სამღებრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სამღებრო - ლილახანა, თბილისში ძველთაგანვე გავრცელებული სახელოსნო, XVIII საუკუნიდან უკვე მანუფაქტურის ტიპის საწარმო, სადაც მშაობდნენ მღებრები და მღებავები. ეს ტერმინები ს. ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „მღებარი“ - საღებავის მცოდინარე ოსტატი; საღებავის ოსტატი“, ხოლო „მღებავი - ღებვის მოქმედი, ღებვის მქმნელი“, ესეიგი მღებარი საღებავს ამზადებდა, მღებავი კი ღებავდა. თუ ქალაქში არ იყო გამოცდილი მღებარი, სხვა ადგილიდან მოჰყავდათ, ასევე ცდილობდნენ კარგი ოსტატი - მღებავი დაექირავებინათ თავისი მქარგავ-შეგირდებიანად. ამგვარად, XVIII საუკუნის თბილისში უკვე დაქირავებულ შრომასთან გვაქვს საქმე, რის საფუძველზეც ნ. ბერძენიშვილი დაასკვნის:

ვიკიციტატა
„ეს უკვე მანუფაქტურაა და არა საშუალო საუკუნეების სახელოსნო.“

1773 წელს თბილისში ჩამოსული ი. გიულდენშტედტი ქალაქის ხელოსნებს შორის მღებავებსაც ასახელებს. სამღებროს ადგილსამყოფელის შესახებ ცნობას ვხვდებით იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“: ქალაქის დასათვარიელებლად წასულმა ზურაბმა და ბერმა ქურქჩების დუქნების შემდეგ „ნახეს ლილხანა“, საღებავით - ლალით სავსე დიდრონი ქვევრები. მღებავთა უბანი, ერთ რიგად ჩამწკრივებული დუქან-სახელოსნოებით, მდებარეობდა ბატონის (ზემო) მოედნის სამხრეთ-დასავლეთით, შუა ბაზრის (ახლანდელი კ. ლესელიძის ქუჩა) მარცხენა მხარეს, ერეკლეს მოედანზე გამავალ ჩალაუბნის (ახლანდელი შ. ყავლაშვილის) ქუჩის ადგილას (ამჟამად არსებულ სამღებროს ქუჩას არაფერი საერთო არა აქვს XVIII საუკუნის თბილისის სამღებროსთან). სამღებროს მთავარი და აუცილებელი ინვენტარი იყო ქვევრი, რომლის მოშორებით ანთებდნენ ცეცხლს, საიდანაც წყალში გახსნილი საღებავით (წამლით) სავსე ქვევრთან თიხის მილით მიდიოდა თბილი ჰაერი. ამგვარად გაცხელებულ საღებავში ავლებდნენ ნართს, სხვადასხვა სახის ქსოვილს და ტანსაცმელს (ჩოხას, კაბას, პერანგს, შალეულს, და ა.შ.). გაწეულ სამუშაოში სამღებრო იღებდა კუთვნილ გასამრჯელოს, კუთვნილზე მეტი ფულის აღება კანონით ისჯებოდა: „უკეთუ სამღებროსა შინა ღებისათვის უზომო მომატებულ საღებავის ფასი, მსგავსად ქურდისა გარდახდეს“ (სამართალი ბატონიშვილის დავითისა). „დასტურლამალის“ მიხედვით, თბილისის სამღებროები მთლიანად სადედოფლო იყო:

ვიკიციტატა
„სადაც სამღებრო არის, ქართლსა თუ საბარათაშვილოში, თუ ყაიყულს, სულ სადედოფლო არის...“

დედოფალი სამღებროს აჯარით გასცემდა ხოლმე, გარკვეული ვადით. იჯარადარის არჩევა ნებაყოფლობითი იყო და იმას მიეცემოდა, ვინც მეტს გადაიხდიდა, მეტ-ნაკლებით იჯარის მიცემის ვადა ორმოცი დღე იყო. 1801 წელს დარეჯან დედოფალი რუსი ხელისუფლებისადმი წარდგენილ სადედოფლო მოძრავ-უძრავი ქონების ნუსხაში წერს:

ვიკიციტატა
„ქალაქს სამღებროს იჯარა ჩემს ხელთ რომ იყო, მაშინ გაიცემოდა ხან 500, ხან 600, ხან 700 თუმნად.“

XVIII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში თბილისის სამღებროები უკვე მოქალაქეთა ხელში გადადის. თბილისში საფრანგეთის კონსული გამბა (1820-1826) წერს, რომ თბილისში „აბრეშუმის ძაფის მრთველები... ადგილობრივი ყვავილებითა და მცენარეებით ბრწყინვალე და მტკიცე ფერებში ღებავენ ძაფს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 781