მარი ბერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი ბერელი
Marie Berry.jpg
ოვერნის ჰერცოგინია და მონტესპიერის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 15 ივნისი, 1416
მმართ. დასასრული: ივნისი, 1434
წინამორბედი: ჟან I ვალუა
მემკვიდრე: შარლ I ბურბონი
ბურბონის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 10 აგვისტო, 1410
მმართ. დასასრული: 1434
წინამორბედი: ანა ოვერნელი
მემკვიდრე: აგნეს ბურგუნდიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1375
გარდ. თარიღი: ივნისი, 1434
მეუღლე: ლუი III, შატილონის გრაფი
ფილიპი, ოს გრაფი
ჟან I, ბურბონის ჰერცოგი
შვილები: შარლი, ოს გრაფი
ბონა, ბურგუნდიის ჰერცოგინია
კატრინი
შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
ლუი, ფორეს გრაფი
ლუი I, მონტესპიერის გრაფი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟანი, ბერის ჰერცოგი
დედა: ჟანა არმანიაკი
რელიგია: კათოლიციზმი

მარი ბერელი (ფრანგ. Marie de Berry; დ. 1375 — გ. 1434) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბერის ჰერცოგ ჟანისა და მისი პირველი ცოლის, ჟანა არმანიაკის ქალიშვილი. ოვერნის ჰერცოგინია და მონტესპიერის გრაფინია 1416-34 წლებში. გათხოვილი იყო სამჯერ, პირველად შატილონის გრაფ ლუი III-ზე, მეორედ ოს გრაფ ფილიპ არტუელზე და მესამედ ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ზე. შვილები მხოლოდ მეორე და მესამე ქმრისაგან ჰყავდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი დაიბადა 1375 წელს საფრანგეთში. იგი იყო ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუასა და მისი პირველი მეუღლის, ჟანა არმანიაკის ნაბოლარა ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილი. მას სამი ძმა ჰყავდა:შარლი, ლუი და ჟანი, ასევე ჰყავდა ერთი და, სავოიისა და არმანიაკის გრაფინია ბონა. მისი სამივე ძმა მცირეწლოვანი დაიღუპა, რის გამოც ჰერცოგი ჟანის მემკვიდრეებად ჯერ ბონა, შემდეგ კი მარი მოიაზრებოდნენ.

შატილონის გრაფინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1386 წლის 29 მაისს, წმინდა ეტიენის სახელობის კათედრალში, ქალაქ ბურჟში, 11 წლის მარი ცოლად შერთეს შატილონის გრაფ ლუი III-ს. ცნობილია, რომ მარის მამამ მას მზითვში 70, 000 ფრანკი და დანუას საგრაფო გაატანა. ცნობილია ისიც, რომ მარისა და ლუის კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ლუი მზრუნველი მეუღლე აღმოჩნდა და მარის არაფერს აკლებდა. თუმცა, მიუხედავად ბედნიერებისა, ქორწინება უნაყოფო იყო, საბოლოოდ კი 1391 წელს ლუი გარდაიცვალა, რის გამოც მარი კვლავ მამის კარზე დაბრუნდა.

ოს გრაფინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარისა და ფილიპ არტუელის ქორწინება

1393 წლის 27 იანვარს მარი მეორედ დააქორწინეს ოს გრაფ ფილიპ არტუელზე. საქორწინო ზეიმი და ღონისძიებები მეფე შარლ VI-ის ბრძანებით მის სამეფო კარზე, ლუვრის სასახლეში შედგა, ჟან დე ვალუამ კი მარის მზითვში კვლავ 70, 000 ფრანკი და დანუას საგრაფო გაატანა. ამ დროს მარი 18 წლის, ხოლო ფილიპი 35-ის იყო. ქორწინებიდან ერთ წელიწადში ფილიპი საფრანგეთის კონეტაბლი გახდა. წყვილს ქორწინებაში ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა. ცნობილია, რომ 1396 წლის 25 სექტემბერს, ოსმალთა წინააღმდეგ გამართულ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ფრანგების არმიას ფილიპი ხელმძღვანელობდა. ასევე ის გაუძღვა ნიკოპოლის ბრძოლაში. ფილიპი თავისი ჯარებით ცენტრალურ თურქეთამდე მივიდა. სწორედ აქ, მაჰალიქის ბრძოლაში თურქებმა ფილიპი მოკლეს.

ოს ახალი გრაფი ფილიპისა და მარის ვაჟი, შარლი გახდა. მისი მმართველობის გასამყარებლად, მარიმ თავისი ერთი ქალიშვილი, პრინცესა კატრინი კარენსის ლორდს გააყოლა, ხოლო მეორე, პრინცესა ბონა ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ს შერთო ცოლად.

ბურბონის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქვრივებიდან რამდენიმე წელიწადში, მარიმ მესამედ გათხოვება მოინდომა, რის გამოც დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები მასსა და ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ს შორის. 1400 წლის 27 მაისს დაიდო საქორწინო კონტრაქტი, 1401 წლის 21 ივნისს კი პარიზში შედგა მათი ქორწილი. მარისა და ჟანს სამი ვაჟი ეყოლათ. 1410 წლის 19 აგვისტოს მარის მამამთილის, ლუი II-ის დაღუპვის შემდეგ ჟანი ტახტზე ადის და ბურბონის ჰერცოგი ხდება.

1415 წლის 24 ოქტომბერს, აზენკურის ბრძოლის დროს ინგლისელებმა ჟანი ტყვედ ჩაიგდეს და ლონდონის ციხეში გამოკეტეს. მარი ყველანაირად ცდილობდა მის გამოსყიდვას, თუმცა გამოსასყიდი იმდენად დიდი იყო, რომ როგორც ჩანს, საფრანგეთის სამეფო ოჯახიც კი ვერ სწვდებოდა მის გადახდას. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჟანმა დარჩენილი ცხოვრება ტყვეობაში დაატარა და 1434 წელს ლონდონში გარდაიცვალა.

ოვერნის ჰერცოგინია და მონტესპიერის გრაფინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1416 წელს მარის მამა, ჰერცოგი ჟანი დაიღუპა, მან თავისი სამფლობელოები თანაბრად გაუყო თავის ქალიშვილებს: ბონას ტური და ბერი უანდერძა, მარის კი ოვერნი და მონტესპიერი. აქედან მოყოლებული, მარი ოვერნისა და მონტესპიერის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ ტერიტორიებს ბურბონები დაეპატრონნენ. მარი გარდაიცვალა 1434 წელს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარისა და ფილიპ არტუელის შვილები:

  1. შარლი (1394-1472), ოს გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  2. ფილიპი (1395), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ბონა (1396-1425), პირველად ცოლად გაჰყვა ნევერის გრაფ ფილიპ II-ს, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა, მეორედ კი იქორწინა თავისი პირველი ქმრის ძმის შვილზე, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
  4. კატრინი (1397-1422), ცოლად გაჰყვა კარენსის ლორდ ჟან დე ბურბონს;

მარისა და ჟან დე ბურბონის შვილები:

  1. შარლ I (1401-1456), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო აგნეს ბურგუნდიელი, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი;
  2. ლუი (1403-1412), ფორეს გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ლუი I (1405-1486), მონტესპიერის გრაფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anselme, Père (1700). Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France (in French). 3. Paris. p. 137.
  • Autrand, Françoise (2000). Jean de Berry . Paris: Fayard. ISBN 9782213648156.
  • Beaune, Colette; Lequain, Élodie (2007). "Marie de Berry et les livres". In Legaré, Anne-Marie. Livres et lectures de femmes en Europe entre Moyen Âge et Renaissance (in French). Turnhout: Brepols. pp. 49–66.
  • Cawley, Charles (26 February 2011), France Capetian kings: Marie de Berry, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy
  • Cawley, Charles (7 February 2011b), Bourbon: Jean I Duc died 1434, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy
  • Cawley, Charles (26 February 2011c), France Capetian kings: Jean de Berry, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy
  • Froissart, Jean; Brereton, Geoffrey (1968). Chronicles. Harmondsworth. p. 439.
  • Cazelles, Raymond; Rathofer, Johannes (2001). Les Très Riches Heures du Duc de Berry (in French). Tournai: Renaissance du Livre. p. 26. ISBN 2-8046-0582-5.
  • Hablot, Laurent (2001). "La ceinture Espérance et les devises des ducs de Bourbons". In Perrot, F. Espérance, le mécénat religieux des ducs de Bourbon au XVe siècle . Souvigny. pp. 91–103.
  • Marrow, James H. (1996). "Art and Experience in Dutch Manuscript Illumination around 1400: Transcending the Boundaries". Journal of the Walters Art Gallery. 54: 101–117.
  • Papertiant, G. (1952). "Note sur les Très Riches Heures du duc de Berry". Revue des Arts. 2: 52–58.
  • Reynaud, Gaston, ed. (1905). Les cent ballades (in French). Paris. pp. li–lii.
  • Stirnemann, Patricia; Villela-Petit, Inès (2004). Les Très Riches Heures du duc de Berry et l'enluminure en France au début du XVe siècle. Paris: Somogy. pp. 40–43. ISBN 2850567426.