შინაარსზე გადასვლა

ჟულიე დ’ობინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟულიე დ'ობინი

ოპერის მომღერალი მადმუაზელ მოპენი. უცნობი ავტორის გრავიურა დაახლ. 1700წ.
მშობლიური სახელი Julie d'Aubigny
დაბადების თარიღი 1670
პარიზი
გარდაცვალების თარიღი 1707
პროვანსი
მოქალაქეობა საფრანგეთი
პროფესია მომღერალი, მსახიობი

ჟულიე დ’ობინი,  ცნობილია, როგორც მადმუაზელ დე მოლენი  (ფრანგ. Julie d'Aubigny, Mademoiselle de Maupin; დაახლ. 1670, პარიზი1707, პროვანსი) — ფრანგი საოპერო მომღერალი და მსახიობი. ცნობილია სკანდალური ცხოვრების წესით და არაერთი დუელით. მისი ბიოგრაფიის საფუძველზე თეოფილ  გოტიემ დაწერა რომანი Mademoiselle de Maupen.[1]

ჟულიე დ'ობინი დაიბადა დაახლოებით 1670 წელს პარიზში. მისი მამა გახლდათ გასტონ დ'ობინი, გრაფ დ'არმანიაკის მდივანი. მამის დამსახურებით გოგონა ფარიკაობის ხელოვნებას პატარაობიდანვე მაღალ დონეზე დაეუფლა. ამავდროულად, ჟულიე  ქალური სილამაზით გამოირჩეოდა: იგი იყო საშუალო სიმაღლის, ქერათმიანი და ცისფერთვალება  ნატიფი ნაკვთებით. დაახლოებით თხუთმეტი წლის ასაკში ის დ'არმანიაკის საყვარელი გახდა. შემდგომში ჟულიე გაათხოვეს სენ-ჟერმენ-ან-ლეის ბატონ მოპენზე, თუმცა მალე თავის საყვარელ სერანთან ერთად გაიქცა. სერანი ცნობილი მოფარიკავე იყო, მან დუელში კაცი მოკლა და იძულებული გახდა პარიზიდან მარსელში წასულიყო.  მარსელში წყვილი საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას შეუდგა. ჟულიე მამაკაცის კოსტუმში გამოწყობილი გამოდიოდა. მაყურებელს უჭირდა დაჯერება, რომ მათ წინაშე  ქალი იდგა. ამავე დროს  სერანსაც და ჟულიესაც კარგი ხმები ჰქონდათ და მუსიკალურ ნომრებსაც ასრულებდნენ. ჯულიეს სასიმღერო ხმის შესახებ სხვადასხვა წყარო იძლევა განსხვავებულ ინფორმაციას: სოპრანო, მეცო-სოპრანო, კონტრალტო. ცნობილია, რომ მუსიკალური განათლების არქონის მიუხედავად, იგი გამოდიოდა (ქალიშვილობის გვარით) მარსელის მუსიკალურ აკადემიაში.[2]

სერანთან განშორების შემდეგ, ჟულიე დ'ობინს  მარსელელი ვაჭრის ქალიშვილი შეუყვარდა. გოგონას მშობლებმა, როცა შეიტყვეს სკანდალური ურთიერთობის შესახებ, ქალიშვილი ავინიონის მონასტერში გაგზავნეს.

ჟულიემ შეაღწინა მონასტერში, რათა იქიდან გაეტაცებინა საყვარელი. როდესაც ერთ-ერთი მონაზონი გარდაიცვალა, ჟულიემ მისი ცხედარი მეგობრის საწოლში მოათავსა და კელიას ცეცხლი წაუკიდა. ხანძრის დროს ორივე გოგონამ გაქცევა მოახერხა, მაგრამ მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ —  სავარაუდოდ ჟულიეს სეყვარებულმა ან მოიწყინა, ან გადაწყვიტა მშობლებთან დაბრუნება. გატაცებისა და ხანძრის გამო, ჟულიე გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საყურადღებოა, რომ განაჩენში მას კაცად მოიხსენიებდნენ. შესაძლოა, მოსამართლეებმა ვერ დაიჯერეს, რომ ქალს შეეძლო ქალის მონასტრიდან გატაცება.  ჟულიეს მამამ  სასიკვდილო განაჩენის გაუქმება მოახერხა: მეფე ლუი XIV-მ შეიწყალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოცი წლისაც არ იყო.[3]

1690 წელს შედგა  ჟულიე დ’ობინის პრემიერა პარიზის ოპერაში. მან შეასრულა პალადას პარტია ჟან-ბატისტ ლულის „კადმე და ჰერმიონეში’’. ამჯერად  მეუღლის — დე მოპენის (ან ლა მოპენის) გვარით გამოვიდა.[4]

1698 წელს ოპერის ერთ-ერთი სოლისტი მარი ლე როშუა სცენიდან წავიდა. ამის შემდეგ მადმუაზელ დე მოპენმა წამყვანი პარტიები მიიღო ჟან-ბატისტ ლულის, კოლასის, დემარეს, დეტუშის, კამპრას და ლა ბარას ოპერებში. მარკიზ დე დანჯო მის ხმას "მსოფლიოში საუკეთესოდ" თვლიდა.

1695 წელს დე მოპენმა მორიგი სკანდალის პროვოცირება მოახდინა: იგი მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოცხადდა ფილიპ I ორლეანელის მიერ   Palais Royal-ში გამართულ ბალ-მასკარადზე და აცდუნა იქ დამსწრე გოგონები. მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთ გოგონას ტუჩებში აკოცა, სამი მამაკაცი ჟულიეს გადაუდგა და  დუელში გამოიწვია. თუმცა მან სამივეს მძიმე ჭრილობები მიაყენა და დაამარცხა. ამის შემდეგ ჟულიე კვლავ  სასახლეში დაუბრუნდა და მომხდარის შესახებ მოყვა. იმ დროს დუელი აკრძალული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ორლეანის ჰერცოგი ჟულიეს მეფის წინაშე  შუამავლობას დაჰპირდა,  ქალმა ბრიუსელში გაქცევა ამჯობინა.[5]

1698 წელს ბრიუსელში ჩასვლისას დე მოპენი გახდა ბავარიის კურფიურსტის მაქსიმილიან II-ის საყვარელი. სავარაუდოდ იმავე წელს ეწვია ესპანეთს. იმავდროულად, მეფემ იგი მეორედ შეიწყალა, იმის საფუძველზე, რომ კანონები  დუელის შესახებ  მოქმედებდა მამაკაცებზე და არა ქალებზე.

ჟულიე პარიზში დაბრუნდა და გააგრძელა  გამოსვლები ოპერის სცენაზე, თუმცა სცენის მიღმა მისი სკანდალური  საქციელი მაინც ყურადღებას იპყრობდა და მითქმა-მოთქმის საგანი იყო. როგორც ამბობდნენ,  მან დუელში გამოიწვია ტენორი ლუი გოლარდ დიუმენი, რომელიც თავს აბეზრებდა მსახიობ ქალბატონებს თავისი საქციელით.  ტენორმა ჟულიე უარით გაისტუმრა,  შედეგად ქალმა იგი  ჯოხით სცემა და წაართვა საათი და პორტსიგარა. დიუმენს არ სურდა ეღიარებინა დამცირება და მეორე დღეს განაცხადა, რომ რომ მას თავს დაესხა ქურდების ბანდა, თუმცა  ჟულიემ ამხილა იგი ტყუილში და დამსწრეებს მტკიცებულების სახით  დიუმენის ნივთები  წარუდგინა.

ჟულიე დ'ობინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოპერის მომღერალსა და ცნობილ ლამაზმანთან ფანშონ მოროსთან. გავრცელებულია ლეგენდა, რომ მას შემდეგ რაც ფანშონმა გადაწყვიტა განშორება, ჟულიემ  თვითმკვლელობა სცადა.

მისი ბოლო საყვარელი გახლდათ მარკიზა დე ფლორენზაკი. ორი წლის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ მარკიზას გარდაცვალებამდე (1705 წ). იმავე წელს დე მოპენი სცენიდან წავიდა და დარჩენილი ცხოვრება მონასტერში გაატარა. სხვა ვერსიით, სიცოცხლის ბოლოს იგი დაუბრუნდა თავის კანონიერ მეუღლეს და  მასთან პროვანსში ცხოვრობდა. ჟულიე დ'ობინი გარდაიცვალა 1707 წელს ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში.[6]

  1. Dictionary of Women Worldwide, 2007, p. 1270.
  2. Rogers, Cameron (1928). Gallant Ladies. New York: Harcourt, Brace
  3. Letainturier-Fradin, Gabriel (1904). La Maupin, 1670–1707, sa vie, ses duels, ses aventures. Paris: Flammarion.
  4. John Hajdu Heyer. The Lure and Legacy of Music at Versailles: Louis XIV and the Aix School. — Cambridge University Press, 2014. — P. 84.
  5. Karl-Josef Kutsch, Leo Riemens. Moreau, Fanchon // Großes Sängerlexikon. — Walter de Gruyter, 2012. — P. 3211.
  6. Anne Commire. Women in World History. — Gale, 2000. — Vol. 10. — P. 742.