ოტო (ბავარია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო
ბავარიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 13 ივნისი, 1886
მმართ. დასასრული: 5 ნოემბერი, 1913
წინამორბედი: ლუდვიგ II
მემკვიდრე: ლუდვიგ III
რეგენტი: პრინცი ლუიტპოლდი
(1886-1912)
პრინცი ლუდვიგი
(1912-1913)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 აპრილი, 1848
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 5 ნოემბერი, 1913, (68 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
სრული სახელი: ოტო ვილჰელმ ლუიტპოლდ ადალბერტ ვალდემარი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან II, ბავარიის მეფე
დედა: მარია პრუსიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ოტო (გერმ. Otto), სრული სახელია ოტო ვილჰელმ ლუიტპოლდ ადალბერტ ვალდემარ ფონ ვიტელსბახი (გერმ. Otto Wilhelm Luitpold Adalbert Waldemar von Wittelsbach; დ. 27 აპრილი, 1848, მიუნხენი, ბავარია ― გ. 5 ნოემბერი, 1913, მიუნხენი, ბავარია) ― ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე 1886-1913 წლებში. მეფე მაქსიმილიან II-ისა და დედოფალ მარია პრუსიელის ძე. ლუდვიგ II-ის უმცროსი ძმა. მისი ფსიქიკური არასტაბილურობის გამო მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ქვეყანას ჯერ ბიძამისი, შემდეგ კი მისი ბიძაშვილი მართავდა, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილიც დაიკავა ტახტზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტო დაიბადა 1848 წლის 27 აპრილს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია პრუსიელის მეორე და ნაბოლარა ვაჟი. მას სახელი ბიძის, საბერძნეთის მეფე ოტონის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მისი ნათლიაც იყო. იგი თავის უფროს ძმასთან, კრონპრინც ლუდვიგთან ერთად იზრდებოდა ჰოენშვანგაუს სასახლეში.

პრინცი ოტო დაახლოებით 1875 წელს

1863 წლიდან ოტომ ბავარიის სამხედრო ძალებში დაიწყო მსახურობა. 1864 წლის მაისში იგი ლეიტენანტის ჩინსაც იღებს. 1866 წლის აპრილიდან იგი ბავარიის სამეფო ძალების კაპიტანი ხდება. იმავე წელს იგი მონაწილეობს ავსტრია-პრუსიის ომში, 1870-71 წლებში კი კავალერისტად მონაწილეობდა საფრანგეთ-პრუსიის ომშიც. 1871 წლის 18 იანვარს, როდესაც პრუსიის მეფე ვილჰელმ I-მა თავი გერმანიის იმპერატორად გამოაცხადა, პრინცი ოტო და ბიძამისი, ლუიტპოლდი წარმოადგენდნენ ოტოს ძმას, მეფე ლუდვიგ II-ს, რომელმაც უარი თქვა ამ საქმეში მონაწილეობაზე.

საფრანგეთ-პრუსიის ომმა მასზე საშინელი გავლენა იქონია. ამის შემდეგ იგი ძალიან დეპრესიული და ნერვიული გახდა, რაზეც მისი ოჯახის წევრები დიდად ღელავდნენ. მისი მდგომარეობა დამძიმებას განაგრძობდა, სანამ საბოლოოდ არ შეიშალა ჭკუიდან. ცნობილია ერთი ინციდენტი, როდესაც 1875 წლის შობაზე პრინცი ოტო არ დაესწრო საშობაო მესას, თუმცა შუა მესისას იგი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შევარდა ეკლესიაში, მუხლებზე დაეცა და ეპისკოპოს გრეგორ ფონ შერს ცოდვების მიტევება სთხოვა. ამის შემდეგ იგი შლაისჰაიმის სასახლეში გადაიყვანეს, სამეფო კარისაგან მოშორებით. ცნობილია, რომ 1876 წელს იგი ლუდვიგშტატის სასახლის მიმდებარე ტყეში იყო დაკარგული რამდენიმე კვირის განმავლობაში. იგივე განმეორდა 1880 წელსაც, რის შემდეგაც იგი ექიმებმა მუდმივ მკურნალობაზე დასვეს, რომელიც თერაპიასა და ზუსტ დროს ზუსტი მედიკამენტების მიღებას გულისხმობდა.

როგორც ცნობილია, ოტოს სიფილისიც ჰქონდა, რის გამოც ხშირად ვარაუდობენ, რომ მისი მენტალური და ფიზიკური დაავადებები სწორედ მისი გამოწვეული იყო და არა ომის შემდგომი ტრამვების.

1886 წლის 13 ივნისს მისი უფროსი ძმა, ლუდვიგ II უშვილოდ გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, რის გამოც ბავარიის ახალი მეფე სწორედ ოტო ხდება. ბავარიის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას მხოლოდ ფორმალურად მიენიჭა მმართველის წოდება, რეალურად კი ქვეყანას ბიძამისი, პრინცი ლუიტპოლდი მართავდა რეგენტის სტატუსით. მას შემდეგ, რაც 1912 წელს ლუიტპოლდი გარდაიცვალა, რეგენტობა მის ძეს, ლუდვიგს გადაეცა.

თავად ოტო 1913 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა, 68 წლის ასაკში, დაუქორწინებელი და უშვილო, რის გამოც ტახტს მისი ბიძაშვილი, ლუდვიგ III იკავებს, რომელიც ბავარიის უკანასკნელი მეფე გახდა, რამეთუ 1918 წელს მთელს გერმანიაში მონარქია დაემხო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cajetan von Aretin: Die Erbschaft des Königs Otto von Bayern. Höfische Politik und Wittelsbacher Vermögensrechte 1916 bis 1922, in the series Schriftenreihe zur bayerischen Landesgeschichte, vol. 149, C. H. Beck Verlag, Munich, 2006, ISBN 3-406-10745-1, also: thesis, University of Munich, 2006
  • Heinz Häfner: Ein König wird beseitigt. Ludwig II von Bayern, C. H. Beck Verlag, Munich, 2008, ISBN 978-3-406-56888-6, p. 330 ff
  • Greg King, The Mad King: A Biography of Ludwig II of Bavaria, Birch Lane Press, 1996, ISBN 1-55972-362-9
  • Christopher McIntosh: The Swan King: Ludwig II of Bavaria, I.B. Tauris & Co., Ltd., 2012, ISBN 978 1 84885 847 3
  • Catherine Radziwill, The Tragedy of a Throne, Cassell and Company, Ltd., 1907.
  • Arndt Richter: Die Geisteskrankheit der bayerischen Könige Ludwig II. und Otto. Eine interdisziplinäre Studie mittels Genealogie, Genetik und Statistik, Degener & Co., Neustadt an der Aisch, 1997, ISBN 3-7686-5111-8
  • Alfons Schweiggert: Schattenkönig. Otto, der Bruder König Ludwig II. von Bayern, ein Lebensbild, Ehrenwirth, Munich, 1992, ISBN 3-431-03192-7