შინაარსზე გადასვლა

სუბტროპიკული ტყეები და ბუჩქნარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუბტროპიკული ტყეების გავრცელების რუკა

სუბტროპიკული ტყე — სუბტროპიკულ სარტყელში გავრცელებული ხშირი ფართოფოთოვანი ტყე. ხმელთაშუაზღვისპირეთის სუბტროპიკულ ტყეებში გაბატონებულია მარადმწვანე ბუჩქნარები და ტანდაბალი ხეები. ზონისთვის დამახასიათებელია ნაყოფიერი ყავისფერი ნიადაგები.

მარადმწვანე მცენარეულობა შეგუებულია ზაფხულის სიცხესა და სიმშრალეს. მათ სქელი პრიალა ფოთლები აქვთ, ზოგიერთს კი წვრილი და ბუსუსებიანი. ყოველივე ეს ამცირებს აორთქლებას. რბილი, წვიმიანი ზამთრის პირობებში უხვად იზრდება ბალახი.

ხეებს შორის მჭიდროს არის გაბატონებული სხვადასხვა სახის მცენარეები და ბუჩქნარები. ამ ტიპის ტყეები გაბატონებულია უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, და ასევე ტროპიკებისა და სუბტროპიკული ზონების მაღალმთიან ადგილებში.

ხმელთაშუა ზღვისპირას ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. მათ ადგილზე გვხვდება მეორადი მარადმწვანე ბუჩქნარები და დაბალი ხეები — ხემარწყვა (რომლის ნაყოფი მარწყვს მოგვაგონებს), ქვა მუხა, კორპის მუხა, ველური ზეთისხილის ხე, ფიჭვი პინია, ღვია, კეთილშობილი დაფნა და სხვა მცენარეულობა.

სუბტროპიკები კონტინენტების აღმოსავლეთ განაპირა მხარეებზე ხასიათდება შედარებით ნოტიო კლიმატით. ატმოსფერული ნალექები არათანაბრად მოდის, თუმცა ზაფხულში ხშირია წვიმა. აქ ჭარბობს ხშირი ნოტიო ტყეები, სადაც ხარობს მარადმწვანე მუხა, მაგნოლია და სხვ. ხარობს ასევე ლიანები და ბამბუკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]