სააკაძეთა ნასახლარი
სააკაძეთა ნასახლარი — არქეოლოგიური და ისტორიული მონუმენენტური ხელოვნების ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს განაპირას, ფერდობზე. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე ნოსტურა, აღმოსავლეთით ეკვრის მშრალი ხევი. თარიღდება XV-XVIII საუკუნეებით.
1965-1967 წლებში სააკაძეთა ნასახლარი გათხარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარმენ ზაქარაია. გათხრამდე ნასახლარზე ჩანდა კოშკი, გალავნის ნაშთები და რამდენიმე ნაგებობის კვალი. გათხრებით გამოვლინდა სასახლის, საცხოვრებელი სახლების, აბანოსა და საჯინიბოს ნაშთები. აბანო და რამდენიმე ნაგებობა კონსერვაციის მიზნით კვლავ მიწით დაფარეს. 1969-1971 წლებში ნასახლარზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სემეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სააკაძეთა ნასახლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გალავანი, კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი სახლი, აბანო, საჯინიბო, სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები.
გალავანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალავანი ფერდობს წრიულად ჰქონია შემოვლებული. ნაგებია ნატეხი ქვით. გალავნის შიგნით რამდენიმე ნაგებობა მდგარა.
კოშკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი ნაგებობა ექვსსართულიანი კოშკია, რომელიც ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. ძალზე დაზიანებულია. ხანძარს გაუნადგურებია ხის სართულშორისი გადახურვები. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. ამავე სართულზე, კარის გარდა, სამ კედელში თითო სარკმელია. პირველი სართული ყრუ ყოფილა, ბოლო, მეექვსე სართული კი მაღალკედლებიან ბანს წარმოადგენდა. მას ოთხივე მხარეს სალოდეები ჰქონია. სათოფურები ყველა სართულზეა, მესამე სართულზე ყველაზე მეტია. აქ სამ კედელში ორ-ორი სათოფურია, ხოლო მეოთხეში - სამი. მეხუთე სართულის კედლებში კომბინირებული სარკმლებია.
სასახლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლე დიდი ზომის ნაგებობაა, ნაშენია ნატეხი ქვით. იგი ორსართულიანი ყოფილა. სანახევროდ დანგრეულია, განსაკუთრებით ზემო სართული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ქვედა სართულის კედლებში სამი ღრმა ნიშია. კარის წინ ტალანია, რომლის გვერდებზე თითო მცირე ზომის სათავსია. აღმოსავლეთით მდებარე დამხმარე სათავსი უნდა იყოს. ჩრდილოეთ სათავსში ბუხარია.
საცხოვრებელი სახლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასახლესა და კოშკს შორის იდგა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთი მხარე ორსართულიანი იყო, მეორე კი — ერთსართულიანი. ორსართულიანს სამხრეთით აივნები ჰქონდა, შიგნით კი ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები.
აბანო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოშკის სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით რამდენიმე ნაგებობის ნაშთია დარჩენილი. თითოეული მათგანი არაერთხელ გადაუკეთებიათ. ეტყობათ ხანძრის კვალიც. მათგან საინტერესოა აბანო, რომელიც ნასახლარის აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, შედგება ერთი მოზრდილი სათავსისა და სააბაზანოსაგან. ორივეში თითო ბუხარია. გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვა აბანოებისგან განსხვავებით, ეს აბანო პატარა და მარტივია.
საჯინიბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით საჯინიბოა. მისი კედლები ნაწილობრივაა შემორჩენილი. კარი ჩრდილოეთ მხარესაა.
ეკლესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამებისა და ღვთისმშობლის ეკლესიები მდინარე ნოსტურას მარცხენა ნაპირზე დგანან. სავარაუდოა, რომ ისინი სააკაძეთა საგვარეულოს კარის ეკლესიები იყო.
სამების ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამების ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნით. იგი რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. თავდაპირველი ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ კედელი, რომელიც აღდგენის დროს ახალ ნაგებობაში ჩაურთავთ. ახალი ნაწილები ნაგებია ულაზათოდ. აფსიდის მარჯვენა მხარე ძალიან გამოწეულია. ჩრდილოეთ კედლის ორი ნაწილი ცუდად ებმის ერთმანეთს. დარბაზის კამარა სხვადასხვა დონეზეა.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. დასავლეთ კარი ამოქოლილია. ღრმა აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია.
ეკლესიაში სამხრეთი კედლის შუა მონაკვეთზე და ტრაპეზის ქვებზე შემორჩენილია XVII საუკუნის II ნახევრის მოხატულობის ნაშთი. დანარჩენი ნაწილი დაფარულია გვიანდელი შელესილობის ფენით. სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრში უცნობი წმინდანის მარტვილობის ორი სცენის ფრაგმენტებია. ქვედა რეგისტრი დაყოფილია სწორკუთხა მონაკვეთებად, რომლებშიც ჩახატულია წმინდანთა დიდი ზომის ფიგურები, რომელთა შორის ერთ-ერთი წმინდა საბაა. სატრაპეზო ქვის წინა პირი მორთულია მცენარეული ორნამენტით ყვავილი. მოხატულობა უპირატესად შესრულებულია მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი და თეთრი საღებავებით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჰქონია მინაშენები. ჩრდილოეთი მინაშენი აფსიდიანი სამლოცველო იყო. სამხრეთი მინაშენის ცენტრში ორთაღიანი ღია კარიბჭეა.
ღვთისმშობლის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღრმა და განიერი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო შეისრულთაღიანი მოზრდილი ნიშია. დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. თითო სარკმელია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი ფ., პაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 181-183.