შინაარსზე გადასვლა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სააგენტოს ლოგო
უწყების შესახებ
შეიქმნა 31 მარტი, 2014
წინამორბედი უწყება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
უწყების ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე, სააგენტოს თავმჯდომარე
უწყების ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საიტი
www.procurement.gov.ge
სააგენტოს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო — დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში კოორდინაციასა და მონიტო­რინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას[1]. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება[2][3]. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით[4]. სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა[5].

სააგენტოს შექმნის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა 2014 წლის 31 მარტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 21 მარტს განხორციელებული ცვლილების შედეგად[6]. ამ ცვლილებით გაიყო მანამდე არსებული კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და კონკურენციის სააგენტო.

2014 წლის 31 მარტამდე არსებული კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა 2012 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის №829 ბრძანებულების საფუძველზე[7], საჯარო სამართლის იურიდიული პირის — სახელმწიფო შესყიდვების სააგენოტსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის — თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე.

2012 წლის 1 იანვრამდე არსებობდა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულების საფუძველზე[8] საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის რეორგანიზების შედეგად. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის №143 ბრძანებულების საფუძველზე[9].

სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ემსახურება იმ მიზნების[10] განხორციელებას, რომლებიც აქვს დასახული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს. ეს მიზნებია:

  • სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

სააგენტოს ფუნქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტოს ფუნქციებია[11]:

  • სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კა­ნონმდებლობის შემუშავება;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორ­დინაცია და მონიტორინგი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სის­ტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შე­სა­ბამისი წინადადებების წარდგენა.

სააგენტოს უფლებამოსილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია[12]:

  • გააკონტროლოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა;
  • კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორ­მების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არარაციო­ნალუ­რი ხარჯ­ვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდ­ველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვე­ტილე­ბე­ბისა და მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებ­თან შესა­ბამისობაში მოყვანა;
  • კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესა­ბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელ­მწი­ფო შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკით­ხი.

სააგენტოს თავმჯდომარე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი[13][14].

სააგენტოს თავმჯდომარე:

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს — განკარგულებებს, აგრეთვე ნორმატიულ აქტებს — ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის;
  • აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
  • თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებსა და სტაჟიორებს;
  • განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას.

სააგენტოს სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერ­თეულების მეშვეობით, რომლის ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ[15]. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ქვედანაყოფებია:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
  • მონიტორინგის დეპარტამენტი:
    • ტენდერების მონიტორინგის სამმართველო;
    • კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველო;
  • იურიდიული დეპარტამენტი:
    • სამართალწარმოების სამმართველო;
    • სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
    • დავების განხილვის საბჭოს აპარატი (სამმართველო);
  • სასწავლო ცენტრი;
  • ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
    • ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველო;
    • ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;
  • გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახური;
  • ანალიტიკური სამსახური;
  • კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური.

სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე[16]. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე[17].

დავების განხილვის საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების სამართლიანობისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, 2010 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამოქმედდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო[18]. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან არსებული დავების სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საწყისებზე[19]. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს[20].

დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. იგი სააგენტოს თანამშრომელთა შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს ორ წევრს ერთი წლის ვადით[21]. არასამთავრობო სექტორის სამი წარმომადგენელი საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით. შერჩეული წევრების სია წარედგინება საბჭოს აპარატს, რომელიც აღნიშნულ კანდიდატურებს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს[22].

დავების განხილვის საბჭოში საჩივრის[23] წარდგენა, დადგენილი წესით, შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ სახელმწიფო შესყიდვაში მსურველ პირს ან პრეტენდენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობისას შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის მიერ დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები[24][25].

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკავშირდება ისეთი სიახლის შექმნა, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფო შესყიდვების სფეროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც წარმოადგენს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ოფიციალურ პორტალს. იგი უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის[26]. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დასანერგად სააგენტომ ერთი წლის მანძილზე მოცულობითი სამუშაოები ჩაატარა. სისტემა შეიქმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით. შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, შეიქმნა ელექტრონული ტენდერების პროგრამა და განახორციელა სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის. სიახლე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში დაინერგა, უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციასა და სატენდერო პროცედურებში მონაწილეთა დროის და ფინანსების დაზოგვას. ყველა სატენდერო პროცედურა ტარდება გამჭვირვალედ და პრაქტიკულად გამორიცხავს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობას[27][28].

  • 2010 წლის 12 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა კონფერენციაზე „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და კიბერუსაფრთხოება“ (GITI 2010) საუკეთესო IT-ინოვაციად დასახელდა, რომელმაც დახვეწა ბიზნეს პროცესები[28].
  • 2012 წლის 4 მაისს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანმა ელექტრონულმა სისტემამ გაეროს მიერ ორგანიზებულ საჯარო სამსახურის ყველაზე პრესტიჟულ, ყოველწლიურ კონკურსში[29] გაიმარჯვა ნომინაციაში „საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია და კორუფციასთან ბრძოლა“[30].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი
  2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი
  3. სააგენტოს დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი
  4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 3¹ პუნქტი
  5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები
  6. „„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2014-03-21).
  7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №829. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2011-12-19).
  8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №223. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2001-06-05).
  9. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №143. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2010-02-26).
  10. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი
  11. სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი
  12. სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი
  13. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი
  14. სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი
  15. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები დასაქმიანობის წესი
  16. სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი
  17. სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი
  18. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო შეიქმნა“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (2010-12-07).
  19. დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი
  20. დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი
  21. დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის მე-3 მუხლი
  22. დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის მე-4 მუხლი
  23. იხილეთ სააგენტოში შესული დავების განხილვის საბჭოს ელექტრონული მოდული.
  24. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი
  25. დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი
  26. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
  27. „ელექტრონული შესყიდვების სისტემის პრეზენტაცია“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (2010-10-25).[მკვდარი ბმული]
  28. 28.0 28.1 „სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა საუკეთესო IT-ინოვაციად დასახელდა“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (2010-11-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03.
  29. UN Public Service Awards. UN Public Administration Programme (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01.
  30. „ჩვენი ელექტრონული ტენდერების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (2012-05-18).[მკვდარი ბმული]