შინაარსზე გადასვლა

სარიტათის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარიტათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ სარიტათაში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. საკურთხეველში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი, რომლის ორსავე მხარეს თითო, მაღალი, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშია. კამარა ჩამონგრეულია. კონქზე დაშენებულია კედელი, რომელშიც არქიტრავული სარკმელია დატანებული. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრი. ეკლესია ნაშენია ფლეთილი ქვით. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული შირიმის ქვა. აღმოსავლეთ კედლის ფასადზე ჩატანებულია მოჩუქურთმებული კვადრები. ძეგლს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ჩუქურთმიანი ქვების სხვადასხვა ფრაგმენტები უსისტემოდაა ჩალაგებული კედლებში.

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004
  • მეგრელიძე ი. „ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები“, მაცნე (ენის... სერია), #2, გვ 61-64, 1976.
  • მეგრელიძე ი. „სიძველეები ლიახვის ხეობაში“, თბ., „საბჭოთა საქართველო“, გვ. 235-238, 1984.