შინაარსზე გადასვლა

პირველი სამნიტური ომი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი სამნიტური ომი
სამნიტური ომების ნაწილი

იტალია ძვ. წ. VII-III საუკუნეებში
თარიღი 343 - 341
მდებარეობა სამნიუმი
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა სამნიტები
მეთაურები
მარკუს ვალერიუს კორვუსი, ავლუს კორნელიუს კოსუსი, პუბლიუს დეციუს მუსი, ტიტუს მანლიუსი

პირველი სამნიტური ომით რომის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, ამიერიდან რომი მიისწრაფის აპენინის ნახევარკუნძულზე ჰეგემონობისაკენ და ეყრება საფუძველი რომის იმპერიას.

გამომწვევი მიზეზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამნიტები თავს დაესხნენ დაუცველ სიდიცინებს, რომლებმაც დახმარება კამპანიელებს სთხოვეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ სამნიტებთან ომის ძალა, რაც სამნიტებთან ორ წაგებულ ბრძოლაში გამოვლინდა. ამ მიზეზებით კამპანიელებმა რომის სენატში ელჩები გაგზავნეს, აღუქვეს რომაელებს სრული მორჩილება დახმარების სანაცვლოდ. რომაელებს მოეწონათ ეს წინადადება, ვინაიდან კამპანიის მიწები ძალიან მოსავლიანი იყო.

სამნიტები ამ დროს რომის მოკავშირეები იყვნენ, ამიტომ რომაელებს იმედი ჰქონდათ რომ საკითხი დიპლომატიური მოლაპარაკებებით გადაიჭრებოდა. ამ მიზნით მათ სამნიტებთან ელჩები გააგზავნეს, მაგრამ მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა, სამნიტებმა უარი განაცხადეს ომის შეწყვეტაზე.

ასეთი პასუხის მიღების შემდეგ რომაელმა ხალხმა სამნიტებს ომი გამოუცხადა.

საბრძოლო მოქმედებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსული მარკუს ვალერიუს კორვუსი ლეგიონებით გაემართა კამპანიისკენ, ხოლო მეორე კონსული ავლუს კორნელიუს კოსუსი სამნიუმში. პირველი მათგანი დაბანაკდა მთა გავრთან, მეორე კი სატიკულასთან. სამნიტები უპირველეს ყოვლისა ვალერიუსს დაუპირისპირდნენ.

პირველ ბრძოლაში რომაელებს სამნიტებისგან გააფთრებული წინააღმდეგობა დახვდათ, დღის ბოლომდე გაურკვეველი იყო გამარჯვებული და მხოლოდ მზის ჩასვლისას დაიხიეს სამნიტებმა. დამარცხებულმა სამნიტებმა იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი. (7.33)

კონსულ კორნელიუს საქმე კი სხვაგვარად ჰქონდა, მან შეცდომით ჯარი ტყით დაფარულ მთებში შეიყვანა, ხოლო როდესაც შენიშნეს ჩასაფრებული სამნიტები, უსაფრთხო ადგილას გადასვლა შეუძლებელი გახდა. სამხედრო ტრიბუნმა პუბლიუს დეციუსმა შენიშნა ჩასაფრებულების ზემოთ არსებული ბორცვი, რომელიც სამნიტებს არ ჰქონდათ დაკავებული და შესთავაზა კონსულს მცირე რაზმით იქ ასვლა, რათა სამნიტების ყურადღება მიეპყრო და ლეგიონები უსაფრთხოდ გასულიყვნენ ტყიდან. ამ მანევრმა გაამართლა, ლეგიონებმა თავი დააღწიეს ტყეს, ხოლო პუბლიუს დეციუსის რაზმი შემაღლებაზე გამაგრდა. ღამით კი ეს რაზმი ჩუმად გაიპარა ბორცვიდან და მეორე დილას უკვე შეუერთდა დანარჩენ ლეგიონებს. (7. 34-36)

ამ გმირობისთვის კონსულმა დააჯილდოვა პუბლიუს დეციუსი, ხოლო მის რაზმში მყოფმა ჯარისკაცებმა მას ბალახის გვირგვინი უბოძეს.

სვესულასთან ბრძოლა მოხდა როდესაც მარკუს ვალერიუსის მიერ დამარცხებულმა სამნიტებმა მოიკრიფეს ძალები და კიდევ ერთხელ სცადეს შეტევა. კონსულმა იხელთა მომენტი როდესაც სამნიტები გარშემო ველებს ძარცვავენ და აიღო მათი ბანაკი, ნადავლი კი ჯარისკაცებს გაუნაწილა. ამ გამარჯვებას ფართო საერთაშო რეზონანსი მოყვა. ლათინებმა, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ლეგიონები რომთან საობრად, გადააფიქრებინა ომის დაწყება, სხვა ერებმაც იჩქარეს რომთან მეგობრული ხელშეკრულებების გაახლება, კართაგენიდანაც მოვიდნენ ელჩები ამ გამარჯვების მოსალოცად.

ორივე კონსული ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა, კონსულებზე არანაკლები დიდება ხვდა წილად პუბლიუს დეციუსსაც. კამპენში და სვესულაში ზამთარში გააგზავნეს სადარაჯო რაზმები სამნიტებისგან დასაცავად.

შემდეგ ძვ. წ. 342 წელს კონსულები გახდნენ გაიუს მარციუს რუტილუსი და კვინტუს სერვილიუსი. პირველ მათგანს ერგო კამპენი, ხოლო მეორე რომში დარჩა. ამ წელს მნიშვნელოვანი ბრზოლები არ მომხდარა.

ძვ. წ. 341 წელს სამნიტებმა ელჩები გააგზავნეს რომის სენატში ზავის დასადებად. რომის სენატი დათანხვდა და ომი ამით დასრულდა. სამნიტებმა გადაუხადეს რომაელ ჯარისკაცებს ერთი წლის ხელფასი და სამი თვის სანოვაგე მისცეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტუს ლივიუსი, რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან (რუსულად)