შინაარსზე გადასვლა

რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსული ბაზების გაყვანა საქართველოდან (რუს. Вывод российских военных баз из Грузии) — პროცესი, რომელიც დაიწყო სსრკ-ის დაშლის შემდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანას.

1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სამხედრო ინფრასტრუქტურა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა აქტიურად დააყენეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხი. 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მოითხოვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა სამხედრო საკუთრების ნაციონალიზაცია, თუმცა რუსეთის არმიამ საბჭოს მოთხოვნის იგნორირება მოახდინა და აღჭურვილობა, რომელიც ვერ გაიტანა გაყიდა ან გაანადგურა.[1]

1995 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ოთხი რუსული სამხედრო ბაზის (ბათუმში, გუდაუთაში, ახალქალაქსა და ვაზიანში) 25 წლით (და შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით) განლაგებას ითვალისწინებდა, თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაში დაეხმარებოდა.[2] ხელშეკრულების რატიფიცირება აღარ მომხდარა.[2]

1990-იანი წლების ბოლოდან საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში რუსული გავლენების შესამცირებლად.[2] 1999 წელს, სტამბოლის სამიტის შემდეგ, ხელი მოაწერა ისტორიულ სტამბოლის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას უნდა გაეყვანა რუსული სამხედრო ბაზები ვაზიანისა და გუდაუთადან 2001 წლის 1 ივლისამდე. ამ ისტორიულ ერთგვერდიან დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბურდულმა მოაწერა.[2]

  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 117, ISBN 978-9941-0-5972-8.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 factcheck.ge, მარიამ ქვათაძე