ჟან დე ვალუა (ბერის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟან დე ვალუა
Duc de Berry.jpg
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1340
ვენსენი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 15 ივნისი, 1416, (75 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
წოდება ბერის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჟანა არმანიაკი
(ქ. 1360 - გარდ. 1387)
ჟანა II ოვერნელი
(ქ. 1389)
შვილ(ებ)ი ჟანი, მონტესპიერის გრაფი
ბონა, სავოიის გრაფინია
მარი, ოვერნის ჰერცოგინია
მშობლები მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი

ჟან დე ვალუა (ფრანგ. Jean de Valois; დ. 30 ნოემბერი, 1340, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 15 ივნისი, 1416, პარიზი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ბონა ლუქსემბურგელის შუათანა ვაჟი. ბერის, პუატიეს, ოვერნისა და მონტესპიერის ჰერცოგი. იგი იყო ღვიძლი ძმა საფრანგეთის მეფე შარლ V-ის, ანჟუს ჰერცოგ ლუი I-ისა და ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა. ძმის გარდაცვალების შემდეგ იყო თავისი ძმიშვილის, საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის რეგენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანი დაიბადა 1340 წლის 30 ნოემბერს ვენსენში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი მეუღლის, ბონა ლუქსემბურგელის ვაჟი. 1356 წელს მამამისმა ჟანს პუატიეს გრაფობა, ხოლო 1358 წელს ოვერნის, ლანგედოკის, პერიგორისა და პუატიეს გრაფობა უბოძა. როდესაც 1360 წელს ჟანის მფლობელობაში მყოფი პუატიე ინგლისელებმა დაიპყრეს, სანაცვლოდ მეფემ მას ბერის ჰერცოგობა უბოძა. დროებით იგი მსახურობდა ინგლისშიც, საიდანაც 1369 წელს დაბრუნდა და ახლა უკვე გამეფებულმა მისმა ძმამ, შარლ V-მ მას უბოძა ბურბონის, ფორეს, სოლოინის, ტურის, ანჟუს, მაინისა და ნორმანდიის ჰერცოგობა.

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 1480 წელს მისი ძმა შარლ V გარდაიცვალა, ტახტზე მისი მცირეწლოვანი ძმიშვილი შარლ VI ავიდა. ვინაიდან ამ დროს შარლ VI-ის დედა, დედოფალი ჟანა დე ბურბონი უკვე გარდაცვლილი იყო, მის რეგენტებად დაინიშნნენ ჟანი, მისი ძმა ლუი I ანჟუელი და დედოფალ ჟანას ძმა, ანუ ბურბონის ჰერცოგი. რეგენტობის პირველივე წლის ნოემბერში ჟანმა ინგლისელებს ომი გამოუცხადა და ლანგედოკზე მიიტანა იერიში. თუმცა მოულოდნელად თავად ადგილობრივი ფრანგი გლეხები აჯანყდნენ, რომელთაც ინგლისელთა ბატონობის ქვეშ ცხოვრება ერჩიათ. 1384 წელს ლუი ანჟუელის სიკვდილის შემდეგ, ჟანი და მისი ძმა, ფილიპ ბურგუნდიელი საფრანგეთში ძირითადი ფიგურები გახდნენ. 1388 წლიდან ჟანმა ქვეყნის მართვა მინისტრთა საბჭოს გადააბარა, თავად კი სამხედრო საქმიანობებს მიჰყო ხელი. 1392 წელს მან შესძლო და დაიბრუნა ლანგედოკი. მისი რეგენტობა 1402 წლამდე გაგრძელდა, სანამ მეფე შარლი სრულწლოვანი არ გახდა.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგვიანებით ჟანი მუშაობდა ერთმანეთს გადამტერებული ბურგუნდიელებისა და ფრანგების შერიგებაზე. 1404 წელს, ფილიპ ბურგუნდიელის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ჟან უშიში ავიდა, რომელთანაც ბერის ჰერცოგმა მოლაპარაკებების დაწყება სცადა, თუმცა ამაოდ. ბურგუნდიელები ახლა უკვე ინგლისელთა მოკავშირეები იყვნენ. ჟანი დიდწილად საშინაო მშვიდობის დამყარებას უფრო ცდილობდა, ვიდრე ინგლისელთა განდევნას. თუმცაღა იგი ნორმანდიის განთავისუფლების მცდელობისას ინგლისელებმა ტყვედ ჩაიგდეს და მხოლოდ წლების შემდეგ გამოისყიდეს იგი ფრანგებმა. ამის შემდეგ მან კიდევ მიიღო მონაწილეობა პუატიეს, აზენკურისა და სხვა მრავალ ბრძოლაში. იგი გარდაიცვალა 1416 წელს 75 წლის ასაკში, პარიზის დაცვისას.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1360 წელს ჟანმა ცოლად შეირთო ჟანა არმანიაკი (1346-1387), რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. შარლი (1362-1382), მონტესპიერის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ჟანი (1363-1402), მონტესპიერის ჰერცოგი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ V-ის უფროსი ასული კატრინი, რომელიც მალევე დაიღუპა, ამის შემდეგ კი მეორედ იქორწინა ანა დე ბურბონ-ლა მარკზე, თუმცაღა შვილები არც მასთან ჰყოლია;
  3. ლუი (1364-1383);
  4. ბონა (1365-1435), პირველად ცოლად გაჰყვა სავოიის გრაფ ამადეო VII-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ოვერნის გრაფ ბერტრანდ VII-ზე;
  5. მარი (1375-1434), პირველად ცოლად გაჰყვა დუნუას გრაფ ლუი III დე შატილონს, მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ოს გრაფ ფილიპ არტუელზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ს;

მას ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი შოტლანდიელი ქალისგან:

  1. ოუოალდი (1370-1382),დაიბადა ინგლისში, ჟანის ტყვეობისას;

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ჟანი მეორედ დაქორწინდა ჟანა II ოვერნელზე (1378-1424), თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Emmerson, Richard K. (2013). Key Figures in Medieval Europe: An Encyclopedia. Routledge. ISBN 978-1136775185.
  • Joni M. Hand, Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550, (Ashgate, 2013), 25.
  • John, Duke of Berry, Richard C. Famiglietti, Medieval France: An Encyclopedia, ed. William W. Kibler, (Routledge, 1995), 498.