რესის წმინდა გიორგის ეკლესია
რესის წმინდა გიორგი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ რესის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტეფისწყლის ნაპირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (4,65x3,95 მ), გეგმით ოდნავ წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმისაა. ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. შიგნით ჩრდილოეთ კედლის წყობაში გამოყენებულია წისქვილის დოლაბის ნატეხები. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის აღმოსავლეთ კედელში ეკლესიის ერთადერთი სარკმელია გაჭრილი. სარკმელს თარაზული გადახურვა და საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს, სარკმლის წინ სწორკუთხოვანი ტრაპეზის ქვა დგას. ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია, ჩრდილოეთისაში - ორი, შენობა გადახურულია ფიქლის ფილებით. სახურავი ორფერდაა. ეკლესიას გარს ევლება ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები, ტრაპეციის ფორმის გალავანი (20,5x20 მ). გალავნის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,8 არ აღემატება. შესასვლელი გალავანს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ჰქონია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 476-477.