რაიბულ თოდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რაიბულ თოდუა
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1944
ზედა ვანი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 2014 (69 წლის)
საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობა ექიმი
ჯილდოები მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
აკადემიური ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

რაიბულ თოდუა (დ. 30 ოქტომბერი, 1944 — გ. 11 აპრილი, 2014) — ქართველი ონკო-ქირურგი, პროფესორი, ონკოლოგიის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ადრეული ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიბულ თოდუა ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანში დაიბადა 1944 წლის 30 ოქტომბერს სამხედრო ექიმის, ამბროსი თოდუას და ზინა აბრამიძის ოჯახში. ამბროსი რაიბულის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით 1946 წელს ბერლინში იმყოფებოდა, როდესაც საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავის ღონისძიებაზე მოწყობილი ტერორისტული აქტის დროს დაიჭრა. მძიმედ დაჭრილი ბერლინიდან პოლონეთში, პოზნანში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

რაიბულის გაზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ბიძამ, ცნობილმა ქირურგმა შოთა თოდუამ, ის ცნობილი იყო მკურნალობის ინოვაციური მეთოდით, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება — ფარისებრ ჯირკვალს გულმკერდის კანის ქვემოდან იღებდა, რომ პაციენტს ყელზე ნაწიბური არ დარჩენოდა. ამ ოპერაციის ჩასატარებლად მასთან მთელი საბჭოთა კავშირიდან დადიოდნენ პაციენტები. შოთას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ უკრაინელ ექიმთან, აკადემიკოს ალექსანდრ ვიშნევსკისთან, რომელთან ერთადაც ფრონტზე იბრძოდა. მოგვიანებით შოთა თოდუას სახელი მიენიჭა ვანის რაიონულ საავადმყოფოს.

შოთას გარდა რაიბულის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს დედის ძმამ, ოთარ აბრამიძემ და სკოლის დირექტორმა მიშა ხარძეიშვილმა, რომელიც რაიბულის მამის ბავშვობის მეგობარი იყო და მათ ოჯახებს საერთო ფუძე აკავშირებდათ სოფელ გადიდში. რაიბულის საუკეთესო მეგობარი ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მიშას ვაჟიშვილი ომარ ხარძეიშვილი, პროფესორი, თსუ-ს პათომორფოლოგიის კათედრის გამგე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიბულ თოდუამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 1969 წელს, რის შემდეგაც ვანის რაიონის სოფელ გადიდში სამედიცინო პუნქტის გამგედ გაანაწილეს. იმავდროულად ვანის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი იყო, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა – ბიძის, შოთა თოდუას ხელშეწყობით, მალე მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, მიზნობრივ ორდინატურაში გააგრძელა სწავლა, სადაც ქირურგიაში ძალიან დახელოვნდა.

1973 წელს რაიბული საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრში ექიმ-ორდინატორად დაიწყო მუშაობა. მალე თსუ-ს ახალდაარსებული კათედრის ასისტენტი გახდა. 1981 წელს ახლად ორგანიზებულ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეთა ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა, ჯერ – მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1992 წელს აირჩიეს ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჭოს წევრად, 2006 წელს კი ონკოლოგიური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეთა ქირურგიულ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.

ავტორია 174 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის – ორი მონოგრაფია და ქირურგიული ინსტრუმენტი, რომელიც თავზე ოპერაციების დროს სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენება. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბო, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა“, დაიცვა ერევანში 1983 წელს.

რაიბულმა განსაკუთრებით დიდი დრო მოახმარა მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბოს კვლევას, რომელიც იშვიათი პათოლოგიაა, მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დაავადების მქონე ყველაზე მეტი – 160-მდე პაციენტი ჰყავდა. შეიმუშავა მისი სტადიების საკუთარი TNM კლასიფიკაცია, რომელმაც დიდი აღიარება პოვა ჯერ მოსკოვში, შემდეგ – საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც. ამ საკითხზე მოხსენების წასაკითხად 1989 წელს ავსტრიაში, ონკოლოგთა მსოფლიო კონგრესზე მიიწვიეს, სადაც მაშინ არ გაუშვეს, თუმცა მოგვიანებით მაინც მოახერხა მისი წაკითხვა – 1998 წელს ფლორენციაში, ევროპის მამოლოგთა პირველ კონგრესზე გამოვიდა ამავე მოხსენებით, სადაც ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის ნამდვილ წევრად აირჩიეს, მის მიერ შემუშავებული კლასიფიკაცია კი 2003 წელს გამოცემულ ონკოლოგიურ დაავადებათა სამედიცინო ლექსიკონში შეიტანეს.

მან წამოიწყო ურთულესი ოპერაციები, რომლებიც მანამდე საქართველოში წარმოუდგენლად მიაჩნდათ – სკაპულექტომია (ბეჭის რეზექცია), გულმკერდ-ბეჭთაშუა ამპუტაცია, ეგზარტიკულაცია (კიდურის ამოსახსვრა), რაც სიმსივნის დროს ურთულესი პროცესია, მენჯის რეზექცია, კანის გადანერგვა კანის სიმსივნეების დროს.

მისი ხელმძღვანელობისას ონკოლოგიის ცენტრი იქცა დიდი სკოლად, სადაც უამრავი კარგი ონკოლოგი აღიზარდა და მთელ ამიერკავკასიას აძლევდა მიმართულებას. მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, – ონკოლოგიური სამსახურების ჩამოყალიბებასა და საქმიანობაში, ატარებდა ოპერაციებს და კითხულობდა ლექციებს ადგილობრივი ექიმი ონკოლოგებისთვის, იყო სამკურნალო კომბინატის კონსულტანტ-ონკოლოგი. თავისი სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში თხუთმეტ ათასზე მეტი სხვადასხვა სირთულის ოპერაცია აქვს ჩატარებული. მონაწილეობდა 27 საერთაშორისო კონგრესსა და კონფერენციაში.

1970 წელს გადაეცა მედალი „შრომითი მამაცობისთვის“, 2005 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

დაქორწინებული იყო ექიმ ტატიანა თოდუაზე, მათი შვილი კახა ასევე ექიმი-ონკოლოგი და მამის პროფესიული გზის გამგრძელებელია.

რაიბულ თოდუა 2014 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლისა და რამდენიმე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ.

ჯილდოები და წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის მამოლოგთა I საერთაშორისო კონგრესი, დელეგატი (ფლორენცია, იტალია, 1998)
  • ონკოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“ (1970)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2000) თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, გვ. 121. ISBN 99928-52-29-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]