უდაბნოს ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდაბნოს ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ჩრდილოეთ აღმოსავლეთით, 8-10 კილომეტრის მოშორებით. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარით.

ძეგლი 1980 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანებლობით. ძეგლი დაზიანებული იყო ადგილზე განლაგებული სამხედრო ნაწილების მიერ, რომლებმაც ტერიტორიაზე არხები გაიყვანეს და ორმოები ამოთხარეს.

ნამოსახლარი გაშენებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმართულ სერის თხემზე. აღმოსავლეთით და დასავლეთით ყელი გადაჭრილია. ჩრდილოეთ ფერდობზე სუსტად გამოხატული ორი მიწაყრილია. სამხრეთ ფერდობზე ქვის კედლის მცირე მონაკვეთია შემორჩენილი. ძეგლზე კარგად შეიმჩნევა ნაცრისფერი ბუდეები, რომლებიც სათავსები უნდა ყოფილიყო.

ზედაპირულად მოპოვებული თიხის ჭურჭლის უმეტესობა მონაცრისფროდ და იშვიათად მოყავისფროდაა გამომწვარი. გამოყენებულია წმინდა, განლუქული თიხა. სქელკეციანი ჭურჭლის დასამზადებლად თიხაში ქვიშაც გაურიეს. ზოგ ფრაგმენტს მკაფიოდ ეტყობა თეთრი მინარევები. ყოველი მათგანი დამზადებულია ჩარხზე და კარგადაა გამომწვარი. ჭურჭლის უმეტესობისთვის დამახასიათებელია გადმოკეცილი ან ლილვისებრი პირი, გავრცელებულია ასევე ბრტყელი და გადაშლილპირიანი ჭურჭელიც. გვხვდება ამოღარული, კონცენტრული და ტალღისებრი ხაზები.

ძეგლზე აღმოჩნდა კაჟის და ობსიდიანის უსახო ანაკეცები, ანატკეცები და რიყის ქვის თოხები.

ნამოსახლარს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ტაფობი, რომელზედაც რამდენიმე ათეული სამარხია, რომლებიც სავარაუდოდ ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]