ფეოდალური არისტოკრატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფეოდალური არისტოკრატიათბილისში, ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული ზედაფენა. აერთიანებდა სამეფო საგვარეულოსა და წარჩინებული წოდების („აზნაური“„დიდებული“, მოგვიანებით „აზნაური“„თავადი“) საერო და სასულიერო წარმომადგენლებს. შუა საუკუნეებში ფეოდალურ არისტოკრატიას ხელთ ეპყრო ქალაქის პოლიტიკური, სამხედრო თუ ადმინისტრაციული მართვის სადავეები რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ფეოდალურ ურთიერთობათა საყოველთაო გავრცელებით. ქალაქზე ბატონობა ფეოდალური არისტოკრატიისთვის წარმოადგენდა არამარტო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების საფუძველს, არამედ სიმბოლოსაც. ამიტომ იგი ჩანასახშივე სპობდა ქალაქის თვითმმართველობის ყოველგვარ გამოვლინებას. ამ მიმართულებით ფეოდალური არისტოკრატიის წარმატება დავას არ იწვევდა — შუა საუკუნეების საქართველოში ვერც ერთმა ქალაქმა ვერ შეძლო ეგრეთ წოდებული „თავისუფალი ქალაქის“ სტატუსის მოპოვება.

თბილისი, ფეოდალური კუთვნილების ფორმით, ერთდროულად სამეფო ქალაქიც იყო და ქვეყნის დედაქალაქიც. ცხადია, ეს არ ითქმის თბილისში უცხოელთა ბატონობის ხანნგრძლივ პერიოდებზე, რაც ზოგჯერ საუკუნეობით გრძელდებოდა. თბილისზე თავისი ფეოდალური საკუთრების უფლება საქართველოს სამეფო სახლმა 1121 წლიდან, ესეიგი მისი შემოერთების დროიდან აღიდგინა. სამეფო ხელისუფლების სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავდა თბილისის ვაჭრულ-ხელოსნური მოსახლეობის დაყმევებასა და მისი საქმიანობის ჩაყენებას ფეოდალური არისტოკრატიის ეკონომიკური ინტერესების სამსახურში. აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის სამეფო ხელისუფლებამ მოკავშირედ გაიხადა თბილისის მოქალაქეთა ზედაფენა — დიდვაჭრები, რომელთაც მთელი რიგი შეღავათები თუ დამატებითი პრივილეგიები მიანიჭა და ამით მკვეთრად დაუპირისპირა მოქალაქეთა დანარჩენ ფენებს. ამ გზით თბილისის ერთი-ორი დიდვაჭარი კეთილშობილის წოდებამდეც კი ამაღლდა და ფეოდალურ არისტოკრატიაში მოექცა.

მას შემდეგ, რაც ფეოდალურმა არისტოკრატიამ საბოლოოდ განიმტკიცა თბილისზე თავისი პოლიტიკური და სოციალური ბატონობა, იგი ჩაერია ქალაქის სავაჭრო ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, მჭიდროდ დაუკავშირდა ქალაქის მსხვილ სავაჭრო-საფინანსო წრეებს და ხშირ შემთხვევაში უშუალო მონაწილეობასაც კი იღებდა მათ საქმიანობაში. საქალაქო ცხოვრებისადმი განსაკუთრებით ფართო დაინტერესებას იჩენდნენ საეპისკოპოსო და საკათალიკოსო საყდრები და მონასტრები, რომელთაც თბილისში მრავალრიცხოვანი ყმა ვაჭარ-ხელოსნები ჰყავდათ და სავაჭრო ნაგებობები — ქულბაქები ჰქონდათ გამართული. საქალაქო მეურნეობისა და კულტურის ცხოვრების არნახული აღმავლობა ფეოდალური არისტოკრატიის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა თბილისში. სამეფო კარზე, სახელმწიფო და საქალაქო დაწესებულებებში სამსახური ერთიორად ზრდიდა მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წონას. მონღოლთა ბატონობის დროიდან პირუკუ პროცესი დაიწყო — ძირძველი ფეოდალური არისტოკრატია საგვარეულო რეზიდენციებში ჩაიკეტა. მაღალი სამოხელო თანამდებობები სიმდიდრით აღზრდილმა დიდვაჭრებმა იგდეს ხელთ. თბილისის მოქალაქეებმა ფაქტობრივად თავი დააღწიეს ფეოდალური არისტოკრატიის ბატონობას. ამ დროიდან სამეფო ხელისუფლებას უკვე ერთდროულად უხდებოდა ბრძოლა თბილისში გაბატონებულ უცხოელთა საოკუპაციო რეჟიმისა და მოქალაქეთა ანტიფეოდალური გამოსვლების წინააღმდეგ.

გვიანდელ შუა საუკუნეებში თბილისის ფეოდალური არისტოკრატია კვლავ ახერხებდა შელახული პრივილეგიების აღდგენასა და მკვეთრად აფართოებდა საქალაქო ცხოვრებაში თავისი მოღვაწეობის სფეროს. საბატონო მეურნეობა და რენტა უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა არისტოკრატთა გაზრდილ მოთხოვნებს. საქალქო მეურნეობა და სასაქნლო წარმოება მათი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ამ დროისთვის ფეოდალური არისტოკრატიის არაერთი წარმომადგენელი თბილისში ფლობდა სავაჭრო-ეკონომიკური დანიშნულებების საკმაოდ მსხვილ უძრავ ქონებას — სამრეწველო საწარმოებს „ქარხნებს“, სამღებროებს, ქარვასლებს, სახელოსნო და სავაჭრო დუქნებს, აბანოებსა და ა. შ. ქალაქში საგრძნობლად იმატა ფეოდალურ არისტოკრატიათა რაოდენობა თუ XVII საუკუნეში სამეფო სახლის წარმომადგენელთა გარდა თბილისში მხოლოდ თითო-ოროლა თავადსა და აზნაურს ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში მუდმივად ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი თავადი და 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. XIX საუკუნეში ფეოდალური არისტოკრატიის ლტოლვამ ქალაქისკენ კიდევ უკვე ფართო ხასიათი მიიღო, მაგრამ ამ დროისთვის, რუსეთის მმართველობის დაწესებულებასთან დაკავშირებით, მკვეთრად დაეცა მისი როლი საქალაქო ცხოვრებაში. პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ბატონობას ჩამოშორებული ფეოდალური არისტოკრატია მოუმზადებელი აღმოჩნდა აღმავლობის გზაზე მდგარი მესამე წოდებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გასაწევად. ამის შემდეგ მისი ერთადერთ პრივილეგიად წოდებრივი უპირატესობა რჩებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]