სიმონ ფხაკაძე
სიმონ ივანეს ძე ფხაკაძე (დ. 1894 — გ. 1937) — ქართველი ოფიცერი. სხვადასხვა დროს მსახურობდა რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და წითელ არმიებში.
დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი (1915). უნტერ-ოფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17 პოლკში. იბრძოდა I მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტზე. ოთხჯერ დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის I, II, III და IV ხარისხის ჯვრებით (1916). 1918 წლიდან იყო ამიერკავკასიის, შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის არმიის ოფიცერი. როტმისტრი ფხაკაძე მეთაურობდა ცხენოსანთა განსაკუთრებული ასეულს („ფხაკაძის რაზმი“). თავი გამოიჩინა ოსმალებთან ბრძოლაში ბათუმში ფორტ ანარიის დაცვისას (1918 წლის 1 აპრილი). 1918 წლის 17 ივლიის საქართველოს სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაჯილდოვა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. მონაწილეობდა სომხეთთან ომში (1918 წლის დეკემბერი). საბრძოლო დამსახურებისთვის 1918 წლის დეკემბერში პოდპოლკოვნიკის წოდება მიიღო. შემდეგ, ზოგიერთი ცნობით, დენიკინელების მიმართ კეთილგანწყობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1919 წლის ივნისში ფხაკაძემ სამსახური დაიწყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში. ასწავლიდა განჯის სამხედრო სკოლაში, ირიცხებოდა თათართა 1-ლ ცხენოსან პოლკში. 1920 წელს აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ წითელ არმიაში გადავიდა. დაინიშნა შაქის მე-3 ცხენოსანი პოლკის უფროსის თანაშემწედ, შემდეგ — კავალერიის ინსპექტორად, ივნისში კი მე-11 წითელი არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს უფლებამოსილ პირად „სპარსეთის ფრონტზე ქართველი მოხალისეების რეკრუტირების“ საკითხში. ე. წ. სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის პერიოდში დაინიშნა რეშტის გარნიზონის უფროსად, შემდეგ სპარსეთის წითელი არმიის კავალერიის სარდლად. 1921 წლის იანვარში შტაბის რეზერვში ჩაირიცხა საგანგებო დავალებების ოფიცრად. დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფალერისტიკის ისტორიის ზოგიერთი საკითხისათვის საქართველოში (1918 წელი). / ოთარ ჟორდანია // კულტურათაშორისი კომუნიკაციები, №11. - 2010. - გვ. 122-127;
- В. Л. Генис. Красная Персия: Большевики в Гиляне. 1920—1921. Документальная хроника. М., 2000. ISBN 5-89619-017-4. - გვ. 316-317.