რეი რიარდონი
რეი რიარდონი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
მეტსახელი: | დრაკულა | |
დაბ. თარიღი: | 8 ოქტომბერი, 1932 | |
დაბ. ადგილი: | ტრედეგარი | |
მოქალაქეობა: | უელსი | |
პროფესიონალური კარიერა: | 1967—1992 | |
უმაღლესი რეიტინგი: | 1 (1977/78-1980/81, 1982/83) | |
უმაღლესი ბრეიკი: | 146 (Park Drive 2000 1972) | |
სენჩერის რაოდენობა: | 27 | |
გამარჯვებები ტურნირებზე | ||
სულ გამარჯვება: | 21 | |
მსოფლიო ჩემპიონატი: | 6 (1970; 1973-1976; 1978) | |
სხვა ტურნირები: | 14 |
რეი რიარდონი (ინგლ. Ray Reardon; დ. 8 ოქტომბერი, 1932, ტრედეგარი, უელსი) — უელსელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი, სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის ექვსგზის ჩემპიონი, ის დღემდე ითვლება საუკეთესო უელსელ სნუკერისტად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეი დაიბადა 1932 წელს პატარა ქალაქ ტრედეგარში. როდესაც მას 14 წელი შეუსრულდა, რიარდონი ოჯახურ ტრადიციას გაჰყვა და მაღაროელი გახდა. იმ დროსვე ის სერიოზულად დაინტერესდა სნუკერით, ხელთათმანებსაც კი იკეთებდა მუშაობისას, რათა ხელი არ გაეჭრა და შესძლებოდა შემდგომ თამაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მაღარო ჩამოინგრა და რეიმ ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა, მან მაღაროელის საქმიანობას თავი დაანება და პოლიციის ოფიცრად მოეწყო ქალაქ ტოკ-ონ-ტრენტში.
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიმ სნუკერის თამაში განაგრძო და 1949 წელს მოიგო სამოყვარულო ტურნირი — News of the World Championship. ერთი წლის შემდეგ რიარდონს დაემორჩილა მოყვარულთა შორის უელსის ჩემპიონის ტიტულიც, რომელიც შემდეგ მან კიდევ 5-ჯერ მოიპოვა. როდესაც უელსელი კვლავ ტრედეგარში გადავიდა, მან დაიწყო საჩვენებითი მატჩების მოწყობა სხვა ნიჭიერ მოთამაშესთან, კლიფ უილსონთან, და ეს მატჩები ყოველთვის ბევრ მაყურებელს იზიდავდა. ამგვარად რეი გამუდმებით აუმჯობესებდა თავის თამაშს და საბოლოოდ, 1964 წელს, მოიგო ინფლისის სამოყვარულო ჩემპიონატი. ფინალში მან დაამარცხა ინგლისელი ჯონ სპენსერი, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მისი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა პროფესიონალურ შეჯიბრებზე.
ეს წარმატება გადამწყვეტი აღმოჩნდა რიარდონის მთელ კარიერაში. მალე ნიჭიერი სნუკერისტით დაინტერესტდნენ სპონსორები და 1967 წელს მან ძველი სამუშაოს დატოვება გადაწყვიტა. მხოლოდ საკუთარ ოჯახზე დაყრდნობით, რეი ხვდებოდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მას ბევრის დაკარგვა შეეძლო, მაგრამ არ შეიცვალა მიზანი და რამდენიმე თვის შემდეგ პროფესიონალი სნუკერისტის სტატუსი მიიღო.
პროფესიონალური კარიერა (1967—1992 წლები)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიარდონის პირველი გამოჩენა მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა 1969 წელს. მაშინ უელსელი სადებიუტო მატჩში დამარცხდა ფრედ დეივისთან ანგარიშით 24:25. თუმცა უკვე შემდეგ პირველობაზე „დრაკულამ“ სრული შესაძლებლობები აჩვენა — მან პირველობა მეორე ცდაზევე მოიგო. გადამწყვეტ მატჩში რეის შეხვდა რვაგზის მსოფლიო ჩემპიონი — ჯონ პულმანი. რეიმ ჯონი 37:33 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ რიარდონს ხშირად იწვევდნენ საჩვენებელ მატჩებში. ხოლო მას შემდეგ, რაც იმავე წელს მან მოიგო ტურნირი Pot Black Cup,[1] რეი გახდა ყველაზე ცნობილი სნუკერისტი.
თუმცა მან ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის დაცვა შემდეგ წელს და მეოთხედფინალში 15:34 დამარცხდა სპენსერთან. წარუმატებელი აღმოჩნდა შემდეგი ჩემპიონატიც, როდესაც უელსელმა პირველ წრეზე უეცრად წააგო რექს უილიამსთან. მხოლოდ 1973 წელს მან დაიბრუნა მთავარი ჯილდო. რეიმ დაამარცხა ავსტრალიელი ედი ჩარლტონი ანგარიშით 38:32, მაგრამ ტურნირის მატჩი გახდა ნახევარფინალი რიარდონსა და სპენსერს შორის, რომელიც დასრულდა 23:22 უელსელის სასარგებლოდ. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ფიალში ინგლისელი გრემ მაილსი დაამარცხა, რეი მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი გახდა
1975 წელს, როდესაც პირველობა ტარდებოდა ავსტრალიაში, რიარდონს უკვე პირველ რაუნდშივე ელოდებოდა მძიმე მატჩი ჯონ სპენსერთან, რომელსაც უელსელმა მაინც მოუგო 19:17. შემდეგ მან დიდი გაჭირვების გარეშე მოუგო ალექს ჰიგინსს, 19:14, და, საბოლოოდ, ფინალში შეხვდა ედი ჩარლტონს. მატჩში 31 მოგებამდე რეი მარცხდებოდა 23:29, მაგრამ რეიმ ზედიზედ 7 ფრეიმი მოიგო. შემდეგ ჩარლტონმა 30-ე ფრეიმი აიღო და შანსები გაათანაბრა მოგებაზე, მაგრამ რიარდონმა გადამწყვეტ ფრეიმში გაიმარჯვა და ტიტული დაიცვა. მალევე უელსელი გახდა პრესტიჟულ ტურნირ მასტერსის ფინალისტი.[2]
შემდეგ წელს რეი რიარდონმა მოიგო ზედიზედ სამი პროფესიონალური ტურნირი, რაც მანამდე არავის ჰქონდა განაკეთები. მან ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში ალექს ჰიგინსის დამარცხებით, და კვლავ გახდა მასტერსის გამარჯვებული; აგრეთვე უელსელმა მოიგო არარეიტინგული ტურნირი Pontins Professional. ეს შესანიშნავი შედეგი იყო, რადგან იმ დროისთვის წელიწადში სულ 3-4 პროფესიონალური ტურნირი ტარდებოდა.
როდესაც 1977/78 წლების სეზონზე გაჩნდა სნუკერისტების მსოფლიო რეიტინგი, რეიმ პირველი ადგილი დაიკავა 15 ქულით. ამგვარად ჩრდილოეთ ირლანდიელ ჰიგინსს 6 ქულით აჯობა. აქ ყველაფერი პროგნოზირებადი იყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი მარცხი კრუსიბლის თეატრში ჯონ სპენსერთან ანგარიშით 6:13. სპენსერმა ამგვარად დაასრულა უელსელი გამარჯვებების სერია, რომელიც უკვე ექვსი წელი გრძელდებოდა.
უელსელმა მსოფლიო ჩემპიონის წოდების დაბრუნება 1978 წელს მოახერხა, როდესაც მიიღო მეექვსე ტიტული პერი მენსის დამარცხებით, ანგარიშით 25:18. ოდნავ გვიან მან მეორედ მოიგო Pot Black Cup, მოიგო საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრესიჟული ტურნირი Professional Players (გრან-პრი) და გამარჯვებას მიაღწია უელსის ჩემპიონატზე 1981 და 1983 წლებში. პირველ ადგილს რეიტინგში რეი ინარჩუნებდა 1980/81 წლების სეზონამდე, სანამ საბოლოოდ წინ არ გაუშვა კანადელი კლიფ ტორბურნი. თუმცა, უკვე შემდეგ წელს რეი ისევ პირველი გახდა რეიტინგში, მსოფლიო პირველობის მერვე ფინალის წყალობით. რიარდონი რომ ცოტათი ახალგაზრდა ყოფილიყო, ის, შესაძლოა, შვიდგზის ჩემპიონობასაც შეძლებდა, მაგრამ 50 წლის ასაკში რთულია ისეთ ძლიერ სნუკერისტთან თამაში, როგორიცაა ალექს ჰიგინსი, თანაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. ამიტომაც ჰიგინსმა გაიმარჯვა ამ მატჩში 18:15.
1983 წელს ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მოიგო პროფესიონალური ტირული: მაშინ, Yamaha Organs International Masters-ის ფინალში მან დაამარცხა ჯიმი უაიტი, 9:6.[3]
სირთულეები თამაშში რიარდონს 1982 წელს გაუჩნდა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. მას მხედველობა დაუქვეითდა და თავისი კარიერის ბოლო წლებში ატარებდა სათვალეებს „დენის ტეილორი სტილში“. მიუხედავად ამისა, მან თავისი უკანასკნელი ფინალი ითამაშა 1982 წელს World Doubles-ში და ტონი ჯონსთან ერთად დამარცხდა სტივ დეივისსა და ტონი მეოსთან, 5:12. იმავე წელს უელსელი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, თუმცა იქაც დამარცხდა დეივისთან ანგარიშით 5:16.[4]
1988 წელს რეიმ, ყველასთვის მოულოდნელად, დაამარცხა სტივ დეივისი 5:0-ით ტურნირ British Open-ზე, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მისი პოზიციის სწრაფი გაუარესება გარდაუვალი იყო. ამიტომაც, 1992 წელს, 60 წლის ასაკში რიარდონი წავიდა პროფესიონალებიდან. მაგრამ ის აგრძელებდა სნუკერის განვითარებაში აქტიურ მონაწილედ ყოფნას, როგორც WPBSA-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა შეჯიბრებზე ყოფილი პროფესიონალებისთვის. 2000-იანი წლების დასაწყისში რიარდონი დაკავებული იყო მწვრთნელის საქმიანობით, კერძოდ — მუშაობდა რონი ო'სალივანთან 2004/2005 წლების სეზონზე.[5]
ახლა რეი ცხოვრობს სოფელ ჩარსტონში (დევონის საგრაფო, ინგლისი) და ძველებურად გატაცებულია გოლფითა[6] და სნუკერით.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიარდონი ძალიან უყვარდათ იმის გამო, რომ მან თამაშს სანახაობა და იუმორი შესძინა. თავისი გრძელი დარტყმებით პოპულარულმა რეიმ გამართა ჩვიდმეტი წაუგებელი მატჩი მსოფლიო პირველობაზე და ოთხჯერ ზედიზედ მოიგო ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. რეიმ დაიმსახურა ზედმეტსახელი დრაკულა თავისი გამუდმებული ვარცხნილობის — შავი, უკან გლუვად გადავარცხნილი თმების გამო.
რიარდონი პროფესიონალი გახდა 1967 წელს და თამაშობდა 1992 წლის ჩათვლით. ის სნუკერის უდავო ლიდერი იყო 1970-იან წლებში. მან ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის შვიდი ფინალი და აქედან ექვსი მოიგო. ორჯერ, 1979 და 1980 წლებში, რიარდონმა უელსის ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო თასზე. რეი რჩება პირველობის ყველაზე ასაკოვან გამარჯვებულად — ჩემპიონის ბოლო ტიტული მან 1978 წელს აიღო, 45 წლისა და 6 თვის ასაკში. 1985 წელს დიდი ბრიტანეთისადმი დამსახურებებისთვის უელსელმა მიიღო მაღალი წოდება MBE — ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. რეიმ კარიერაში 70-ზე მეტი სენჩერი ბრეიკი გააკეთა ოფიციალურ მატჩებში. ახლაც კი, როდესაც სნუკერი 70-იანებზე მეტადაა განვითარებული, ბევრი რიარდონს უელსის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სნუკერისტად თვლის.
მიღწევები კარიერაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიტინგული ტურნირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში გამარჯვებული — 1974-1976, 1978
- მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ფინალისტი — 1982
- Professional Players ჩემპიონი — 1982
არარეიტინგული ტურნირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში გამარჯვებული — 1970, 1973
- მასტერსი ჩემპიონი — 1976
- მასტერსი მეორე ადგილი — 1975
- Yamaha International Masters ჩემპიონი — 1983
- Welsh Professional გამარჯვებული — 1977, 1981, 1983
- Pontins Professional ჩემპიონი — 1974-1976, 1978
- Pontins Open ჩემპიონი — 1975
- Pot Black Cup ჩემპიონი — 1969, 1979
- მსოფლიო თასი გამარჯვებული (უელსის გუნდის შემადგენლობაში) — 1979-1980
- მსოფლიო თასი ფინალისტი (უელსის გუნდის შემადგენლობაში) — 1981, 1983
- World Matchplay ფინალისტი — 1976
სამოყვარულო ტურნირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- News of the World გამარჯვებული — 1949
- ინგლისის ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის გამარჯვებული — 1964
- უელსის ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის გამარჯვებული — 1950, ?
ადგილები მსოფლიო რეიტინგში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ადგილი |
---|---|
1976/77 | 1 |
1977/78 | 1 |
1978/79 | 1 |
1979/80 | 1 |
1980/81 | 1 |
1981/82 | 4 |
1982/83 | 1 |
1983/84 | 2 |
1984/85 | 5 |
1985/86 | 6 |
1986/87 | 15 |
1987/88 | 38 |
1988/89 | 40 |
1989/90 | 54 |
1990/91 | 73 |
1991/92 | 126 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია Globalsnooker-ზე დაარქივებული 2010-02-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- პროფილი Worldsnooker-ზე (ინგლისური)
- მოკლე ბიოგრაფია Top-Snooker-ზე
- პროფილი Pro Snooker Blog-ზე (ინგლისური)
- ბიოგრაფია talksnooker-ზე დაარქივებული 2010-04-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- რეიტინგი snooker.org-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pot Black first transmitted 23 July 1969. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 30 აპრილი 2013.
- ↑ Masters milestones
- ↑ Chris Turner’s SNOOKER ARCHIVE:Various Snooker Records
- ↑ World Championship 1985. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-06. ციტირების თარიღი: 2013-04-30.
- ↑ 'Magic' Ronnie wows Reardon
- ↑ A message from the Club’s President Ray Reardon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-25. ციტირების თარიღი: 2013-04-30.
|