტელიგენტები – ქეთო და კოტე. ამდენად პარტიტურა აღსავსეა სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით.
„ქეთო და კოტე“ ვიქტორ დოლიძის ყველაზე პოპულარულ და ამავე დროს მხატვრული თვალსაზრისით მეტად ფასეულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტის, მოხდენილი სცენური დრამატურგიის მეოხებით ქართული მუსიკის ისტორიაში მან სამართლიანად დაიმკვიდრა ეროვნული კომიკური ოპერის ჟანრის კლასიკური შედევრის ადგილი. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.
ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერის რამდენიმე დადგმა განხორციელდა.
პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას „ქეთო და კოტე“ მოსკოვსა და ლენინგრადში ხვდა წილად 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.
სხვადასხვა დროს „ქეთო და კოტე“ საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – პოლონეთში (ორჯერ), ჩეხეთში, უნგრეთში, ბულგარეთში.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის 80-იანი წლები, თბილისის გარეუბანი
თავად ლევან ფალავანდიშვილის სახლში წვეულებაა. თავადი სანადიროდ არის წასული, ხოლო სტუმრებს მისი და, კნეინა მარო მასპინძლობს.[1]
ლევანი ნადირობიდან ბრუნდება. შორიდანვე მოისმის მისი ლაღი, მხიარული სიმღერა - თავადი შესანიშნავ გუნებაზეა. მაჭანკალი ბაბუსი ცდილობს ლევანს მდიდარი ვაჭრის - მაკარ ტყუილკოტრიაშვილის ლამაზი ქალიშვილი – ქეთო გაურიგოს. ეს ქორწინება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება - ვალებში ჩავარდნილი ლევანი ლამაზ საცოლესთან ერთად მისი მამის ქონებასა და თანხებსაც მიიღებს მზითვად, მაკარი კი წარჩინებულ გვართან დამოყვრდება.
ლევანს შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებული ძმისწული კოტე ეწვია. სტუმრებს ბაღში იწვევენ. კოტე ბიძას გამოუტყდება, რომ ცოლის მოყვანა აქვს განზრახული. თავის მხრივ ლევანიც ამბობს, რომ მასაც სურს დაოჯახება. საუბრის დროს კოტე იგებს, რომ ბიძამისს, რომელმაც არ იცის კოტეს საცოლის ვინაობა, მისი სატრფოს – ქეთოს ცოლად მოყვანა აქვს გადაწყვეტილი.
თავზარდაცემული კოტე ცნობილ მაჭანკალ ბარბალეს მიმართავს, რომელიც კარგი გასამრჯელოს ფასად დახმარებას პირდება.
ბარბალე და ბაბუსი კინკლაობენ – თითოეულს ლევანის მაჭანკლობა სურს. თავადი მათ წილის ჰყრას სთავაზობს. გამარჯვებული ბაბუსი დასცინის ბარბალეს, კინკლაობა ჩხუბში გადაიზრდება...
მეორე მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკარი კმაყოფილია - თავადთან დამოყვრებით მას გზა ეხსნება მაღალი წრის საზოგადოებისაკენ, - რასაც ესოდენ ნატრობდა.
ქეთოსა და თავად ლევანის ნიშნობის დღეს საპატარძლო სასოწარკვეთილებას შეუპყრია, რადგან მას ლევანის ძმისწული კოტე უყვარს.
ბარბალეს რჩევით კოტე როიალის ამწყობის როლში ჩნდება მაკარის სახლში. ქეთოს ბიძაშვილები, მაკარის ნოქრები საქო და სიქო ქეთოს გაბედნიერებას ულოცავენ. ქეთო მათ თავის გასაჭირს უხსნის და დახმარებას თხოვს. ბარბალეც თავის გეგმას სთავაზობს მათ.
იკრიბებიან სტუმრები. მაკარს ყალბ უწყებას მიართმევენ, თითქოს მას სასწრაფოდ იბარებს გამომძიებელი. შეშფოთებული მაკარი ბოდიშს იხდის სტუმრებთან და მიდის.
ლევანი მოუთმენლად ელის მშვენიერი საცოლის გამოჩენას. და აი ისიც - ქეთოს ტანსაცმელში გამოპრანჭული ბარბალე მანჭვა-გრეხით გამოდის. „საცოლის“ სიმახინჯით აღშფოთებული და შეურაცხყოფილი თავადი ხმალს იშიშვლებს. შეშინებული სტუმრები იფანტებიან.
მესამე მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკარი გაოცებულია, რომ თავადმა მისი ლამაზი ქეთო დაიწუნა. დახმარებისთვის ბარბალეს მიმართავს, რომელიც ვაჭარს ჰპირდება, რომ ერთ საათში ქეთოსა და თავადს ჯვარს დასწერს. ბარბალე წერილობით პირობას ართმევს მაკარს, რომ იგი თანახმაა ჯვარი დაიწერონ ქეთომ და...- დაბნეულ მაკარს სასიძოს სახელი ავიწყდება... – კოტე, კარნახობს მოხერხებული ბარბალე.
ქეთო და ბარბალე ეკლესიისკენ მიიჩქარიან, სადაც მათ კოტე ელოდება.
შემორბის აღელვებული ბაბუსი... ყველაფერს ფარდა ეხდება, მაგრამ უკვე დაგვიანდა: ქეთომ და კოტემ ჯვარი დაიწერეს.
თავადი ლევანი აღარ ბრაზობს – მეტოქე მისივე ძმისწული აღმოჩნდა. თავადი მამულის ნახევარს ჩუქნის კოტეს. ყველაფერი საერთო მხიარულებით მთავრდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტორაძე., გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 610.