სიონის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, მდინარეების, ივრისა და ლალაანთხევის შესართავს ზემოთ, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ უკუღმართის ტერიტორიაზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ქვები მეტ-ნაკლებად დამუშავებულია და დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამოშლილი კამარა და კონქი, მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები, ჩამოცვენილია საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადი თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარულია. სახმრეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია, რომლის გადახურვის ნაწილი ჩამონგრეულია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო კვადრატული ნიშია. აფსიდი დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი, რომელთაგან მთელ სიმაღლეზე სამხრეთისღა შემორჩა. გადარჩენილია აგრეთვე დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღის სამხრეთ-დასავლეთის კუთხის პილასტრის ქვედა ნახევარი. ინტერიერი დაახლოებით 1-1,3 მეტრ სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული.

ეკლესიის დასავლეთ ფასადს მთელ სიგანეზე ეკვრის სწორკუთხა მინაშენი, რომელიც დასავლეთით სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღითაა გახსნილი. მინაშენის ჩრდილოეთ კედელი ყრუა, ხოლო სამხრეთისა მთლიანად დანგრეულია და მისი კვალი არ ჩანს. მინაშენი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომელიც აღმოსავლეთით, ეკლესიის დასავლეთით კედელზე მიშენებულ თაღედს ეყრდნობოდა. მეორე მინაშენი ეკლესიას სამხრეთიდან, შესასვლელის წინ ჰქონია. იგი ამჟამად ისეა დანგრეული, რომ მისი ფორმისა და ზომის დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]