საჩალისჭალის წმინდა კვირიკეს ეკლესიის კომპლექსი
საჩალისჭალის წმინდა კვირიკეს ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალის სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, საჩალისხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის წმინდა კვირიკეს ეკლესია, ოთხკუთხა კოშკი და გალავანი. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ფიქლით. გარეთა კუთხეების წყობასა და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმის ქვა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია, დანგრეულია სამხრეთ კედლის უმეტესი ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი ფორმის აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის ნიშია. კოშკი ერთსართულიანია, დგას ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 მეტრზე. ნაშენია ნატეხი ქვით (დუღაბზე). შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილო კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთ კედელში ერთი კვადრატული ნიშია. კოშკი სიპი ქვის ორფერდა სახურავითაა გადახურული. ნაგებობებს გარს ევლება ნატეხი ქვით ნაგები დაბალი გალავანი, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წიკლაური ივ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 308.