პელაგია ნაცვლიშვილი
პელაგია ნაცვლიშვილი (დ. 1853, თბილისი — გ. 31 მაისი, 1878) — ქართველი ექიმი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პელაგია ნაცვლიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი ქალი და ქართველ ქალთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ფეფო ელიოზიშვილთან, კეკე მელიქიშვილთან და მარიამ წერეთელთან ერთად, სასწავლებლად შვეიცარიაში გაემგზავრა. სწორედ ეს კი ნამდვილად იყო, ნიკო ნიკოლაძის მცდელობის შედეგი. სწორედ მისი ინიციატივა იყო, თბილისისა და ქუთაისის ქალთა სასწავლებლების საუკეთესო მოსწავლეები განათლების მისაღებად ევროპაში გაეგზავნათ და მისი დამსახურებით ამ პერიოდში არაერთი სტუდენტი გააგზავნეს ევროპაში სასწავლებლად.
ჯერ კიდევ 1871-1878 წლებში ციურიხის უნივერისიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ქართველ სტუდენტთა საზოგადოება „უღელის“ საქმიანობაში, რომელიც მათ ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სერგეი მესხის ხელმძღვანელობით დააარსეს.
1875 წლის ზაფხულის სემესტრიდან პელაგია ციურიხში უკვე ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტთა შორისაა, სადაც წყვეტით ორ სემესტრს სწავლობს.
პელაგია ნაცვლიშვილმა, რომელიც ევროპაში სასწავლებლად ოჯახთან ერთად იყო ჩასული, უსახსრობის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და შვეიცარიაში, მოუწია ექიმად მუშაობა. შვეიცარიაში მძიმე სენით ტუბერკულოზით დაავადების გამო, იგი 1878 წლის 31 მაისს გარდაიცვალა. პელაგია დაკრძალულია ციურიხში.
"მაისის თვრამეტს გარდაიცვალა ციურიხში ყველა მისი ნაცნობის დიდად სამწუხაროდ პელაგია ნაცვალოვი. ამ ქალმა ადრე გაიგო ქალების საზიზღარი დამოკიდებული მდგომარეობა და გადაწყვიტა ან თავი დაახწიოს ამ მდგომარეობას და ან თან გადაჰყვეს. ამ აზრით წავიდა ის ამ ექვსი წლის წინათ სამზღვარ გარეთ და ყველა მისი ნაცნობები დაამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული ენერგიით მიჰყო სწავლას ხელი... ერთხელ ერთმა დაახლოვებულმა ნაცნობმა უთხრა იმას ჩემო, (მიცვალებულს ასე ეძახოდნენ), რა კი აგრე გულით და სულით მოგინდომებია სწავლის შესრულება პატარა ხანს მაგ შენს გულკეთილობას მოუკელი, მატერიალურად სხვებს კი ნუ ეხმარები, შენსავ თავს დაეხმარე. ჯერ შენს მიზანს მისწვდი და მერე გააკეთე რაც კეთილი საქმე გინდოდეს. აი იმან რა უპასუხა ეს იმას ემსგავსება, რომ ვინმემ თქვას ჯერ სხვებს გავქურდავ, გამდიდრდები და მერე გაჭირვებულებს დავეხმარები. არა ჩემო მეგობარო, მე მატერიალური ნაკულევანება არ მაშინებს, იმდენი ყოველთვის მაქვს, რომ კუჭის ცარიელობამ სწავლაში არ დამაპრკოლოს და თუ ყველაგვარ შეძლებას მოკლებული ვარ ეს უფრო გულ-და-გულ მამუშავებს, რომ ჩქარა ჩემი სწავლით მეტი შევიძინო და მეტის გაკეთებაც შემეძლოს"...[1]
რესურსები ინერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94/n59/ ბიოგრაფია დაარქივებული 2020-02-13 საიტზე Wayback Machine.
- პელაგია ნაცვლიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზეთი "დროება" # 138, 12 მკათათვე, 1878, პელაგია ნაცვალოვი, ნეკროლოგი.