შინაარსზე გადასვლა

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი — უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს[1].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება იყოფა სამ ძირითად შემადგენელ ელემენტად: უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველი და ქცევის ზოგადი წესი.

უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს[2].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის უფლებამოსილი ორგანო განისაზრღვრება კანონით — კანონი აღჭურავს ამა თუ იმ ორგანოს აქტის გამოცემის უფლებამოსილებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით მმართველობის ორგანოების აღჭურვის მიზანია, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობას. კანონმდებელი კანონის გამოცემის გზით თავად აწესრიგებს მნიშვნელოვან სფეროებს, ხოლო შედარებით წვრილმანი საკითხების მოწესრიგების პრეროგატივას უტოვებს მმართველობის ორგანოებს[3].

საკანონმდებლო საფუძველი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ზოგადი საკანონმდებლო საფუძვლები მოცემულია საქართველოს კონსტიტუციაში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. აქტის გამოცემის სპეციალურ მითითებას შეიცავს ცალკეული საკანონმდებლო აქტები, რომლითაც გამოცემის უფლებამოსილებით აღიჭურვება მმართველობის ორგანოები. აუცილებელია, რომ კანონმდებელმა განსაზღვროს მომავალში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩოები და მიმართულებები ისე, რომ მმარველობის ორგანომ შეძლოს მოქმედება კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად[3]

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ემსახურება ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამიჯვნას. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადგენს ქცევის ზოგად წესს, მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული (განსაზღვული) წრისაკენ და აწესრიგებს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს[4].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს[5]:

  • ნორმატიული აქტის სახე;
  • ნორმატიული აქტის სათაური;
  • ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);
  • ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);
  • უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
  • ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ — აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე — საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)[6].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობაა მისი საჯაროდ გამოცხადება. იგი უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე[7].

ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე[8].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და მოიცავს როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში, აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის განსხვავება მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში. ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების — კანონიერი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[9].

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება:

  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან
  • კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა
  • კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება[10].

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში — ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო[11]. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

  • მისი ძალაში შესვლის დღიდან;
  • მისი ბათილად ცნობის დღიდან;
  • მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი[12].

ძალადაკარგულად გამოცხადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს[13].

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ[14]:

  • ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;
  • კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
  • დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;
  • გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;
  • არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

ბოლო ორ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[15].

ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, მაშინ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებელია, განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება[16]. ამ შემთხვევის გარდა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას[17].

აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას[18].

  1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.
  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
  3. 3.0 3.1 ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 83
  4. ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 84
  5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52¹ მუხლის პირველი ნაწილი.
  6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52¹ მუხლის მე-2 ნაწილი.
  7. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები
  8. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები
  9. ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 68
  10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები
  11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის მე-3 ნაწილი.
  12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები
  13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი.
  14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
  15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები
  16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილი.
  17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
  18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი.