შინაარსზე გადასვლა

რუსელ დე ბაიოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსელის მონეტა, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელია გამოსახული

რუსელ დე ბაიოლი (ფრანგ. Roussel de Bailleul ან ბერძ. Φρανγόπουλος — სიტყვასიტყვით ფრანგების შვილი ; გ. 1077) — ნორმანდიელი ავანტიურისტი. ცნობილია, როგორც ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ IV-ის მიერ დაქირავებული და მის სამსახურში მყოფი მხედართმთავარი. მოიხსენიება აგრეთვე ურსელუს დე ბალიოლის, როსცელინის, როსკელინ დე ბეელის სახელით, ანა კომნენე მას ურსელიუსს უწოდებს.

ანა კომნენეს ალექსიადაში იგი პირველად 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლაში მოიხსენიება, რა დროსაც იგი რონამოზს ეხმარებოდა, მაგრამ თავისი სამხედრო ძალა ბრძოლაში არ ჩართო, რამაც საბოლოოდ ბიზანტიელთა სასტიკი დამარცხება გამოიწვია. ამის მიუხედავად, იგი იმპერიის სამსახურში დარჩა და მოგვიანებით მცირე აზიაში გაიგზავნა 3000 კაციან მძიმედ შეიარაღებულ ფრანგო-ნორმანდიულ კავალერიასთან ერთად. მან მოახერხა გალათიის ნაწილის დაპყრობა და ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა თავისი მმართველობის ქვეშ (1073), როგორც ჩანს, სამხრეთ იტალიელი ნორმანდიელების მაგალითზე. დედაქალაქად აქცია ანკარა, დღევანდელი თურქეთის დედაქალაქი. დაამარცხა იოანე დუკას არმია და გაანადგურა ქალაქი ქრისოპოლისი. მიხეილ VII-მ დახმარება თურქ-სელჩუკებს სთხოვა ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ. ტუტუშ I შემოთავაზებას დათანხმდა. რუსელი თავის რაზმებთან ერთად არმენიაკონის თემის ტერიტორიაზე გაიქცა და მიადგა ამასიას. ადგილობრივებმა, კონსტანტინოპოლისაგან სიშორის გათვალისწინებით, დე ბაიოლს ფული გადაუხადეს, რათა დაეცვა ისინი თურქთა შემოსევებისაგან.[1] თუმცა, ალექსი კომნენოსის ინტრიგების შედეგად, რუსელი 1074 წელს ღალატით შეიპყრეს.

1077 წელს გაათავისუფლეს გამოსასყიდის სანაცვლოდ და გაგზავნეს აჯანყებულ ნიკიფორე ბოტანიატესთან საბრძოლველად. თავდაპირველად დაამარცხა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით თვითონაც მას ნიკიფორეს შეუერთდა. იმპერატორმა დასახმარებლად ისევ თურქ-სელჩუკებს მიმართა, რომლებმაც დაამარცხეს რუსელი და დაატყვევეს. იგი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს.

  • Norwich, John Julius. The Normans in the South, 1016—1130. London: Longmans, 1967.
  • Gravett, Christopher, and Nicolle, David. The Normans: Warrior Knights and their Castles. Oxford: Osprey Publishing, 2006.
  • Schlumberger, Gustave (1881). „Deux chefs normands des armées byzantines au XIe siècle: Sceaux de Herve et de Raoul de Bailleul“ (PDF). Revue Historique. 16: 289–303.
  • Джонатан Харрис. Византия. История исчезнувшей империи = JONATHAN HARRIS. The Lost World of Byzantium. — М.: Альпина Нон-фикшн, 2017.
  1. Харрис, 2017, с. 256.