პიელონეფრიტი
პიელონეფრიტი | |
---|---|
დარგი |
უროლოგია ნეფროლოგია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 11052 |
ICD-10 | N10.-N12., N13.6, N20.9 |
ICD-9 | 590.0, 590.1, 590.3, 590.8, 590.81 |
MedlinePlus | 001274 |
Patient UK | პიელონეფრიტი |
MeSH | D011704 |
პიელონეფრიტი — თირკმლის მენჯის, ფიალებისა და თირკმლის პარენქიმის ინტერსტიციული ქსოვილის ინფექციურ-ანთებითი დაავადება. თირკმლის დაავადებათა შორის როგორც სიხშირით, ასევე სიმძიმით პირველ ადგილზეა, ხოლო ინფექციურ-ანთებით დაავადებებს შორის ზედა სასუნთქი გზების ანთების შემდეგ მეორეა. ქალები ავადდებიან 5-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
პიელონეფრიტი გამომწვევი მიზეზების მიხედვით იყოფა პირველადად და მეორეულად.
პირველადი პიელონეფრიტის გამომწვევი მიზეზია ჰემატოგენური (სისხლის) გზით გავრცელებული ინფექცია, ხოლო მეორეულის უროლოგიური პათოლოგიები, რომლებიც თანდართული აღმავალი ინფექციის პირობებში იწვევს შარდის პასაჟის დარღვევას: შარდ-კენჭოვანი დაავადება, საშარდე სისტემის განვითარების ანომალიები, პროსტატის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი და სხვ.
პირველადი პიელონეფრიტი უფრო ხშირია და მეტწილად ქალებში გვხვდება, მეორეული კი- მამაკაცებში.
მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე (სეროზული, ჩირქოვანი) და ქრონიკულ პიელონეფრიტს.
იმის მიხედვით, ცალი თირკმელია დაავადებული თუ ორივე, პიელონეფრიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი, იშვიათად ორმხრივი.
მწვავე პიელონეფრიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თირკმლის პარენქიმაში განვითარებული ცვლილებების მიხედვით განასხვავებენ მწვავე ჩირქოვანი პიელონეფრიტის შემდეგ ფორმებს: აპოსტემატოზურ პიელონეფრიტს, კარბუნკულსა და თირკმლის აბცესს.
გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვავე პირველადი პიელონეფრიტის გამომწვევი ბაქტერიული ფლორიდან უმთავრესად გვხვდება ნაწლავის ჩხირი, შემდეგ სტაფილოკოკი, ენტეროკოკი, იშვიათად კლებსიელდა.
მეორეული მწვავე პიელონეფრიტის მიზეზი ძირითადად ნაწლავის ჩხირია, რომელიც უმეტესად სხვა მიკრობებთან - ენტეროკოკთან, სტაფილოკოკთან, პროტეუსსა და ფსეუდომონასთან ერთად იწვევს დაავადების განვითარებას.
მწვავე პიელონეფრიტი ხშირია გოგონებსა და ორსულ ქალებში, აგრეთვე შესაძლოა განვითარდეს უროლოგიურ დაავადებათა კვლევის, სადიაგნოსტო და სამკურნალო მანიპულაციების (შარდსაწვეთის კათეტერიზაცია, აღმავალი ურეთროპიელოგრაფია და სხვ.) დროს.
კლინიკური სურათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვავე პიელონეფრიტი იწყება უეცრად, შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით, მოშარდვის აქტის დარღვევით, თან ახლავს ტკივილი მუცლისა და წელის არეში, საერთო სისუსტე, ოფლიანობა.
დიაგნოსტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოზი ემყარება ანამნეზს (ავადმყოფის გამოკითხვას), სისხლის და შარდის საერთო ანალიზს, თირკმლების ულტრაბგერით გამოკვლევას (ექოსკოპიას).
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველადი ჰემატოგენური პიელონეფრიტის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია (ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, ლუსფანიმალიდები, ფთორქინოლების ჯგუფი), ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულაცია, ვიტამინოთერაპია, ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისა და სითხის ჭარბად მიღება. მეორეული პიელონეფრიტის მკურნალობისას მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შარდის პასაჟის აღდგენა და პარალელურად ანტიბიოტიკოთერაპია.
ქრონიკური პიელონეფრიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრონიკული პიელონეფრიტი ქრონიკულად მიმდინარე თირკმლის ინტერსტიციული ქსოვილის ბაქტერიული ანთებაა. დაავადების გამომწვევი მიზეზების მიხედვით ქრონიკული პიელონეფრიტი შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. დაავადებულთა 25%-ში ქრონიკული პიელონეფრიტი ცალმხრივია, უფრო ხშირად მარჯვენამხრივი. დანარჩენ შემთხვევაში- ორმხრივი, ორივე თირკმლის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით. ქრონიკული პიელონეფრიტის გამომწვევ ბაქტერიულ ფლორას მიეკუთვნება ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, ენტეროკოკი, ფსეუდომონა, კლებსიელლა, ენტერობაქტერია და სხვ.
ქრონიკული პიელონეფრიტის დროს ინფექციური პროცესი თირკმლების სტრუქტურული ელემენტების ატროფიას, ანუ განლევას, განაპირობებს. ზოგჯერ დააავადება თირკმლების პროგრესირებადი უკმარისობით რთულდება, რომლის საბოლოო სტადიაზე საჭირო ხდება დიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია.
დაავადების კლინიკური მიმდინარეობა უაღრესად ცვალებადდია. ჩვეულებრივ, ის ძალზე ნელა პროგრესირებს, 20 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში. საბოლოოდ, ვითარდება თრიკმლის ქრონიკული უკმარისობა.
დიაგნოსტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაგნოზი დგინდება ანამნეზის, კლინიკურ-ლაბორატორიული, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევების მიხედვით. შარდში აღინიშნება ლეიკოციტების, ბაქტერიების, ცილისა და სისხლის ელემენტების შემცველობა, სისხლის საერთო ანალიზით- ანემია, ლეიკოციტოზი, ნეტროფილოზი, მაღალი ედს-ი.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეფექტიანი მკურნალობის აუცილებელი პირობაა საშარდე გზების ობსტრუქციის (დახშობის) მოხსნა და ანტიბაქტერიული თერაპია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015