შინაარსზე გადასვლა

ტრანსპირაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრანსპირაცია: 1. წყალი შეიწოვება ფესვებით და გადაინაცვლებს ქსილემაში.
2. წყალი ქსილემაში მოძრაობს.
3. ქსილემიდან მეზოფილის უჯრედებში გადაინაცვლებს. საიდანაც აორთქლდება და მცენარის ზედაპირს ტოვებს.
ბაგე

ტრანსპირაცია (ტრანს... და ლათ. spiro — ვსუნთქავ) — წყლის აორთქლება მცენარეთა მიერ. მცენარე წყალს ძირითადად ფოთლებიდან აორთქლებს. წყლის ორთქლი მეზოფილის უჯრედებიდან ატმოსფეროში გამოიყოფა ბაგეების გზით (ბაგური ტრანსპირაცია).

წყალი ორთქლდება აგრეთვე ეპიდერმისის უჯრედების გარეთა კედლებიდან (პერიდერმული ტრანსპირაცია). ტრანსპირაცია უზრუნველყოფს ფესვებიდან ფოთლებისაკენ წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების მოძრაობას. გარდა ამისა, იგი იცავს ფოთლებს გადახურებისგან. ტრანსპირაციის მთავარი რეგულატორია ბაგეები. ფოთლის ქსოვილებში წყლის დეფიციტისას ისინი იკეტებიან და ტრანსპირაცია მკვეთრად მცირდება. ტრანსპირაცია იცვლება გარემო ფაქტორების ზეგავლენით. ტრანსპირაციის სიდიდის დასახასიათებლად მიღებულია ცნება „ტრანსპირაციის ინტენსივობა“.