შინაარსზე გადასვლა

ოქონის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქონის ხატი — ქართული ხელოვნების ნიმუში. იგი საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. ხატის აქტიური კვლევა XIX საუკუნის მიწურულიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა მეცნიერ-მკვლევართა მიერ შესწავლილი მასალის ურთიერთდაკავშირება და საერთო დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ არ მომხდარა.

„ოქონის ხატი“ თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან კი „ოქონის ხატი“ გორში იქნა დაბრძანებული, როგორც გორის მფარველი და მცველი.

ბიზანტიოლოგ თამარ მესხის მოსაზრებით ხატის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს მიქაელ მთავარანგელოზის მიერ კოლასეში მომხდარ სასწაულს, რომლის დროსაც დასატბორად განწირული ტაძარი იხსნა მიწის გარღვევით, რომელშიც ჩაღვარა კალაპოტშეცვლილი მდინარეებიდან წამოსული წყალი და ბრძანა „ამის დანახეთქსა შინა დაინთქენინ მდინარენი“. შემდგომში მთავარანგელოზს ეწოდა „დანმთქმელი“ (ბერძ. ო–ხონიატი). თ. მესხის აზრით ბერძნული სახელწოდების დაქარაგმებამ გამოიწვია სახელწოდება ოხონის/ოქონის დამკვიდრება.

„ოქონის ხატი“ ყოველთვის იყო მკვლევართა და მეცნიერთა ინტერესის საგანი. XIX საუკუნიდან აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რომელი ხატი იყო ნამდვილად ის ოქონის ხატი, რომელიც განსაკუთრებული პატივით ჩამოაბრძანეს საქართველოში. მკვლევართა ნაწილი ოქონის ხატად მიიჩნევს ღვთისმშობილის ხატს, ნაწილი ჯვარცმას, ბოლო პერიოდში თამარ მესხის მიერ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს იყო მთავარანგელოზ მიქაელის ხატი. ხატის შესახებ ინფორმაცია დაცულია ვახტანგ VI-ის მიერ გარსევანიშვილებისათვის მიცემულ ორ გუჯარში; ერთი 1708 წლისაა, აზნაურობის მაძიებელ გარსევანიშვილებს წარუდგენიათ 1864 წლის სპეციალური კომისიისთვის, რომელიც ყალბად ცნეს. მეორე გუჯარი კი უთარიღოა, სწორედ ეს გუჯარი გვატყობინებს, რომ ოქონის ხატი იყო ბაგრატ IV ბიზანტიელი მეუღლის, ელენე დედოფლის მზითვი, სხვა ხატებთან და ძვირფასეულთან ერთად „თანა მოუშორებელად ჰქონდა მუნვე სახელსა ზედა ოქონის ღვთისმშობლისასა“. ალექსანდრე გარსევანიშვილის მიხედვით სიწმინდეთა შორის იყო „ლურსმანი იესო ქრისტეს ჯვრისა და ნაწილი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლის სარტყლისა“ ხატისთვის თან გამოუყოლებიათ მისივე მცველი დეკანოზი ფილიმონი თავისი სახლობით, რომელიც ამავე დროს იყო დედოფლის მოძღვარი და გარსევანიშვილების წინაპარი. ალექსანდრე გარსევანიშვილისავე თქმით ხატი ბაგრატ IV-დან ვიდრე თამარ მეფემდე „იყო მეფის სასახლის ეკლესიასა შინა, დიდის პატივით, ქალაქს ტფილისს, ისანსა...“. უთარიღო გუჯარში ვკითხულობთ, რომ თამარ დედოფალმა დღევანდელი გორის ტერიტორიაზე ნახა ბერი ათანასე, აქვე „იხილა ბორცვი ერთი, რომელი არს გორაკა კლდე „ტონთიოდ“ სახელდებული“. სწორედ ამ ბორცვზე ააგებინა „ოქონის ღვთისმშობლის“ ეკლესია და აქვე დაასახლა გარსევანიშვილების წინაპრებიც, ალექსანდრე გარსევანიშვილი ათანასეს ასახელებს ფილიმონის შვილიშვილად, ასევე მოჰყავს თარიღი 1187 წელი, როდესაც აიგო ეს ტაძარი. 1868 წლის ცისკარში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამავე წელს თამარმა ააშენა გორი და ააგო მეორე ეკლესიაც, გორის ღვთისმშობლის ეკლესია, აქვე გვხვდება ცნობა, რომ პეტრე დოდაშვილმა მახლობლად კიდევ ერთი მცირე ეკლესია ააგო - ღვთისმშობლის მიძინებისა 6 სწორედ ამ ეკლესიაში უნებებია დედოფალს „ოქონის ხატის“ გადმობრძანება, ანუ თუ აღნიშნულს დავეყრდნობით 1189 წლიდან ოქონის ხატი დაბრძანებულ იქნა გორში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ე. წ. ოქონის ხატის საყდარში - ოქონაში. ხატის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ცნობაა დაცული ვახტანგ VI კიდევ ერთ გუჯარში, რომელიც მარი ბროსეს უნახავს და რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ რაც 1590 წელს ქართლის მეფე სვიმონ I ოფშკვითის ბრძოლაში დამარცხდა, ხატის მტვირთველი გარსევანიშვილი მოკლულ იქნა, ხატი კი „მეგრელებს და იმერლებს“ დარჩათ 1661 წლამდე, როდესაც შახნავაზ I დააბრუნა ხატი თავის ადგილას. ამ გუჯარზე დაყრდნობით მარი ბროსე აცხადებს, რომ ოქონის ხატი ინახებიდა გორის პატარა ეკლესიაში, მის აზრს იზიარებს ასევე დიმიტრი ბაქრაძე. ხატის ზემოთ აღნიშნულმა მრავალგზის გადაადგილებამ ქართველ მკვლევართა შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ სად ინახებოდა და რომელი ხატი იყო ნამდვილი ოქონის ხატი, გორის მცველი და მფარველი. გარსევანიშვილის მიხედვით „ხატი იკონიისა არის ხის სამკარიანი, გაბმული ერთი მეორეზედ რკინის ანჯამებით. შუაზე არის გამოსახული მაცხოვარი, მარჯვნივ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი და მარცხნივ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ნამდვილი ხატი ღვთისმშობლისა, იკონიის ქალაქიდან მოსვენებული, არის აწინდელი, გორის მიძინების პრიხოდის ეკლესია-ოქონა“. მოსაზრება აქვს გრაფინია პ. უვაროვას, რომელმაც ეკლესიაში ნახა ორი ხატი: ღვთისმშობლის ჭედური მოოქროვილი ხატი, რომელიც მისივე აღნიშვნით ქართული ნახელავი იყო და ტრიპტიქი, რომლის უკან ყოფილა მხედრული წარწერა, რომლის ამოკითხვა ვერ შეძლო. ამ ტრიპტიქზე გამოსახული იყო სამი ხატი: მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. აღნიშნული ხატი პარასკევა უვაროვამ ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ჩათვალა რომ არც ისე ძველი იყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ 1850-იან წლებში გოლიცინს ხატი სიძველის გამო სითხით გაუწმენდია, ხოლო 1863 წელს მღვდელმა იესე იაკობის ძე გარსევანიშვილმა ვერცხლით შეაჭედინა და ამის გამო ტოვებდა ერთი შეხედვით ნაკლებ ხანდაზმულობის იერს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ პარასკევა უვაროვა სპეციალური მისიით იყო მოვლინებული საქართველოში; უნდა შეესწავლა ქართული საგანძური, რომელსაც მეფის რუსეთი შემდეგში თვითონ მიითვისებდა, ქართული საგანძურის და სიწმინდეთა მნიშვნელობის დამცრობა კი უვაროვას პირდაპირი მოვალეობა იყო. გამორიცხულია მას არ სცოდნოდა ამ ხატის რეალური ღირებულება და ესოდენ დიდი მნიშვნელობა. განსხვავებული აზრი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც გამორიცხავს, როგორც ალექსანდრე გარსევანიშვილის ასევე პარასკევა უვაროვას ვარაუდს. მკვლევარს მტკიცებულებად მოჰყავს 1717 წლის ვახტანგ VI გუჯარი, სადაც გადმოცემულია „ოქონის ხატის“ ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი „მოგზაურობა“, თაყაიშვილის მტკიცებით, ხატზე რომელსაც ის მიიჩნევს ოქონის ხატად, სწორედ გუჯარში მოთხრობილი ისტორიაა აღწერილი. 1717 წლის გუჯარში აღწერილ ისტორიასთან კი საერთო არ აქვს არც გორში დაცულ და არც სოფელ ოქონაში პარასკევა უვაროვას მიერ ნანახ ხატთან. „ოქონის ხატის საფუძველს შეადგენდნენ ნაწილები წმინდანების რიცხვით 80, რომელნიც უჯრებად არიან დაყოფილნი და თითოეულს წმინდანის ნაწილს თავის ბუდე აქვს. ამათში ურევია თვით სამსჭვალიც უფლისა პატარა ოქროს მინანქრიან სვეტის მსგავს ბუდეში ჩასმული... ნაწილების წინაპირს დაფარული აქვს მინა და მინას ზემოდ ხატი ჯვარცმისა“, რომელიც შინაარსით განიყოფა ორ ნაწილად. ეს ჯვარცმის ხატი თავისი ნაწილებითურთ ჩასვენებულია ვერცხლის კუბოში, მეცნიერი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია ნაწილებს ზემოდან ბიზანტიური წარმომავლობის სხვა ხატი ჰქონოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი მტრების მიერ განიძარცვა. წლების მანძილზე ოქონის ხატის ირგვლივ ჩატარდა არაერთი გამოკვლევა და ზემოთ აღნიშნულ ზოგიერთ საკითხს ნათელი მოეფინა; აღნიშნული გაუგებრობანი გამოწვეული იყო: ა) ოქონის ტრიპტიქონთან ერთად წამობრძანებული რამდენიმე სიწმინდისათვის დაახლოებით XIV საუკუნეში ცალკე ჯვარცმის და სანაწილის შექმნით. ბ) ოქონის ტრიპტიქონისა და ჯვარცმის პერიოდული დაშორებით, რამაც განაპირობა, სხვადასხა პერიოდის სიგელგუჯრებში ჯერ მხოლოდ ჯვარცმის დასახელება, შემდეგ ცალკე „ოქონის ხატის“, ამჟამად კი ოქონის ხატი აღნიშნავს „ოქონის ტრიპტიქონს“, „ოქონის ჯვარცმა“ კი მოიხსენიება, როგორც გარსევანიშვილების საწინამძღვრო ჯვარცმა, სწორედ ეს უკანასკნელი აქვს აღწერილი თაყაიშვილს სანაწილესთან ერთად.


1717 წლის ვახტანგ VI-ის გუჯარში იკითხება: „...რაჟამს სულით და ხორცით განბრწყინვებულს და ღვთისაგან განძლიერებულს და სამართლად წყალობა მინიჭებულს მეფეს ბაგრატს რომანოზს კეისრის ქალი ეთხოვნა, დედოფალი ელენე, თან ზითვად მოჰყოლოდა ოქონის ხატები და შენი სახლის კაცი დეკანოზად, მას დღესა ყოფილიყო ქრისტეს აქეთ ქორონიკონი: ჩჲჱ: მუნითგანვე განკეთნილ იყავით ხელმწიფედ ჯვარის და ოქონის ხატის მტვირთველად, ლაშქარსა და ნადირობასა წინამძღოლად, ვიდრე სვიმონ მეფემდე... ...ვინც ესე ჩვენგან შეწირულობა და გარსევანაშვილებისათჳნ ნაწყალობევი ყმა და მამული გამოხვებად და გამორთმევად ხელ-ჰყოს, შერისხდი შენ საშინელო მრავალნაწილიანო ოქონის ხატო ჯვარცმისაო, და ჩვენის ცოდვისათვინ იგი განიკითხოს დღეს მას მეორედ მოსვლისასა...“

დღესდღეოსობით ოქონის ხატის სახელით რამოდენიმე ხატია ცნობილი:

ოქონის ღვთისმშობლის ხატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქონის სპილოს ძვლის ტრიპტიქონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოქონის ვედრების ტრიპტიქონი დღეს

ოქონის ხატის სახელით ცნობილი სპილოს ძვლის ტრიპტიქონი. მასზე ვედრების სცენაა გამოსახული (ზომები: სიმაღლე — 23 სმ., სიგანე გახსნილი სახით — 30 სმ., სისქე — 2.5 სმ.). ტრიპტიქონის ფრთებზე წარმოდგენილნი არიან წმინდანები. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშადაა აღიარებული და დათარირებულია X-XI საუკუნეებით. ხატს 1991 წლამდე აკრავდა ვერცხლის გარსაკრავი, რომელიც კარების უკანა მხარეს ჰქონდა. გააჩნდა მოოქროვილი ფირფიტები, 30 ძვირფასი თვალი — ძოწი, ფირუზი, დიდი სარდიონი და სხვა. ვერცხლის გარსაკრავს ამშვენებდა ასომთავრული წარწერაც, სადაც მოხსენიებული იყო კათალიკოსი ევდემონი. ოქონის ტრიპტიქონი ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ვიკიციტატა
„ოქონის ხატო შეიწყალე კათალიკოზი ევდემონ უღირსი, ამინ!“

ხატი ზემო ოქონის ეკლესიას ეკუთვნოდა. 1924 წელს, იგი ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ცხინვალის მუზეუმში სოფელ ოქონას მოძღვარმა მიიტანა. აღნიშნული ხატი მუზეუმში 1924-1991 წლებში ინახებოდა.

1984 წელს, ცხინვალის მუზეუმში ფოტოგრაფ ოთარ ცქვიტინიძესთან ერთად იმყოფებოდა ხელოვნებათმცოდნე ლეილა ხუსკივაძე, რომელიც ოქონის ხატს მონოგრაფიულად ჯერ კიდევ 1965 წლიდან სწავლობდა. მათ ხატი ადგილზე დეტალურად შეისწავლეს და გადაიღეს.

1991 წლებში სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს ხატი მუზეუმიდან გაიტაცეს.

2001 წელს ჟენევაში რუსეთის მოქალაქემ ოლეგ ზემლიანიკოვმა პერანგშემოძარცვული ოქონის ტრიპტიქონი კრისტის აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. მისი მტკიცებით ხატი მამამისის დანატოვარი იყო, რომელმაც იგი თავის დროზე ბაზარზე შეიძინა 60 დოლარად. ხატის გამყიდველს აინტერესებდა მისი სარეალიზაციო ფასი. ექსპერტებმა იგი 2 მილიონ დოლარად შეუფასეს, მაგრამ იქვე დაუმატეს, რომ მეტი სიცხადისათვის მიემართა ექსპერტ კაზამირა პლაჩკოვასთვის. რამოდენიმე დღეში ზემლიანიკოვი გამოცხადდა პლაჩკოვასთან. პლაჩკოვამ თავის მხრივ განუმარტა მას, რომ ხატი მოპარული იყო მუზეუმიდან. ზემლიანიკოვი დააპატიმრეს (მოგვიანებით 20 000 ფრანკის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს), ხოლო ხატი ჟენევის იუსტიციის სასახლის შენობაში გააგზავნეს, სადაც იგი მისი სიტუაციის გარკვევამდე 2004 წლის მაისამდე ინახებოდა.

2004 წლის 18 მაისს მოხდა ოქონის ტრიპტიქონის ქართული მხარისათვის გადაცემა. მას ესწრებოდა შვეიცარიისა და საქართველოს მხრიდან შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები. საქართველოდან მივლინებულნი იყვნენ: საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი ლ. ხუსკივაძე, ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მცველი ე. კავლელაშვილი, გენერალური პროკურატურის მოადგილე ვ. ხაბურძანია და უშიშროების სამინისტროს საგამომძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარე გ. ღვინიაშვილი[1]. 2004 წლიდან ხატი თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

2002 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ ეს ხატის „სამხრეთ ოსეთის ხალხის მონაპოვარი და კულტურული მემკვიდრეობა“ იყო და ამიტომ იგი აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა მათ. სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ ეროვნული მუზეუმის დირექტორმა მერაბ ზოსეევმა თქვა, რომ „ხატი, ლეგენდის მიხედვით, მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა, ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და ცხინვალის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე ინახებოდა“[2].

ოქონის ჯვარცმა, კიოტის გახსნილი კარებებით

ოქონის ჯვარცმის სახელით ცნობილი ქართველ მეფეთა საწინამძღვრო ხატი. ხატი ჭედურია, ოქროსო, სამკარედიანი (ზომები: 34×24×5.5 სმ), შემკულია ძვირფასი თვლებით, მაცხოვრის წმინდა გიორგის და წმინდა დიმიტრის გამოსახულებებით. ხატის მოჭედილობაზე იკითხება სხვადასხვა დროის ქართველ მეფე-მთავართა წარწერები.

ხელოვნებათმცოდნეთა დასკვნის თანახმად, ხატი შექმნილია XIV საუკუნეში ქართველი ოსტატის მიერ. 1724 წელს ხატი ვახტანგ VI-მ რუსეთში წაიღო. XIX საუკუნის ბოლოს მისმა შთამომავალმა, გრაფინია ტოლსტაიამ იგი თავის ნათესავს სამთავროს მონასტრის იღუმენია ნინოს (ამილახვარი) გადასცა. წლების განმავლობაში ხატი სამთავროს მონსატერში ინახებოდა. შემდეგ გადაეცა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. 1921 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა იგი ქართულ საგანძურთან ერთად პარიზში წაიღო. 1945 წელს საგანძური დაუბრუნდა საქართველოს და ამჟამად ინახება თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ოქონის ჯვარცმის ხატი აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს. ჯვარცმის ხატი მოთავსებული იყო კიოტში, რომელშიც მოთავსებული იყო თავად ოქონის ჯვარცმა (ზომები: 28×21.3 სმ). ოქონის ჯვარცმის ხატი შედგება ორი ნაწილისაგან: ვერცხლის სანაწილისა და მოოქროვილი ვერხლის ჭედური ფირიფიტისაგან წარმოდგენილი ჯვარცმის სიუჟეტით. ვერცხლის სანაწილეს ირგვლივ გვერდებიდან დაჰყვება ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„წმიდისა ღუთისა სიტყუაო, ხატისა შენისა ხსნისათვის, კაცთატვისა, მიმღებელო ხატისა ამის შენისა, ტრფიალებითა მათ მიერ მამკობელი, მეფეთ მეფე გიორგი, ნუმცა ვიქცევი სირცხვილეული, ამინ.“

ასევე სხვა ასომთავრული წარწერაც:

ვიკიციტატა
„ქრისტე, ადიდე მეფეთა მეფე გიორგი, დედოფალთ დედოფალი რუსუდან, ძე მათი ბაგრატ.“

კიოტი წარმოადგენს ორფრთიან კარედს, რომელზეც დახურულ მდგომარეობაში წინიდან იკითხება შემდეგი ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„წ. ჩვენ ღვთივ გვირგვინოსანმან და შენ მიერვე ძლევა მოცემულმან მეფემან შანავაზ მეორედ შევამკუე ოქონის ხატის კუბოჲ ესე ოქროთა, ჩვენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩვენისა წარსამართებელად და ძეთა ჩვენთა აღორძინებად, რათა მეოხ და მფარველ გვეყოს ჩვენ, ამინ.“

ფრთებზე ღია მდგომარეობაში იკითხება შემდეგი მხედრული წარწერა:

ხოლო, უკან წარმოდგენილი იყო ლევან დადიანის 11 სტრიქონიანი მხედრული წარწერა.

ვიკიციტატა
„ქ. ეჰა ძვირ უხსენებელო, გონება მიუწდო
მელო, ცისა და ქუეყნის შემქმნელო, ყოვლის ფერ
ის დამბადებელო ღ(მერთ)ო, ძეო, მაცხოვარო, ქრისტე,
მეუფეო, ჯვარცმაო ოქონისაო, რომელმან
მოვაჭედინეთ კუბო ესე ვერცხლითა, ჩუენ,
დადიანმა პატრონმან ლევან, მის კურთხე
ულისა, ჩუენისა, ამ სოფლისა თვალის სინ
ათლისა, დედოფლისა, პატრონისა ნეს
ტანდარეჯანისა სულისა სახსრად და
საოხად, რათა იხსენ ყოულისა
სატანჯველისაგან. ლევან[3][4].“

ოქონის ფერწერული ხატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოქონის ფერწერული ხატი

ოქონის ხატის სახელით ასევე ცნობილია ს. მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დაცული ფერწერული ხატი, რომელიც თავდაპირველად გორის ოქონის ეკლესიაში ინახებოდა. მასზედაც გამოსახულია ვედრების კომპოზიცია, ადრე მოჭედილი ყოფილა ვერცხლით.

ოქონის ვედრების ტრიპტიქონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოქონის ვედრების ტრიპტიქონი

XVI საუკუნის მეორე ნახევრის ჭედური (ზომები: 26×14.5 სმ) მოოქრული ვერცხლის კარედი ხატი, ცენტრში ვედრების კომპოზიციით, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის ძის კონსტანტინეს შენაწირი. დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში[5].

ოქონის გულსაკიდი ხატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში, კერძოდ კი კრემლის იარაღის პალატაში, დაცულია 1688 წელს მეფე არჩილ II-ის შეკვეთით დამზადებული ხატი. როგორც ხატზე განთავსებული დამათარიღებელი წარწერიდან დგინდება, აღნიშნული „გულსაკიდი“ ხატი, „ყოვლისმპყრობელი ოქონის ხატის“ სახელზეა შესრულებული[6].

ცხოველსმყოფელო ოქონის ხატო შემწე იქმენ მეფესა არჩილს და დედოფალს ქეთევანს ძეთა და ასულთა მათთა. ქკს ტოვ (1688)

ოქონის მთავარანგელოზის ხატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„ოქონის ხატის“ ვიზუალური გამოსახულება თ. მესხის მიხედვით

ბოლო დროს გამოითქვა სრულიად ახალი ვარაუდი, რომელიც ბიზანტიოლოგ თამარ მესხს ეკუთვნის, მისი თქმით გორის მფარველი „ოქონის ხატი“ არის მთავარანგელოზი მიქაელის; ხატზე მთავარანგელოზთან ერთად გამოსახულია ბერი არქიპო (ათანასე) ამ ხატის ბერძნული სახელია — „ტო ენ ჰონეს საუმა“. „ჰონეს" ნიშნავს სასწაულს, მთავარანგელოზის ეპითეტია „ოხონიატა“ და არტიკლის და სახელის შერწყმით მივიღეთ „ოქონი“. აღნიშნული მოსაზრება მეტად საინტერესოა, მით უფრო, როგორც მეცნიერი აღნიშნავს ემყარება ბერძნულ წყაროებს, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არსებობს წყარო, სადაც გორის მფარველად მთავარანგელოზი მიქაელია დასახელებული.

  • მესხი თ., „ოქონის ხატის რაობისა და ისტორიისათვის“, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ხუსკივაძე ლ., ჟურნ. „კაკადუ“, №82, თბ., 2004, გვ. 32-35
  2. გორის მფარველ ოქონის ხატს ოსები გვედავებიან – ქართველების სიწმინდე კრისტის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად შეფასდა
  3. მირიანაშვილი ლ., „ლევან II დადიანის საფასით მოჭედილ ხატებზე შესრულებული ტექსტები, როგორც შეწირულობის გაღების გზით აღაპის გაჩენის უზრუნველმყოფელი იურიდიული დოკუმენტები“//Georgian Source Studies, XXV, 2023, გვ. 116
  4. Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества, Вып. 12. - 1909, გვ. 120-131
  5. საყვარელიძე თ., ალიბეგაშვილი გ., „ქართული ჭედური და ფერწერული ხატები“, თბ., 1980, ტაბ. 58
  6. დიდებაშვილი ნ., „ოქონის ხატი მოსკოვის თოფხანიდან“, ამირანი, XXVIII, 2016