სამედ აღაოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამედ აღაოღლუ (აზერ. Səməd Ağaoğlu; თურქ. Samet Ağaoğlu; დ. 1909, ბაქო, რუსეთის იმპერია - გ. 6 აგვისტო, 1982, სტამბოლი, თურქეთი) — აზერბაიჯანული წარმოშობის თურქი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე (1950-1952), შრომის მინისტრი (1952-1953), ვაჭრობის მინისტრი (1954-1958). აჰმედ-ბეი აღაოღლუს ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამედ აღაოღლუ დაიბადა 1909 წელს ბაქოში. როდესაც მისი მამა აჰმედ ბეი აღაოღლუ ემიგრაციაში წავიდა ოსმალეთის იმპერიაში, ის ჩვილი იყო. დაწყებითი განათლება ბაიაზეტის ფევზიეს ლიცეუმში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ანკარის ლიცეუმში განაგრძო. 1926-1931 წლებში სწავლობდა ანკარის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შემდეგ გაემგზავრა სასწავლებლად სტრასბურგში, ამ პერიოდში დაწერა წიგნი „სტრასბურგის მოგონებები“. სამედ აღაოღლუ თურქეთში ცნობილია, როგორც მწერალი და პოლიტიკოსი. ის არის მემუარების ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი თურქულ ლიტერატურაში[1]. მისი წიგნები: მოგონებები მამისგან (1940), მამის მეგობრები (1957), ნაცნობი სახეები (1965), ჩემი მეგობარი მენდერესი (1967), ერთი კუნძული მარმარაში (1972), პირველი ეტაპი (1978), ცხოვრება თავგადასავალი (1981) - მემუარების ჟანრის მნიშვნელოვანი ნიმუშებია. თავის ნაწარმოებებში იყენებდა სახელს სამედ აღაევი.[2]

1966 წლის 13 აგვისტოს სამედ აღაოღლუ და მისი მეუღლე ნარიმან აღაოღლუ გაემგზავრნენ სსრკ-ში. ორი თვის განმავლობაში ისინი სტუმრობენ კავშირის ბევრ ადგილს, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს. ბაქოში ჩასვლის შემდეგ აღაოღლუმ აღნიშნა, რომ აქ ხალხი დაინტერესებულია კინოთი, ოპერით, თეატრით და ასევე ისაუბრა ადგილობრივი მოსახლეობის რუსიფიკაციის პროცესზე. ბაქოს შემდეგ ჩადის მშობლიურ ყარაბაღში, შუშაში. აქ სამედ აღაოღლუ სტუმრობს მამის სახლს და ნახულობს ნათესავებს. სსრკ-ში მოგზაურობის შემდეგ აღაოღლუ წერს წიგნს „საბჭოთა რუსეთის იმპერია“ და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი არაფრით განსხვავდება სხვა ოდესმე არსებული იმპერიებისგან[2].

სამედ აღაოღლუ 1982 წლის 6 აგვისტოს სტამბოლში გარდაიცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dilqəm Əhməd, «Mühacirlərin dönüşü», — С. 125
  2. 2.0 2.1 Yıldırım, Tahsin (2006). Edebiyatımızda Müstear İsimler. İstanbul: Selis Kitaplar., გვ. 39. ISBN 975-8724-79-7. Invalid ISBN.