ფრუტო ჩამორო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩამორო (მრავალმნიშვნელოვანი).
ფრუტო ჩამორო
ფრუტო ჩამორო
ნიკარაგუის 30-ე უმაღლესი დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 1853 – 30 აპრილი, 1854
წინამორბედიხოსე ლაურეანო პინედა უგარტე
მემკვიდრეფრუტო ჩამორო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი, 1854 – 12 მარტი, 1855
წინამორბედიფრუტო ჩამორო
მემკვიდრეპონსიანო კორალ აკოსტა

მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი

ფრუტო ჩამორო პერესი (ესპ. Fruto Chamorro Pérez, დ. 20 ოქტომბერი, 1804 — გ. 12 მარტი, 1855) — ნიკარაგუის 30-ე უზენაესი დირექტორი და 1-ლი პრეზიდენტი. იგი იყო ნიკარაგუის ბოლო ხელისუფალი, რომელსაც ეწოდებოდა უზენაესი დირექტორი და ნიკარაგუის პირველი პრეზიდენტი. მიეკუთვნება ჩამოროთა პოლიტიკურ ოჯახს.

ფრუტო შეეძინა იოსეფა პერესს ქალაქ გვატემალაში 1804 წელს. ფრუტოს მამა კი იყო ნიკარაგუელი პედრო ხოსე ჩამორო არგუელო, რომელიც გვატემალაში ჩასულიყო განათლების მისაღებად. სწავლის დასრულების შემდეგ კი იგი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და 1814 წელს ცოლად შეირთო ხოსეფა მარგარიტა ალფარო მონტეროსო. ფრუტო იზრდებოდა გვატემალაში და იქვე დადიოდა სკოლაში. მას იცნობდნენ, როგორც ფრუტო პერესს. მამამისმა, რომელსაც ჰყავდა ექვსი შვილი თავის ცოლთან, ფრუტო თავის შვილად აღიარა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 1824 წელს. ფრუტოს დედინაცვალმა კი აიძულა ფრუტო ჩამორო პერესი გამოეყენებინა თავის სახელად.

მამის გარდაცვალება აიძულებს ფრუტოს დატოვოს ოჯახი და დაბრუნდეს ნიკარაგუაში, რათა თავის თავზე აეღო ოჯახის გაძღოლის პასუხისმგებლობა და მიეღო მამის მდიდარი მემკვიდრეობა. მისი ნახევარძმები და დები პედრო ხოაკინი, დიონისიო, კარმენი, მერსედესი და ფერნანდო აღიზრდებიან მისი მეურვეობის ქვეშ.

ფრუტოს მამა იყო ნიკარაგუის კონსერვატული პარტიის ერთ-ერთი დამფუძვნებელი. ფრუტო უძღვებოდა კონსერვატორთა საქმეებს და გახდა კიდეც ახლად დაარსებული პარტიის აქტივისტიც. 1836 წელს იგი გახდა წარმომადგენელი სახელმწიფო ასამბლეაში, 1839–1842 წლებში კი იყო ნიკარაგუის სახელმწიფოს სენატორი.

1842 წელს ხელი მოეწერა „ჩინანდეგას პაქტს“ და შეიქმნა ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები. მასში შედიოდნენ გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა. ფრუტო ჩამორო დანიშნეს კონფედერაციული ხუნტის უმაღლეს დირექტორად. მან რეზიდენციად აირჩია სან მიგელი, სალვადორში. მალე ამ გაერთიანებიდან გვატემალა გამოვიდა და ახალშექმნილი კონფედერაცია დაიშალა.

1845 წელს ფრუტო ჩამორო დაინიშნა გრანადის პრეფექტად, სამხედრო გუბერნატორად და ფინანსთა მინისტრად. 1851 წლის ნოემბერში ლაურეანო პინედას უმაღლესი დირექტორობის დროს დაინიშნა არმიის უმაღლეს მთავარსარდლად.

ფრუტო ჩამორო პერესის მემორიალი გრანადაში, ნიკარაგუა

ფრუტო ჩამორომ 1853 წლის 1 აპრილს თავი ნიკარაგუის უზენაეს დირექტორად გამოიცხადა. ჩამორო აღარ დაყოვნებულა და კონსერვატორების თანადგომით დედაქალაქი კონსერვატორების ციხესიმაგრე გრანადაში გადაიტანა. 1854 წლის 20 იანვარს მოიწვია დამფუძვნებელი ასამბლეა, რათა მიეღო ახალი კონსტიტუცია ლიბერალების არდასწრები გამო. ისინი ფაქტობრივად, ქვეყნიდან წავიდნენ მთავრობის გრანადაში გადასვლის გამო. იმავე წლის მარტში ფრუტო ჩამორომ უარი თქვა უმაღლესი დირექტორის ტიტულზე და მიიღო ნიკარაგუის პრეზიდენტის წოდება. ჩამოროს ეს ნაბიჯი ლიბერალებმა აღიქვეს, როგორც პროვინციული ოლიგარქიის აღდგენად, ფეოდალური ეკონომიკური სისტემის გაგრძელებად და მთელი ცენტრალური ამერიკის რეაქციონერული ძალების გაერთიანების ხელშემშლელ პირობად.

1854 წლის მაისში მათ გამოაცხადეს სამოქალაქო ომი და დააარსეს საკუთარი მთავრობა ლეონში ჰონდურასისა და სალვადორის მთავრობების მხარდაჭერით. აჯანყებულთა ჯარები გენერალ მასიმო ხერესის წინამძღოლობით დაიძრნენ გრანადისაკენ ქალაქის ასაღებად. ჩამორომ გადასცა აღმასრულებელი ხელისუფლება არმიის მთავარსარდალ ხოსე მარია ესტრადას, რომლის თავდაცვითი მოქმედებები წარმატებული აღმოჩნდა. რის შედეგდაც ლიბერალების შემდგომი თავდასხმები ქალაქ გრანადაზე წარუმატებელი აღმოჩნდა.

თავად პრეზიდენტი ჩამორო, 1855 წლის 12 მარტს გარდაიცვალა დიზინტერიით, თავის მამულში ქალაქ გრანადასთან ახლოს. ფრუტო ჩამორო დაქორწინებული იყო მერსედეს ავილაზე, რომელთანაც შვილი არ შესძენია.