საურმაგ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საურმაგ II (ლათ. Sauromaces) — ხოსროიდთა დინასტიიდან, იყო იბერიის (ქართლი, დასავლეთ საქართველო) მეფე 361-დან 363 წლამდე და დიარქი 370-დან 378 წლამდე. მას უარყოფს ქართული ისტორიული ტრადიცია, მაგრამ მოიხსენიებს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსი, ამიანე მარცელინუსი. ის იყო რევის პირველი ძე სალომესგან და თრდატის ძმა.

საურმაგმა, როგორც ჩანს, თავისი პაპის, იბერიის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიან III-ის სიკვდილის შემდეგ 361 წელს, წარმატებით მოიპოვა სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის უფლება და გაატარა პრო-რომაული პოლიტიკა. 363 წელს, იგი გაძევებულ იქნა სასანიდების მეფის შაპურ II-ის მიერ, რომელმაც მის ადგილას ასფაგურ II (ბაქარ I)[1] დააყენა. ასფაგურ II იყო საურმაგის ბიძა - მამის ძმა. კავკასიაში სასანიდების შემოჭრას საბოლოო ჯამში რომის პასუხი მოჰყვა, და მოგვიანებით, 370 წელს რომის იმპერატორმა ვალენტმა გაგზავნა თორმეტი ლეგიონი – დაახლოებით 12000 ადამიანი – ტერენტიუსის მეთაურობით, რომელმაც აღადგინა საურმაგი სომხეთსა და ლაზიკის მომიჯნავე იბერიის დასავლეთ პროვინციებში, მაშინ როდესაც ასფაგურ II-ის მემკვიდრეს, მირდატ III-ეს უფლება მიეცა შეენარჩუნებინა კონტროლი სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე. გარიგება არ მიიღო შაპურმა როგორც მის მიერ განხილული ომის საფუძველი, და განაახლა საომარი მოქმედებები რომის წინააღმდეგ 371 წლის დასაწყისში.[2] თუმცა, 378 წელს, გოთურმა ომებმა რომი აიძულა მიეტოვებინა საურმაგი; მის სამეფოს, უნდა შეეწყვიტა არსებობა, რამდენადაც იბერია სრულიად ან თითქმის სრულიად გადავიდა სასანიდების სუზერენიტეტის ქვეშ.[3]

გუბაზ და ლევან და სანიკიძების მიხედვით — ქართლის მეფე, მირდატ V-ის შემდგომ, IV საუკუნის 70-იან წლებში. მის დროს სპარსეთის მეფე შაბურ II შემოესია ქართლს. საურმაგმა ტახტი დათმო. შაბურმა ქართლის მეფედ დასვა საურმაგის ნათესავი ვარაზ-ბაკური. საურმაგმა ბიზანტიის კეისარ ვალენტის თორმეტი ლეგიონი გამოართვა და მცხეთას მოადგა. ვარაზ-ბაკური საურმაგს დაუზავდა. ქართლი ორად გაიყვეს: მტკვრის მარჯვენა მხარეს საურმაგი გამეფდა, მარცხენას ვარაზ-ბაკური.[4]

უკანასკნელი კვლევის თანახმად, საურმაგი უნდა იყოს IV ს-ის სოფისტი ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის, ევნაპი სარდელის ფრაგმენტში მოხსენიებული სუბარმახიოსი. ირკვევა, რომ 377 ან 378 წლებში, საურმაგის გამგებლობაში მყოფი ქართლის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი საბოლოოდ განდგა ვარაზ-ბაკურისგან და "მიერთო ბერძენთა". თავად სავრომაკე (იგივე - სუბარმახიოსი) კი რომაელების სამხედრო სამსახურში შევიდა, სადაც სკუტარიების სხოლას (საიმპერატორო დაცვა) ტრიბუნის თანამდებობას მიაღწია. იგი ახლო მეგობარი და თანამზრახველი იყო 395-399 წლებში საიმპერატორო კარზე ყველაზე გავლენიანი მოხელის, ევტროპიუსისა. ევნაპი სარდელი სუბარმახიოსს 404 წელს უკვე წარსულ დროში მოიხსენიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაახლოებით 400 წელს უნდა გარდაცვლილიყო[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ammianus Marcellinus 27.12 (Aspacures); L 70, 128, 129-31 (Bak'ar); RL II 59-60 (Bakur). — Son of Meribanes III.
  2. Lenski, Noel Emmanuel (2002), Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D., p. 175. University of California Press, ISBN 0-520-23332-8.
  3. Cyril Toumanoff (1963), Studies in Christian Caucasian History, pp. 460-461. Georgetown University Press.
  4. სანიკიძე, გუბაზ, სანიკიძე, ლევან, „უბის ისტორია“, ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 10.
  5. ნიკოლოზიშვილი ნ., „ევნაპი სარდელის სუბარმახიოსი და მისი იდენტიფიკაციის მნიშვნელობა გვიანანტიკური ქართლის სამეფოს ისტორიის რეკონსტრუქციისათვის“, „კადმოსი“ N11, 2019, გვ. 162-215