სრულიად რუსეთის საბჭოების VII ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მშრომელთა კაზაკთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის VII ყრილობა (რუს. VII Всероссийский Съезд Советов Рабочих, Крестьянских, Красноармейских и Рабочих Казачьих Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეშვიდე ყრილობა, მიმდინარეობდა 1919 წლის 5-9 დეკემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 1011 დელეგატი გადამწყვეტი ხმით (მათ შორის 970 კომუნისტი, 35 უპარტიო, 3 რევოლუციონერ-კომუნისტი და სხვა) და 355 სათათბირო (მათ შორის 308 კომუნისტი, 26 უპარტიო, 21 წვრილბურჟუაზიული პარტიების წარმომადგენელი) ხმის უფლებით. მონაწილეობდნენ დელეგატები საბჭოთა უკრაინიდან, თურქესტანისა და ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: სრულიად რუსეთის ცაკისა და სახალხო კომისართა საბჭოს ანგარიში (ვ. ლენინი); სამხედრო მდგომარეობა (ლ. ტროცკი); კომუნისტური ინტერნაციონალის შესახებ (გ. ზინოვიევი); სასურსათო მდგომარეობა (ა. ციურუპა); სათბობის საკითხი (ა. რიკოვი); საბჭოთა მშენებლობა ცენტრში და ადგილზე (ლ. კამენევი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.

ვ. ლენინმა საანალიზო მოხსენებაში გაანალიზა საბჭოთა ქვეყნის საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობა, მაღალი შეფასება მისცა წითელი არმიის გადამწყვეტ გამარჯვებებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე; დასახა ამოცანა მთავარი ყურადღება მიექციათ სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამეურნეო მშენებლობის პრობლემებისადმი. ყრილობამ მოიწონა მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. დადგენილებაში „საბჭოთა მშენებლობის შესახებ“ გათვალისწინებული იყო სახელმწიფო აპარატის შემდგომი განმტკიცება, საბჭოთა დემოკრატიის გაფართოების გზები, დასუსტდა საბჭოტა ხელისუფლების ორგანოების ფუნქციები ცენტრსა და ადგილებზე. მიიღეს რეზოლუციები რსფსრ სასურსათო და სათბობის საქმეთა ორგანიზაციის შესახებ. ვ. ლენინის ინიციატივით ყრილობამ სპეციალურ რეზოლუციაში მოუწოდა ანტანტას, აშშ-ს, იაპონიას, იტალიას დაეწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკება. რეზოლუციაში „ჩაგრული ერების შესახებ“ გამოხატხა ეროვნულ საკითხში ბოლშევიკური პროგრამის პრინციპებისადმი ერთგულება, დაგმო თეთრი ტერორი უნგრეთში, მიესალმა III კომუნისტური ინტერნაციონალის შექმნას. მიიღო მიმართვა „წითელი არმიისა და წითელი ფლოტისადმი“, „მშრომელი გლეხობისადმი“, დონის, ყუბანის, თერგის, ურალის, ციმბირის, ორენბურგის მშრომელი კაზაკებისადმი.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის VII მოწვევის ცაკი 269 კაცის ოდენობით (201 წევრი და 68 კანდიდატი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]