უდის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გიორგის ეკლესია

უდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. ამჟამად წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ნაწილია. ტაძარი XIV საუკუნეში ჯაყელების მიერაა აღდგენილი.

1933 წლისთვის ტაძრის აღწერისას, გიორგი ბოჭორიძე მას წმინდა გიორგის ტაძრად იხსენიებს. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა, აშენებულია ნათალი ქვით, გადახურულია ლორფინით, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი დასრულებულია ლილვებით მოჩარჩოებული ტიმპანით. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელში თითო სარკმელია. აღმოსავლეთის სარკმელს ორი ლილვით მოჩარჩოებული თაღოვანი საპირე აქვს. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებში ორ-ორი უწესრიგოდ ჩასმული კრონშტეინებია. სამხრეთის კედლის ქვედა რიგებში მოთავსებულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვები. ერთი ჯვრის რელიეფური გამოსახულება ჩრდილოეთის კედელშიცაა ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. მხრებზე კონქის საბჯენი თაღია გადასული, დარბაზის კამარა გრძივი კედლების შუაში შეკიდულ თაღს ეყრდნობა. თაღები პროფილირებულ კაპიტელებზეა დაბჯენილი, რომელთა რელიეფი X საუკუნისთვის მახასიათებელია. ამჟამად ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატულია, თავდაპირველი სახითაა დატოვებული მხოლოდ თაღები და კაპიტელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 382

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10683