ტოდაი-ძი
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 870 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტოდაი-ძი (იაპონ. 東大寺) – ძველი ბუდისტური ტაძარი იაპონიის ქალაქ ნარაში. ტაძარი 1998 წლიდან დაცულია როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ტაძარი წარმოადგენს ბუდისტური სკოლის კეგონის ტრადიციულ ცენტრს. იგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ხის კონსტრუქციად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონიის ქალაქ ნარეში მდებარეობს “დიდი აღმოსავლეთის ტაძარი“, იაპონურად, ტოდაი-ძი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მცირე ფართობის მქონეა, ის ყველაზე წმინდა ადგილია მთელ იაპონიაში. აქ არის ყველაზე დიდი ხის შენობა, რომლის შიგნითაც ბუდას უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება დგას.
გიგანტური ხის შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ ტაძარი დღემდე მოქმედია. იქ ისევ მოღვაწეობენ ბუდისტი ბერები და რიტუალებს ატარებენ. ტოდაი-ძი მე-8 საუკუნეში ააშენეს. რა თქმა უნდა, ტაძარი თავისი პირვანდელი იერით არ შემორჩა. იყო შემთხვევები, როდესაც ის ბოლომდე დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი არქიტექტორები ცდილობდნენ ტაძრის რეკონსტრუქციისას ყველაფერი სრული სიზუსტით აღედგინათ, ტაძარში უცვლელი მხოლოდ ბუდას ქანდაკება აღმოჩნდა. მე-8 საუკუნის შუა ხანებში იაპონიამ გადაიტანა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი თავისი ისტორიის მანძილზე. მუდმივი ომები კლანებს შორის, სამურაები, რომლებიც ცდილობდნენ განემტკიცებინათ თავიანთი უფლებები და ტერიტორიები… ამ ყველაფერს თან ეპიდემიაც დაერთო.
743 წელს იპერატორმა სემუმ გადაწყვიტა, რომ ტაძრის მშენებლობა ქაოსს შეაჩერებდა. ხალხმა მას წინააღმდეგობა არ გაუწია. ტაძრის აშენებაში 2 180 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გრანდიოზული ხის ნაგებობის შემქმნელი კუნინაკა-ნო-მურაძი კიმიმაროა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა 15-მეტრიანი ქანდაკების აგებას. ტაძრის მშენებლობა 745 წელს დასრულდა, ხოლო ბუდას ქანდაკების- 751 წელს. ტოდაი-ძი იამატოს რაიონის მთავარ ტაძრად ითვლებოდა. ტაძარში ინახება ხელნაწერთა დიდი კოლექცია.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარში ინახება ბუდას გიგანტური ბრინჯაოს ქანდაკება ვაიროჩანა, რომლის პარამეტრებია:
- სიმაღლე: 14.98 მ
- სახე: 5.33 მ
- თვალები: 1.02 მ
- ცხვირი: 0.5 მ
- ყურები: 2.54 მ
- სულ: 500 ტ