სექსიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სექსიზმი (ინგლ. sexism, ლათინურიდან sexus — სქესი) — მსოფლმხედველობა, რომელიც ქადაგებს სქესთა არათანაბარ უფლებებსა და მდგომარეობას. იგი შესაძლოა გამოვლინდეს სიძულვილში, შეუფასებლობაში ან წინასწარგანწყობებში მთლიანად შესაბამისი სქესის წარმომადგენლებთან მიმართებაში (მიზოგინია ან მიზანდრია), ან შესაბამისი სქესის მისამართით სტერეოტიპულ მსჯელობებში (მაგალითად, მამაკაცი მამაკაცური უნდა იყოს, ქალი კი - ქალური). სექსიზმის იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანს სექსისტი ეწოდება.

ტერმინი გაჩნდა აშშ-ში 1960-იან წლებში. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის. თავისი იდეოლოგიური ფუნქციით სექსიზმი რასიზმის (დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით) ანალოგიურია. განსაკუთრებით გავრცელებულია სექსიზმის ფორმა - ,,მამაკაცური შოვინიზმი“, თუმცა არსებობს ,,ქალაქური შოვინიზიც.“ სექსიზმის წყარო არის კონკრეტული სოციალური პირობებისა და კულტურული ნორმების ნიადაგზე შექმნილი სქესობრივი განსხვავებების აბსოლუტიზაცია და ბიოლოგიზაცია.

სექსიზმის შედეგია სქესობრივი დისკრიმინაცია - ადამიანის დისკრიმინაცია სქესის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. სექსიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ ფემინიზმი და ფემინისტური მოძრაობის მიერ გაჩაღებული თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლა, ანუ ემანსიპაცია მიიჩნევა.

მიზოგინიური სექსიზმი ეფუძნება ფასეულობათა, პატრიარქალურ რწმენა-წარმოდგენათა და იდეოლოგიურ სისტემას. მაგ. “ღმერთმა დააწესა, რომ ქალი კაცისთვისაა შექმნილი, რომ ორივემ ერთად მოდგმა გააგრძელოს”.

სექსიზმი მამაკაცურ დომინირებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ეს იდეოლოგია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ვლინდება, ამცირებს, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ქალებს. ტრადიციული, პატრიარქალური შეხედულებები მამაკაცისა და ქალის როლზე თან სდევს ბავშვის სოციალიზაციის მთელ პროცესს და, ბუნებრივია, უყალიბებს რეალობის აღქმის ამა თუ იმ მოდელს, როგორც წესი, სტერეოტიპულს: ქალი - სამზარეულოში, მამაკაცი - სამსახურში.სექსიზმი ქადაგებს კაცის და ქალის ბუნებრივ დანიშნულებას, სადაც ქალი სექსუალური ობიექტის ან საგნის დონეზეა დაყვანილი. მას უფლებები არ გააჩნია და არც მასთან მიმართებაში არსებობს რაიმე მოვალეობა. აქ მამაკაცს ოჯახის ეკონომიკური დომინანტის ფუნქცია ეკისრება, ხოლო ქალს კი შვილების მწარმოებელი მანქანის და სამზარეულოს კომბაინისა; ამ შემთხვევაში, მამაკაცი ირგებს სექსუალურად დაინტერესებული და აგრესიული მილიტარისტი ხვადის როლს. აქედან მოდის იმის მტკიცება, რომ კაცს ცოლქმრული ღალატის უფლება აქვს, ქალს კი არა, რომ ორგაზმი მხოლოდ მამაკაცის საქმეა, ქალის როლი კი სექსის დროს პასიური მონაწილეობაა. ასევე, სექსიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქალისთვის იმ ზოგიერთი პროფესიის აკრძალვა, რომლებიც “კაცის საქმედ” მიიჩნევა. ხშირად ქალის მიერ მაღალი თანამდებობების დაკავება მამაკაცებისთვის პირადი შეურაცხყოფისა და დამცირების ტოლფასია.

სექსიზმის მთავარ ფუნქციას წარნმოადგენს სქესის როლური სტერეოტიპების გამართლება და გენდერული უთანასწორობის ლეგიტიმაცია. ამავე დროს, ხდება ისეთი სოციალური პრობლემის დაკანონება, როგორიცაა ტრეფიკინგი. სარეკლამო პროდუქციაში ხშირადაა ექსპლუატირებული ქალის ხატი. ქალი რეპრეზენტირებულია, როგორც გასაყიდი საგანი, მონა, სავაჭრო ერთეული, ,,საქონელი“, რომელიც მყიდველს სტიმულს აძლევს იაფად იყიდოს და ძვირად გაყიდოს იგი.სექსიზმის გამოხატულებაა, მაგალითად, მამაკაცების იძულებული გაწვევა სამხედრო სამსახურში. სექსისტური ტენდენციები ვლინდება ენის ბუნებაშიც: განსაზღვრებები ,,ნამდვილი მამაკაცი“ ან ,,ნამდვილი ქალი,“ ,,კაცის საქმე“ ან ,,ქალის საქმე.“ გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მასმედიაში, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი იდეალური, კარგი (ცუდი) ქალისა და მამაკაცის ხატები. ე. წ. ,,ქალის კულტი,“ უფრო სწორად, ,,დედის კულტი,“ რომელიც არსებობდა საქართველოში, ძირითადად უკავშირდება ქალის ბიოლოგიურ ფუნქციას. დღეისათვის სექსისტური წარმოდგენები ტრანსფორმირდება, თუმცა ქალის, როგორც სანიმუშო დედისა და წარმატებული პოლიტიკოს-ბიზნესმენის ,,მეორე ნახევრის“ ხატი კვლავ დღის წესრიგშია.

გარდა ამისა, ტერმინი მასთან სემანტიკურად დაკავშირებულ ტერმინ რასიზმთან ერთად, აღნიშნავს სქესის საფუძველზე ადამიანთა უთანასწორობის დამამკვიდრებელ ქმედებებსა და ქცევებსაც (მაგალითად, ორგანიზაციებში ან სოციალურ ურთიერთობებში სქესის ნიშნით ადამიანის უგუვებელყოფა). ტერმინი თითქმის ყოველთვის გამოიყენება ქალთა დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისის ცალმხრივობის მიუხედავად, საზოგადოებათა უმრავლესობაში ტერმინის ამ აზრით გამოყენება, გამომდინარე ობიექტური რეალობიდან, გამართლებულად მიიჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]