შინაარსზე გადასვლა

რეინგოლდ გლიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეინგოლდ გლიერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1874
11 იანვარი, 1875
დაბ. ადგილი კიევი
გარდ. თარიღი 23 ივნისი, 1956 (81 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[1]
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი
ხელმოწერა
რეინგოლდ გლიერი ვიკისაწყობში

რეინგოლდ გლიერი (რუს. Рейнго́льд Мо́рицевич Глиэ́р; დ. 30 დეკემბერი, 1874 [ 11 იანვარი, 1875 ], კიევი — გ. 23 ივნისი, 1956, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1938). I ხარისხის სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატი (1946, 1948, 1950). ლენინის ორდენის სამგზის კავალერი (1945, 1950, 1955). ლენინგრადის ჰიმნის ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეინგოლდ გლიერი დაიბადა 1874 წლის 30 დეკემბერს, (1875 წლის 11 იანვარს), კიევში, გერმანიიდან ჩამოსახლებული სპილენძის მუსიკალური ინსტრუმენტების ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა კიევის მე-2 გიმნაზიაში. პირველადი მუსიკალური განათლება ოჯახურ წრეში მიიღო. 1894 წელს დაამთავრა კიევის მუსიკალური სასწავლებელი (ამჟამად - გლიერის სახელობის კიევის მუნიციპალური მუსიკალური აკადემია) და სწავლა გააგრძელა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1897 წელს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა.

1900 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ოქროს მედლით. ამ დროს ის უკვე იყო რამდენიმე კამერული ნაწარმოებისა და პირველი სიმფონიის ავტორი. 1900 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1913-20 წლებში იყო კიევის კონსერვატორიის პროფესორი (კომპოზიცია და საორკესტრო კლასი), 1914-20 წლებში - კონსერვატორიის დირექტორი; 1920-41 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (კომპოზიცია).

1906-1908 წლებში სწავლობდა დირიჟორობას ოსკარ ფრიდთან გერმანიაში. 1908 წლიდან გამოდიოდა როგორც დირიჟორი და ძირითადად თავის ნაწარმოებებს ასრულებდა. როგორც კომპოზიტორი, ჩამოყალიბდა უმეტესწილად ალექსანდრე გლაზუნოვთან, სერგეი რახმანინოვთან, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვთან ურთიერთობის წყალობით.

1920-22 წლებში სახალხო განათლების მოსკოვის განყოფილების მუსიკალური სექციის გამგეა, 1920-23 წლებში — „პროლეტკულტის“ მოსკოვის განყოფილების ეთნოგრაფიული სექციის წევრი.

გლიერის მხატვრული მემკვიდრეობა გამოირჩევა ჟანრული ნაირფეროვნებით. ავტორია 5 ოპერისა: „მიწა და ცა“ (1900), „შაჰსენემი“ (1927), „ლეილი და მაჯნუნი“ (1940), „გულსარა“ (1949), „რაშელი“ (1942-43). ბალეტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი ყაყაჩო“ (1927), „ბრინჯაოს მხედარი“ (1949), ტარას ბულბა“ (1952). მას ეკუთვნის აგრეთვე 3 სიმფონია, სიმფონიური პოემები, სიმფონიური სურათი „ზაპოროჟიელები“ (1921), თეატრისა და კინოს მუსიკა და სხვა. მისი შემოქმედება აგრძელებს რუს კლასიკოს-კომპოზიტორთა ტრადიციებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი უკრაინის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების პროფესიული მუსიკის ფორმირებაში და ამ რესპუბლიკების კომპოზიტორთა დაოსტატებაში.[2] 1923 წელს, აზერბაიჯანის სსრ-ის მთავრობის მიწვევით, გლიერი ბაქოში ჩავიდა, რათა ახლოს გაცნობოდა აზერბაიჯანელი ხალხის შემოქმედებას. ასეთი შემოქმედებითი ექსპედიციის შედეგი კი გახდა ოპერა „შახსენემი“, რომლის მუსიკა ეფუძნება აზერბაიჯანის ფოლკლორულ მელოდიურ მასალებს.[3]

გლიერი არა მარტო ნიჭიერი კომპოზიტორი იყო, არამედ არაჩვეულებრივი პედაგოგიც. მან აღზარდა ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუსიკალურ კულტურაში. მის მოსწავლეეებს შორის იყვნენ: სერგეი პროკოფიევი, ნიკოლოზ მიასკოვსკი, ანატოლი ნოვიკოვი, ლევკო რევუცკი, არამ ხაჩატურიანი, ალექსანდრე დავიდენკო, დავით თორაძე და სხვები.

კომპოზიტორი გარდაიცვალა 1956 წლის 23 ივნისს მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. 1961 წლის 23 ივნისს, გლიერის გარდაცვალების 5 წლისთავზე მის საფლავზე დაიდგა ძეგლი, რომლის სკულპტორია მ. ანიკუშინი, არქიტექტორი - ვ. პეტროვი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1930 : „მიწა ითხოვს“ (სოკოლოვთან და რიაზოვთან ერთად)
  • 1939 : „მეგობრები ისევ ხვდებიან ერთმანეთს“
  • 1947 : „ალიშერ ნავოი“ (სადიკოვთან ერთად)

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლიერის სახელს ატარებს კიევის მუსიკალური აკადემია, საბავშვო მუსიკალური სკოლები სხვადასხვა ქალაქებში (მოსკოვი, კალინინგრადი, ტაშკენტი, ალმათი და სხვა), ქუჩები სოფლებსა და ქალაქებში, სამგზავრო თბომავალი, ტანკერი და სხვა. 1924-49 წლებში მოსკოვში მუშაობდა გლიერის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]