შინაარსზე გადასვლა

პირონითის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირონითის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, ართვინის პროვინციის, ხოფის რაიონის სოფელ ჩამლიში (ყოფილი პირონითი).

იგი სოფლის თავში ზღვისკენ წამოზიდული ქედის ბოლო შემაღლებულ ბორცვზეა აშენებული. აქედან შესანიშნავად მოჩანს მთელი შემოგარენი ოთხივე მხარეს, განსაკუთრებით, ზღვისპირეთი მთელ სიგრძე-სიგანეზე. ნაგებობა დარბაზული შვერილაფსიდიანი ეკლესიაა. მისი სიგანე 5,80 მეტრია,ხოლო სიგრძე — 10 მეტრი. იგი სამ საფეხურიან ცოკოლზეა აღმართული.

გამოირჩევა იშვიათი, დახვეწილი პროპორციებითა და „კლასიკური“ სამშენებლო სტილით. კამარა ჩაქცეულია, არ იკითხება, ჩრდილოეთის კარის გარდა, შეიცავდა თუ არა იგი ღიობს სამხრეთიდანაც, დასავლეთის მხრიდან კარი არ შეინიშნება, კედელი ყრუა. ჩრდილოეთის კარი 3 მეტრის სიმაღლის ღიობია. მის წირთხლებზე შეინიშნება, რომ კარილუნეტს შეიცავდა, მისი სიგანე 1,35 მეტრია და ფუძიდან მისი ზღურბლი 50 სანტიმეტრიის სიმაღლეზეა გამართული.

კედლების წყობის ხასიათი ყველაზე უკეთ ჩრდილოეთის ფასადზე იკითხება. დუღაბით ამოყვანილი კედლები მოპირკეთებულია მცირე ზომის კვადრებით. აქ არ გვხვდება არცერთი ისეთი დეტალი, რომელიც მის მეორად გამოყენებაზე მიგვანიშნებს. კვადრების სიმაღლე საშუალოდ 20 სანტიმეტრია, იგი ძალიან მოგვაგონებს ისოდომური წყობის ბოლო, უკანასკნელ სახეს. ამის გარდა, წყობაში, შესაძლოა გამომსახველობის, თუ დეკორატიულობის მიზნით, ვიწრო ჩანართებიც გვხვდება, როგორც ე.წ. ენპლექტონის გვიანდელი ანასახი. კედლები მასიურია, მისი სიგანე 70 სანტიმეტრს უტოლდება.

ეკლესიის დარბაზი, კედლის სიბრტყიდან 28 სანტიმეტრით გამოზიდული, გეგმაში ორსაფეხურიანი და 75 სანტიმეტრის სიგანის პილასტრებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. გრძივ — დასავლეთის ნაწილად და მოკლე — აღმოსავლეთის ნაწილად. ეს ნაწილი საკურთხევლის აბსიდის წინ ქმნის „ბემას“. სწორედ ბემა ნათდება ურთიერთმოპირდაპირე სარკმლებით. ჩრდილოეთის კედელი ორ ერთმანეთის თავზე გამართულ სარკმელს შეიცავდა. სარკმლები თაღოვანია და მისი ზედა სტრუქტურა პლინთუსებითაა გაწყობილი. ქვედა სარკმელი „იატაკიდან“ 1,10 მეტრის სიმაღლეზეა გამართული, მისი სიმაღლე 90 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე 70 სანტიმეტრი. ზედა სარკმელი კი ამჟამინდელი დონიდან 3,40 მეტრის სიმაღლეზეა „გაჭრილი”, მისი სიმაღლე 1,4 მეტრია, ხოლო სიგანე — 50 სანტიმეტრი.

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 56-58 ISBN 978-9941-0-6458-6.