სრულიად რუსეთის საბჭოების X ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სრულიად რუსეთის საბჭოების X ყრილობა (რუს. X Всероссийский съезд Советов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეათე ყრილობა, მიმდინარეობდა 1922 წლის 23-27 დეკემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 1727 დელეგატი რსფსრ-დან და 488 საპატიო სტუმარი უკრაინის სსრ-დან, ბელორუსიის სსრ-სა და ამიერკავკასიის სფსრ-დან — სსრკ-ის საბჭოების I ყრილობის დელეგატები. პარტიული შემადგენლობა:2092 რკპ (ბ) წევრი და კანდიდატი, 118 — უპარტიო, 5 — სხვა პარტიის წევრი; სოციალური შემადგენლობა: მუშა 44%, გლეხი 31%, მოსამსახურე და სხვა 25%.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: სრულიად რუსეთის ცაკისა და სახკომსაბჭოს ანგარიშები საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ (ლ. კამენევი); მრეწველობის მდგომარეობა (პ. ბოგდანოვი); მიწათმოქმედების სახკომის მოხსენება (პ. მესიაცევი); სახალხო განათლება (ა. ლუნაჩარსკი); მოხსენება ფინანსების შესახებ (გ. სოკოლნიკოვი); მოკავშირე რესპუბლიკების წინადადება სსრკ-ის შექმნის შესახებ (ი. სტალინი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა რსფსრ მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, წინადადება სოციალისტური რესპუბლიკების სსრ კავშირად გაერთიანების შესახებ; აირჩია დელეგაცია სსრკ საბჭოების I ყრილობის დეკლარაციის პროექტისა და სსრკ-ის შექმნის შესახებ ხელშეკრულების პროექტის შესამუშავებლად; დაამტკიცა პროექტი მძიმე მრეწველობის მდგომარეობის, სოფლის მეურნეობის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ. პირველად დაისახა ფართო პროგრამა სახალხო განათლების დარგში. შეიმუშავა ბიუჯეტში დეფიციტის ლიკვიდაციის ღონისძიებები; მიიღო დადგენილება შიმშილობასთან ბრძოლის საკითხში ცენტრალური კომისიის მუშაობის თაობაზე; მსოფლიოს ხალხებს მოუწოდა მშვიდობისაკენ.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის X მოწვევის ცაკი 388 კაცის ოდენობით (270 წევრი და 118 კანდიდატი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]